იერემია
37 იეჰოიაკიმის ძის, ქონიას,+ ნაცვლად იუდას მიწაზე იოშიას ძე ციდკია+ გამეფდა; იგი ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა გაამეფა.+ 2 მეფე, მისი მსახურები და იმ მიწის მკვიდრნი არ ისმენდნენ წინასწარმეტყველ იერემიას პირით წარმოთქმულ იეჰოვას სიტყვებს.
3 გაგზავნა მეფე ციდკიამ იერემია წინასწარმეტყველთან შელემიას ძე იეჰუქალი+ და მღვდელ მაასეიას ძე ცეფანია+ და შეუთვალა: „გთხოვ, ლოცვით მიმართე ჩვენს ღმერთს, იეჰოვას, და შეავედრე ჩვენი თავი“. 4 მაშინ თავისუფლად დადიოდა იერემია, რადგან ჯერ არ ჰყავდათ საპყრობილეში ჩაგდებული.+ 5 იმ დროს ფარაონის ჯარი ეგვიპტიდან გამოვიდა.+ როცა ქალდეველებმა, რომლებსაც იერუსალიმი ალყაში ჰყავდათ მოქცეული, ეს ამბავი გაიგეს, გაეცალნენ იერუსალიმს.+ 6 ეუწყა იეჰოვა სიტყვა იერემია წინასწარმეტყველს: 7 «აი, რას გაბარებთ ისრაელის ღმერთი იეჰოვა იუდას მეფესთან, რომელმაც ჩემთან გამოგგზავნათ: „თქვენ დასახმარებლად გამოსულ ფარაონის ჯარს თავის მიწაზე, ეგვიპტეში, მოუწევს დაბრუნება.+ 8 დაბრუნდებიან ქალდეველები, გამოილაშქრებენ ამ ქალაქზე, დაიპყრობენ მას და ცეცხლს მისცემენ“.+ 9 აი, რას ამბობს იეჰოვა: „რომ ამბობთ, გაგვეცლებიან ქალდეველებიო, თავს იტყუებთ, არ გაგეცლებიან. 10 თქვენ წინააღმდეგ წამოსული ქალდეველების მთელი ჯარი მიწასთან რომ გაგესწორებინათ და მათ ჯარში მხოლოდ დაჭრილები დარჩენილიყვნენ, ისინი თავ-თავიანთ კარვებში წამოდგებოდნენ და გადაწვავდნენ ამ ქალაქს“».+
11 როცა ქალდეველთა ჯარი ფარაონის ჯარის გამო იერუსალიმს გაეცალა,+ 12 იერემია იერუსალიმიდან თავისი წილის მისაღებად თავის ხალხთან ბენიამინის მიწაზე+ წავიდა. 13 როცა იერემია წინასწარმეტყველი ბენიამინის კარიბჭეს მიუახლოვდა, მცველთა ზედამხედველმა ირიამ, ხანანიას ძის, შელემიას ძემ, შეიპყრო იგი და უთხრა: „ქალდეველების მხარეზე გადადიხარ!“ 14 იერემიამ მიუგო: „ტყუილია! მე ქალდეველების მხარეზე არ გადავდივარ“. მაგრამ ირიამ იერემიას ყური არ ათხოვა; დააპატიმრა და მთავრებთან მიიყვანა. 15 მთავრები განურისხდნენ იერემიას,+ სცემეს და მწერალ იეჰონათანის სახლში გამოამწყვდიეს,+ რომელსაც საპყრობილედ იყენებდნენ. 16 ჩასვეს იერემია დილეგში, ერთ-ერთ საკანში, სადაც მრავალი დღე დაჰყო.
17 მეფე ციდკიამ იერემია თავის სასახლეში მოაყვანინა+ და მალულად დაჰკითხა: „არის რაიმე სიტყვა იეჰოვასგან?“ იერემიამ მიუგო: „არის!“, შემდეგ უთხრა: „ბაბილონის მეფის ხელში ჩავარდები!“+
18 იერემიამ მეფე ციდკიას ჰკითხა: „ისეთი რა შეგცოდეთ შენ, შენს მსახურებსა და ამ ხალხს, საპყრობილეში რომ ჩამაგდეთ?! 19 სად არიან თქვენი წინასწარმეტყველები, რომლებიც გიწინასწარმეტყველებდნენ, ბაბილონის მეფე არ გამოილაშქრებსო ამ მიწისა და თქვენ წინააღმდეგ?!+ 20 გთხოვ, მომისმინე, მეფე-ბატონო, შეისმინე ჩემი ვედრება და აღარ დამაბრუნო მწერალ იეჰონათანის სახლში,+ თორემ მოვკვდები იქ“.+ 21 მაშინ მეფე ციდკიამ ბრძანა, რომ იერემია მცველთა ეზოში+ გადაეყვანათ; მას ყოველდღიურად თითო მრგვალ პურს აძლევდნენ მცხობელთა ქუჩიდან,+ სანამ გამოილეოდა პურის მარაგი ქალაქში.+ ცხოვრობდა იერემია მცველთა ეზოში.