გამოსვლა
5 მივიდნენ მოსე და აარონი ფარაონთან და უთხრეს, ასე შემოგითვალაო იეჰოვამ, ისრაელის ღმერთმა: „გაუშვი ჩემი ხალხი, რომ დღესასწაული გამიმართონ უდაბნოში“. 2 ფარაონმა მიუგო: „ვინ არის იეჰოვა,+ რომ დავემორჩილო და გავუშვა ისრაელი?!+ მე არც იეჰოვას ვიცნობ და არც ისრაელს გავუშვებ“.+ 3 მათ უთხრეს: „ებრაელთა ღმერთი გამოგვეცხადა. გვინდა, წავიდეთ უდაბნოში სამი დღის სავალზე და მსხვერპლი შევწიროთ ჩვენს ღმერთს, იეჰოვას.+ თუ არ წავალთ, ან მახვილით მოგვიღებს ბოლოს ან სნეულებით“. 4 ეგვიპტის მეფემ მათ მიუგო: „მოსე, აარონ, ნუ აცდენთ ხალხს! წადით, იმუშავეთ!“+ 5 ფარაონმა უთხრა მათ: „ამ მიწაზე ძალიან ბევრნი ხართ და ამდენი ხალხის მოცდენა შეიძლება?!“
6 ფარაონმა იმ დღესვე უბრძანა ზედამხედველებსა და მათ დამხმარეებს: 7 „აღარ მისცეთ ამ ხალხს ნამჯა აგურების საკეთებლად.+ წავიდნენ და თვითონ მოაგროვონ. 8 ისევ იმდენი აგური გააკეთებინეთ, რამდენსაც აქამდე აკეთებდნენ; არ შეუმციროთ სამუშაო, რადგან გაზარმაცდნენ. ამიტომაც გაიძახიან, წავალთ და ჩვენს ღმერთს მსხვერპლს შევწირავთო! 9 უფრო მძიმედ ამუშავეთ, საქმე არ მოაკლოთ, რომ ფუჭ სიტყვებს არ დაუგდონ ყური“.
10 წავიდნენ ზედამხედველები+ და მათი დამხმარეები და ხალხს უთხრეს, ასე თქვაო ფარაონმა: „აღარ მოგცემთ ნამჯას. 11 წადით და სადაც ნახავთ, იქიდან მოიტანეთ! სამუშაო ოდნავადაც არ შეგიმცირდებათ!“ 12 გაიფანტა ხალხი მთელი ეგვიპტის მიწაზე ყანებში დარჩენილი ღეროების მოსაგროვებლად. 13 ზედამხედველები მათ ეუბნებოდნენ, ყოველდღე იმდენი გააკეთეთ, რამდენსაც მაშინ აკეთებდით, ნამჯას რომ გაძლევდითო. 14 ფარაონის მიერ დაყენებული ზედამხედველები სცემდნენ ებრაელ დამხმარეებს+ და ეჩხუბებოდნენ, რატომ არ გააკეთეთ დღეს და გუშინ იმდენი აგური, რამდენსაც აქამდე აკეთებდითო.
15 მივიდნენ ზედამხედველების დამხმარეები ფარაონთან და შესჩივლეს: „რატომ ექცევი ასე შენს მსახურებს? 16 ნამჯას აღარ აძლევენ შენს მსახურებს და თან გვეუბნებიან, აგურები გააკეთეთო; შენს მსახურებს სცემენ, დამნაშავე კი შენი ხალხია“. 17 მან მიუგო: „გაზარმაცდით, გაზარმაცდით+ და ამიტომაც გაიძახით, წავალთ და ჩვენს ღმერთს, იეჰოვას, მსხვერპლს შევწირავთო!+ 18 წადით, იმუშავეთ! ნამჯას არ მოგცემთ, მაგრამ მაინც იმდენივე აგურს გააკეთებთ, რამდენსაც აქამდე აკეთებდით“.
19 დაინახეს ზედამხედველთა დამხმარეებმა, რომ უარეს გასაჭირში აღმოჩნდნენ, რადგან მათ ყოველდღიურად იმდენივე აგური უნდა გაეკეთებინათ, რამდენსაც მანამდე აკეთებდნენ. 20 ფარაონისგან გამოსულები მოსესა და აარონს შეხვდნენ, რომლებიც იქვე ელოდნენ, 21 და უთხრეს: „დაინახოს იეჰოვამ, რაც გააკეთეთ, და განგსაჯოთ; რატომ შეაძულეთ ჩვენი თავი ფარაონსა და მის მსახურებს? გინდათ, რომ დაგვხოცონ?!“+ 22 მოსემ იეჰოვას მიმართა: „იეჰოვა, რატომ დაატეხე უბედურება ამ ხალხს? რატომ გამომგზავნე? 23 მას შემდეგ, რაც ფარაონს შენი სახელით ველაპარაკე,+ უარეს დღეში აგდებს ამ ხალხს,+ შენ კი ჯერაც არ გიხსნია შენი ხალხი“.+