რიცხვები
13 იეჰოვამ მოსეს უთხრა: 2 „გაგზავნე კაცები ქანაანის მიწის დასაზვერად, რომელსაც ისრაელებს ვაძლევ. თითო ტომიდან თითო კაცი გაგზავნე, თავკაცები“.+
3 გაგზავნა მოსემ ისინი ფარანის უდაბნოდან+ იეჰოვას ბრძანებისამებრ. ყველანი ისრაელის თავკაცები იყვნენ. 4 ესენი იყვნენ: შამუა, ზაქურის ვაჟი, რეუბენის ტომიდან; 5 შაფატი, ხორის ვაჟი, სიმონის ტომიდან; 6 ქალები,+ იეფუნეს ვაჟი, იუდას ტომიდან; 7 იგალი, იოსების ვაჟი, ისაქარის ტომიდან; 8 ჰოშეა,+ ნავეს ვაჟი, ეფრემის ტომიდან; 9 ფალტი, რაფუს ვაჟი, ბენიამინის ტომიდან; 10 გადიელი, სოდის ვაჟი, ზებულონის ტომიდან; 11 გადი, სუსის ვაჟი, იოსების ტომიდან,+ მენაშეს ტომიდან;+ 12 ამიელი, გემალის ვაჟი, დანის ტომიდან; 13 სეთური, მიქაელის ვაჟი, აშერის ტომიდან; 14 ნახბი, ვოფსის ვაჟი, ნაფთალის ტომიდან; 15 გეუელი, მაქის ვაჟი, გადის ტომიდან. 16 ესენი გაგზავნა მოსემ მიწის დასაზვერად. მოსემ ჰოშეას, ნავეს ძეს, სახელი გადაარქვა; მას იესო*+ დაარქვა.
17 როდესაც მოსე ქანაანის მიწის დასაზვერად გზავნიდა მათ, უთხრა: „ამ გზით წადით ნეგებში და იქიდან მთიან მხარეში გადადით;+ 18 დაზვერეთ იქაურობა და ნახეთ,+ როგორი ხალხი ცხოვრობს, ძლიერები არიან თუ არა, ცოტანი არიან თუ ბევრნი, 19 როგორი მიწაა, კარგი თუ ცუდი, გალავნიან ქალაქებში ცხოვრობენ თუ უგალავნოში, 20 როგორი ნიადაგია, ნოყიერია თუ არა,+ არის იქ ხეები თუ არა; არ შეგეშინდეთ+ და წამოიღეთ იმ მიწის ნაყოფი“. იმ დროს ყურძენი უკვე მწიფდა.+
21 წავიდნენ და დაზვერეს ქანაანის მიწა ცინის უდაბნოდან+ რეხობამდე+ და რეხობიდან ლებო-ხამათამდე.+ 22 ჩავიდნენ ნეგებში; შემდეგ ხებრონში+ წავიდნენ. იქ ანაკიმები+ — ახიმანი, შეშაი და თალმაი+ ცხოვრობდნენ. ხებრონი ეგვიპტის ცოანზე შვიდი წლით ადრე აშენდა. 23 მივიდნენ ეშქოლის ხევში,+ მოჭრეს ვაზის მტევნიანი რქა და ორმა კაცმა კეტით წამოიღო; წამოიღეს ბროწეულიცა და ლეღვიც.+ 24 იმ ადგილს ეშქოლის* ხევი+ უწოდეს იმ მტევნის გამო, რომელიც ისრაელებმა მოჭრეს იქ.
25 იმ მიწას 40 დღე+ ზვერავდნენ და შემდეგ დაბრუნდნენ. 26 მივიდნენ მოსესთან, აარონთან და ისრაელის მთელ კრებულთან ფარანის უდაბნოში, კადეშთან.+ მიუტანეს ამბავი მთელ ხალხს და აჩვენეს იმ მიწის ნაყოფი. 27 აი, რა უამბეს მოსეს: „დავზვერეთ ის მიწა, შენ რომ გაგვგზავნე. იქ მართლა რძე და თაფლი მოედინება;+ აი მისი ნაყოფი.+ 28 თუმცა იმ მიწაზე გალავნიანი ქალაქებია და ძლიერი ხალხი ცხოვრობს. იქ ანაკიმებიც ვნახეთ.+ 29 ნეგების+ მიწაზე ამალეკელები+ ცხოვრობენ, მთიან მხარეში — ხეთელები, იებუსელები+ და ამორეველები,+ ზღვის პირას+ და მდინარე იორდანის გასწვრივ კი — ქანაანელები“.+
30 ქალებ იეფუნეს ძემ მოსესთან მყოფი ხალხის დამშვიდება სცადა: „ახლავე წავიდეთ; დავიპყრობთ იმ მიწას, უეჭველად გავიმარჯვებთ“.+ 31 მაგრამ დანარჩენმა მზვერავებმა მიუგეს: „ჩვენ ვერ გავილაშქრებთ მათ წინააღმდეგ; ისინი ჩვენზე ძლიერები არიან“.+ 32 გულს უტეხდნენ ისრაელებს+ და იმ მიწის შესახებ, რომელიც დაზვერეს, ეუბნებოდნენ: „მიწა, რომელიც დავზვერეთ, ნთქავს მასზე მცხოვრებთ. ვინც კი ვნახეთ, ყველანი უჩვეულოდ დიდები არიან.+ 33 ვნახეთ ბუმბერაზები*, ანაკის შთამომავლები,+ ბუმბერაზთა შთამომავლები. მათ გვერდით კალიებივით ვჩანდით“.