ნეემია
9 შეიკრიბნენ ისრაელები მე-7 თვის 24-ე დღეს და მარხულობდნენ ჯვალოს სამოსით შემოსილნი და თავზე მტვერდაყრილნი.+ 2 გამოეყვნენ ისრაელის შთამომავლები უცხოტომელებს+ და აღიარეს თავიანთი და თავიანთი მამა-პაპის ცოდვები.+ 3 დადგნენ თავ-თავიანთ ადგილებზე და სამი საათის განმავლობაში ხმამაღლა კითხულობდნენ თავიანთი ღვთის, იეჰოვას, კანონის წიგნს,+ შემდეგი სამი საათის განმავლობაში კი ცოდვებს აღიარებდნენ და პირქვე ემხობოდნენ თავიანთი ღვთის, იეჰოვას წინაშე.
4 იეშუა, ბანი, კადმიელი, შებანია, ბუნი, შერებია,+ ბანი და ქენანი დადგნენ ლევიანთა კვარცხლბეკზე+ და შეღაღადეს იეჰოვას, თავიანთ ღმერთს. 5 ლევიანებმა — იეშუამ, კადმიელმა, ბანიმ, ხაშაბნეიამ, შერებიამ, ჰოდიამ, შებანიამ და ფეთახიამ — თქვეს: „ადექით და განადიდეთ თქვენი ღმერთი იეჰოვა ახლაც და მარადიულადაც!+ ღმერთო, განადიდონ მათ შენი დიდებული სახელი, რომლისთვის ხოტბის შესასხმელადაც არ არსებობს ჯეროვანი სიტყვა!
6 ვერავინ შეგედრება, იეჰოვა;+ შენ შექმენი ზეცა, ზეცათა ზეცა და მთელი მათი ლაშქარი, დედამიწა და ყველაფერი, რაც მასზეა, ზღვანი და ყველაფერი, რაც მათშია. შენ ხარ მათი მაცოცხლებელი, პირქვე ემხობა შენ წინაშე ზეციერი ლაშქარი! 7 შენ ხარ იეჰოვა, ჭეშმარიტი ღმერთი, რომელმაც აბრამი ამოირჩიე,+ გამოიყვანე ქალდეველთა ურიდან+ და აბრაამი უწოდე.+ 8 დაინახე მისი ერთგულება+ და შეთანხმება დაუდე, რომ ქანაანელთა, ხეთელთა, ამორეველთა, ფერიზელთა, იებუსელთა და გირგაშელთა მიწას მისცემდი მას და მის შთამომავლობას.+ შენ შეასრულე კიდეც დანაპირები, რადგან სამართლიანი ხარ!
9 შენ იხილე ჩვენი მამა-პაპის გაჭირვება ეგვიპტეში+ და შეისმინე მათი ღაღადი წითელ ზღვასთან. 10 სასწაულები მოახდინე და დასაჯე ფარაონი, მისი მსახურები და მისი ხალხი,+ რადგან იცოდი, რომ კადნიერად+ ექცეოდნენ შენს ხალხს; განადიდე შენი სახელი, და ის დღემდე განდიდებულია.+ 11 ზღვა გააპე მათ თვალწინ და შუა ზღვაში ხმელეთზე გაატარე ისინი,+ მათი მდევარი კი ქვასავით მოისროლე ბობოქარი ზღვის სიღრმეში.+ 12 დღისით ღრუბლის სვეტით მიუძღოდი მათ, ღამით კი ცეცხლის სვეტით უნათებდი გზას.+ 13 სინაის მთაზე ჩამოხვედი+ და ზეციდან ელაპარაკე მათ,+ მიეცი სწორი სამართალი, სანდო კანონები, სასარგებლო წესები და მცნებები.+ 14 წმინდა შაბათის დაცვა ასწავლე მათ;+ მცნებები, წესები და კანონი მიეცი შენი მსახურის, მოსეს ხელით. 15 ზეციდან პურს აძლევდი, როცა შიოდათ+ და კლდიდან წყალს უჩქეფებდი, როცა სწყუროდათ;+ უთხარი, რომ შესულიყვნენ და დაემკვიდრებინათ მიწა, რომლის მიცემაც ფიცით აღუთქვი.
