დაბადება
16 აბრამის ცოლი სარაი უშვილო იყო.+ სარაის ჰყავდა ეგვიპტელი მოახლე, აგარი.+ 2 სარაიმ აბრამს სთხოვა: „მომისმინე. იეჰოვამ შობის უნარი წამართვა. დაწექი ჩემს მოახლესთან, იქნებ მისგან შემეძინოს შვილები“.+ აბრამი სარაის სიტყვისამებრ მოიქცა. 3 ქანაანში აბრამის ცხოვრებიდან ათი წელი იყო გასული, როცა მისმა ცოლმა, სარაიმ, მას თავისი ეგვიპტელი მოახლე აგარი მიუყვანა. 4 დაწვა ის აგართან და დაორსულდა იგი. როცა გაიგო, რომ ორსულად იყო, ზემოდან დაუწყო ყურება თავის ქალბატონს.
5 მაშინ სარაიმ აბრამს უთხრა: „შენი ბრალია, მე რომ შეურაცხყოფილი ვარ. მე მოგიწვინე ჩემი მოახლე და, როცა გაიგო, რომ ორსულად იყო, ზემოდან დამიწყო ყურება. იეჰოვამ განგვსაჯოს“. 6 აბრამმა სარაის მიუგო: „შენს ხელში არაა შენი მოახლე?! რაც გინდა, ის უყავი“. დაუწყო სარაიმ აგარს დამცირება და გაექცა მას იგი.
7 მოგვიანებით იეჰოვას ანგელოზმა აგარი უდაბნოში, წყაროს წყალთან, შურის+ გზაზე ნახა 8 და უთხრა: „აგარ, სარაის მოახლევ, საიდან მოდიხარ და საით მიდიხარ?“ მან მიუგო: „სარაის, ჩემს ქალბატონს, გამოვექეცი“. 9 იეჰოვას ანგელოზმა უთხრა: „დაბრუნდი შენს ქალბატონთან და მას დაემორჩილე“. 10 იეჰოვას ანგელოზმა განაგრძო: „ისე გავამრავლებ შენს შთამომავლობას, რომ შეუძლებელი იქნება მისი დათვლა“.+ 11 შემდეგ იეჰოვას ანგელოზმა უთხრა: „ორსულად ხარ და ვაჟს გააჩენ, რომელსაც ისმაელი* უნდა დაარქვა, რადგან გაიგო იეჰოვამ, რომ გასაჭირში ხარ. 12 ის გარეული ვირივით* დაუმორჩილებელი იქნება; მისი ხელი ყველას წინააღმდეგ იქნება აღმართული და ყველას ხელი — მის წინააღმდეგ; თავის ძმებთან ახლოს იცხოვრებს*“.
13 მოუხმო აგარმა იეჰოვას სახელს, რომელიც მას ელაპარაკებოდა: „შენა ხარ ღმერთი, ყოველივეს მხილველი“,+ და თქვა: „ნუთუ მართლა შევხედე მას, ვინც მე მხედავს?!“ 14 ამიტომ დაერქვა იმ ჭას ბეერ-ლახაი-როი* (ის კადეშსა და ბერედს შორისაა). 15 აგარმა აბრამს ვაჟი გაუჩინა და აბრამმა თავის ვაჟს, რომელიც მან გაუჩინა, ისმაელი დაარქვა.+ 16 აბრამი 86 წლისა იყო, როცა აგარმა ისმაელი გაუჩინა.