ლევიანები
24 იეჰოვამ მოსეს უთხრა: 2 „უბრძანე ისრაელებს, რომ მოგიტანონ ზეთისხილის სუფთა, საუკეთესო ზეთი, რათა ლამპრები მუდამ ენთოს.+ 3 ლამპრებს აარონმა მიხედოს, რომ ისინი შეხვედრის კარავში, გამყოფი ფარდის აქეთ, რომელიც მოწმობის კიდობანთანაა, საღამოდან დილამდე ენთოს იეჰოვას წინაშე. ეს იქნება თქვენთვის სამარადისო წესი თაობიდან თაობაში. 4 ხალასი ოქროს სალამპრე+ ყოველთვის გამართული უნდა იყოს იეჰოვას წინაშე.
5 წმინდად დაფქული ფქვილისგან 12 რგოლისებრი პური გამოაცხვე. თითო პური ორი მეათედი ეფა* ფქვილით გამოაცხვე. 6 ხალასი ოქროს მაგიდაზე+ ექვს-ექვსი პური ორ წყებად დააწყვე იეჰოვას წინაშე.+ 7 ზემოდან ორივე წყებას სუფთა გუნდრუკი მოაყარე. ეს იქნება შესაწირავი იეჰოვასთვის.+ დაწვი გუნდრუკი, რათა მისთვის ეს შესაწირავი მისაღები იყოს. 8 მღვდელი ყოველ შაბათს უნდა აწყობდეს პურს იეჰოვას წინაშე.+ ეს არის ისრაელებთან დადებული სამარადისო შეთანხმება. 9 ეს პური აარონმა და მისმა ვაჟებმა+ წმინდა ადგილას უნდა ჭამონ,+ რადგან მღვდლისთვის ის უწმინდესია იეჰოვასთვის გაღებულ ცეცხლში დასაწვავ შესაწირავებს შორის. ეს არის სამარადისო წესი“.
10 ერთხელ ერთი ებრაელი ქალისა და ეგვიპტელი კაცის ვაჟი+ და ერთი ებრაელი კაცი ერთმანეთს წაეჩხუბნენ ბანაკში. 11 ებრაელი ქალის ვაჟმა შეურაცხყო და დასწყევლა ღვთის სახელი.+ იგი მოსეს მიუყვანეს.+ დედამისი შელომითი დანისტომელი დიბრის ქალიშვილი იყო. 12 იგი დააკავეს, და ვიდრე იეჰოვას სიტყვა ეუწყებოდათ, დაკავებული ჰყავდათ.+
13 იეჰოვამ მოსეს უთხრა: 14 „ბანაკის გარეთ გაიყვანეთ ის, ვინც ჩემი სახელი დაწყევლა. თავზე ხელები დაადოს მას ყველამ, ვინც მისი წყევლა გაიგონა, და მთელმა ხალხმა ჩაქოლოს იგი.+ 15 უთხარი ისრაელებს, რომ, თუ ვინმე ღმერთს დასწყევლის, პასუხს აგებს თავის ცოდვაზე. 16 ღვთის სახელის, იეჰოვას, შეურაცხმყოფელი უნდა მოკვდეს;+ მთელმა ხალხმა უნდა ჩაქოლოს იგი. ღვთის სახელის შეურაცხყოფისთვის მკვიდრიც უნდა მოკვდეს და თქვენ შორის მცხოვრები უცხოელიც.
17 ის, ვინც ადამიანს* მოკლავს, უნდა მოკვდეს.+ 18 ვინც შინაურ ცხოველს* მოკლავს, უნდა აანაზღაუროს; სიცოცხლე სიცოცხლით უნდა ზღოს. 19 თუ კაცი თავის მოძმეს რაიმეს დაუშავებს, რაც მას გაუკეთა, მასაც იგივე გაუკეთონ:+ 20 მოტეხილობა მოტეხილობით ზღოს, თვალი — თვალით, კბილი — კბილით. რაც მან სხვას გაუკეთა, მასაც იგივე გაუკეთონ.+ 21 ვინც ცხოველს მოკლავს, უნდა აანაზღაუროს,+ მაგრამ ვინც კაცს მოკლავს, თავადაც უნდა მოკვდეს.+
22 ერთი სამართალი გქონდეთ მკვიდრისთვისაც და თქვენ შორის მცხოვრები უცხოელისთვისაც,+ რადგან მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი“.
23 გადასცა მოსემ ისრაელებს ღვთის სიტყვები. ბანაკის გარეთ გაიყვანეს ის, ვინც ღვთის სახელი დაწყევლა, და ჩაქოლეს.+ ისრაელებმა ყველაფერი ისე გააკეთეს, როგორც იეჰოვას მოსესთვის ჰქონდა ნაბრძანები.