16 მაგრამ ჩვენი მამა-პაპა კადნიერად იქცეოდა,+ ჯიუტობდა+ და არ ისმენდა შენს მცნებებს. 17 არც მოსმენა სურდათ+ და არც მათ თვალწინ შენ მიერ მოხდენილი საოცარი საქმეები ახსოვდათ; გაჯიუტდნენ და წინამძღოლი აირჩიეს ეგვიპტის მონობაში დასაბრუნებლად.+ მაგრამ შენ მიმტევებელი, გულმოწყალე, თანამგრძნობი, სულგრძელი* ღმერთი ხარ და ურყევია შენი სიყვარული*;+ არ მიგიტოვებია ისინი.+ 18 როცა ხბოს ქანდაკება ჩამოისხეს და ამბობდნენ, ეს არის შენი ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის მიწიდან გამოგიყვანაო,+ და დიდად შეურაცხმყოფელ საქმეებს სჩადიოდნენ, 19 მაშინაც კი არ მიგიტოვებია ისინი უდაბნოში, ვინაიდან დიდად მოწყალე ხარ;+ არ მოშორებია მათ დღისით ღრუბლის სვეტი გზის მაჩვენებლად და ღამით — ცეცხლის სვეტი გზის მანათობლად.+ 20 შენი კეთილი სულით აავსე ისინი, რომ გამჭრიახობა ჰქონოდათ.+ მანანა არ დაგიკავებია მათთვის+ და წყალს აძლევდი, როცა სწყუროდათ.+ 21 კვებავდი მათ უდაბნოში 40 წელი+ და არაფერი მოჰკლებიათ, ტანსაცმელი არ გასცვეთიათ+ და ფეხები არ დასივებიათ.
22 მიეცი მათ სამეფოები და დაუმორჩილე ხალხები, გაუნაწილე მათ მიწა;+ დაეპატრონნენ ისინი ხეშბონის+ მეფის, სიხონის,+ მიწას და ბაშანის მეფის, ოგის,+ მიწას. 23 ცის ვარსკვლავებივით გაამრავლე მათი შთამომავლობა.+ დაამკვიდრებინე ის მიწა, რომლის მიცემაც მათ მამა-პაპას აღუთქვი.+ 24 მათაც დაიმკვიდრეს ეს მიწა;+ შენ დაუმორჩილე მათ იმ მიწის მკვიდრი ქანაანელები+ და ხელში ჩაუგდე მათ მათი მეფეებიც და იმ მიწის მკვიდრნიც, რომ თავიანთი სურვილისამებრ მოქცეოდნენ მათ. 25 დაიპყრეს გამაგრებული ქალაქები+ და ნოყიერი მიწები,+ დაეპატრონნენ ყოველგვარი დოვლათით სავსე სახლებს, ჭებს, ვენახებს, ზეთისხილის კორომებსა+ და უამრავ ხეხილს; ჭამდნენ, ძღებოდნენ, სუქდებოდნენ და განცხრომაში იყვნენ შენი უსაზღვრო სიკეთის გამო.
