სამუელი — წიგნი პირველი
8 როცა მოხუცდა სამუელი, თავისი ვაჟები დანიშნა ისრაელის მსაჯულებად. 2 მის პირმშოს იოელი ერქვა, უმცროსს კი — აბია;+ ბეერ-შებაში მსაჯულობდნენ ისინი. 3 არ მიჰყვებოდნენ მისი ვაჟები მის კვალს; უკანონო შემოსავალს იყვნენ დახარბებული,+ ქრთამს იღებდნენ+ და უსამართლოდ განსჯიდნენ.+
4 შეიკრიბნენ ისრაელის უხუცესები და მივიდნენ სამუელთან რამაში. 5 უთხრეს: „შენ მოხუცდი, შენი ვაჟები კი შენს კვალს არ მიჰყვებიან. დაგვისვი მეფე, როგორც სხვა ერებს ჰყავთ, სამართალი რომ გაგვიჩინოს!“+ 6 არ მოეწონა სამუელს მათი ნათქვამი, მეფე დაგვისვი, რომ სამართალი გაგვიჩინოსო. ლოცვით მიმართა სამუელმა იეჰოვას, 7 რაზეც იეჰოვამ უთხრა: „გაუგონე ხალხს ყველაფერი, რასაც გეუბნებიან, რადგან შენ კი არ უარგყვეს, მე უარმყვეს თავიანთ მეფედ.+ 8 იმ დღიდან, რაც ეგვიპტიდან გამოვიყვანე, დღემდე ასე იქცევიან; ზურგს მაქცევენ+ და სხვა ღმერთებს ემსახურებიან.+ შენც ასე გექცევიან. 9 გაუგონე მათ, ოღონდ გააფრთხილე, თუ რას მოსთხოვს მათ მეფე“.
10 გადასცა სამუელმა იეჰოვას სიტყვები ხალხს, მეფეს რომ ითხოვდა. 11 მან უთხრა: „აი, რისი მოთხოვნის უფლება ექნება მეფეს:+ წაიყვანს თქვენს ვაჟებს+ და დაიყენებს მეეტლეებად+ და მხედრებად,+ ზოგიც ქვეითად ირბენს მისი ეტლების წინ. 12 დანიშნავს მათ ათასისთავებად+ და ორმოცდაათისთავებად,+ ზოგს მხვნელად დააყენებს,+ ზოგს — მომკელად,+ ზოგს კი საომარ იარაღსა და ეტლების აღჭურვილობას დაამზადებინებს.+ 13 თქვენს ასულებს მენელსაცხებლეებად, მზარეულებად და მცხობელებად წაიყვანს.+ 14 თქვენს საუკეთესო მინდვრებს, ვენახებსა და ზეთისხილის კორომებს+ თავის მსახურებს მისცემს. 15 თქვენი ყანებისა და ვენახების მოსავლიდან მეათედს წაიღებს და თავის კარისკაცებსა და მსახურებს მისცემს. 16 წაიყვანს თქვენს მსახურებს, საუკეთესო საქონელსა და სახედრებს, და თვითონ მოიმსახურებს.+ 17 წაიყვანს თქვენი ფარის მეათედს,+ თქვენ კი მისი მსახურები გახდებით. 18 დადგება დღე, როცა მოთქმას მოჰყვებით თქვენი არჩეული მეფის გამო,+ მაგრამ იეჰოვა არ გიპასუხებთ“.
19 არ გაუგონა ხალხმა სამუელს. უთხრეს: „მაინც გვინდა მეფე! 20 მაშინ ჩვენც სხვა ერებივით ვიქნებით, ჩვენი მეფე გაგვიჩენს სამართალს, წინ გაგვიძღვება და იბრძოლებს ჩვენთვის!“ 21 მოახსენა სამუელმა ხალხის ნათქვამი იეჰოვას. 22 უთხრა იეჰოვამ სამუელს: „გაუგონე მათ და დაუსვი მეფე“.+ მაშინ მოუწოდა სამუელმა ისრაელ მამაკაცებს, რომ თავ-თავიანთ ქალაქებში დაბრუნებულიყვნენ.