26 ვერ დაინახეს ეს, გეურჩნენ და განგიდგნენ,+ ზურგი აქციეს შენს კანონს. ხოცავდნენ შენს წინასწარმეტყველებს, რომლებიც აფრთხილებდნენ მათ, რათა შენთან დაებრუნებინათ ისინი; დიდად შეურაცხგყოფდნენ თავიანთი საქმეებით.+ 27 ამიტომაც ჩაყარე ისინი მტრების ხელში,+ რომლებიც ავიწროებდნენ მათ.+ მაგრამ, როცა შემოგღაღადებდნენ გასაჭირის დროს, უსმენდი მათ ზეციდან; უგზავნიდი მხსნელებს, მტრების ხელიდან რომ დაგეხსნა ისინი, რადგან დიდად მოწყალე ხარ.+
28 მაგრამ, როგორც კი სულს მოითქვამდნენ, ისევ ბოროტებას სჩადიოდნენ შენ წინაშე+ და შენც მჩაგვრელების, მტრების, ხელში აგდებდი მათ.+ გიბრუნდებოდნენ ისინი და შველას გთხოვდნენ,+ შენც უსმენდი ზეციდან და კვლავაც შველოდი, რადგან დიდად მოწყალე ხარ.+ 29 აფრთხილებდი მათ, რომ დაეცვათ შენი კანონი, ისინი კი კადნიერად იქცეოდნენ და არ ასრულებდნენ შენს მცნებებს;+ სცოდავდნენ, არ იცავდნენ შენს წესებს, კაცს რომ აცოცხლებს.+ ჯიუტობდნენ და ზურგს გაქცევდნენ, ქედს არ იხრიდნენ და ყურს არ გიგდებდნენ. 30 მრავალი წელი უთმენდი მათ+ და აფრთხილებდი შენი წინასწარმეტყველების პირით, რომლებსაც შენი სულით ალაპარაკებდი, მაგრამ ისინი ყურს არ გიგდებდნენ, ბოლოს კი სხვა ხალხებს ჩაუგდე ხელში.+ 31 არ გაგინადგურებია+ და არ მიგიტოვებია ისინი, რადგან დიდად მოწყალე, თანამგრძნობი და გულმოწყალე ღმერთი ხარ.+
32 ახლა კი, ჩვენო ღმერთო, დიდებულო, ძლიერო, შიშის მომგვრელო ღმერთო, შეთანხმების დამცველო და სიკეთის* მქნელო,+ თვალს ნუ დახუჭავ იმ გასაჭირზე, რომელიც გამოვიარეთ ჩვენ, ჩვენმა მეფეებმა, ჩვენმა მთავრებმა,+ ჩვენმა მღვდლებმა,+ ჩვენმა წინასწარმეტყველებმა,+ ჩვენმა მამა-პაპამ და მთელმა შენმა ხალხმა ასურეთის მეფეთა+ დროიდან დღემდე. 33 დავიმსახურეთ ის, რაც თავს დაგვატყდა, რადგან შენ ყოველთვის ერთგული იყავი, ჩვენ კი ბოროტად ვიქცეოდით.+ 34 ჩვენი მეფეები, ჩვენი მთავრები, ჩვენი მღვდლები და ჩვენი მამა-პაპა არ იცავდნენ შენს კანონს, ყურად არ იღებდნენ შენს მცნებებსა და მითითებებს*, რომლითაც შეაგონებდი. 35 მეფეების დროსაც კი, როცა შენ მიერ ბოძებულ ვრცელსა და ნოყიერ მიწაზე ცხოვრობდნენ და ხარობდნენ შენი უხვი სიკეთით, არ გემსახურებოდნენ+ და არ ეშვებოდნენ თავიანთ ცუდ საქმეებს. 36 აი, დღეს ჩვენ მონები ვართ,+ მონები იმ მიწაზე, რომელიც ჩვენს მამა-პაპას მიეცი, რომ ესაზრდოვა მისი დოვლათით. 37 ჩვენი ცოდვების გამო მის უხვ ნაყოფს ჩვენზე გაბატონებული მეფეები ჭამენ.+ როგორც უნდათ, ისე გვეპყრობიან ჩვენც და ჩვენს პირუტყვსაც, და დიდ გასაჭირში ვართ ჩაცვენილნი.
38 ყოველივე ამის გამო წერილობით ვდებთ აღთქმას+ და ვადასტურებთ ჩვენი მთავრების, ლევიანებისა და მღვდლების ბეჭდით!“+