ლევიანები
18 იეჰოვამ მოსეს უთხრა: 2 «გადაეცი ისრაელებს: „მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი.+ 3 ნუ დაემსგავსებით ეგვიპტელებს, რომელთა შორისაც ცხოვრობდით, და ნურც ქანაანელებს, რომელთა მიწაზეც მიმყავხართ;+ არ გადმოიღოთ მათი წეს-ჩვეულებები. 4 აღასრულეთ ჩემი სამართალი და დაიცავით ჩემი წესები.+ მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი. 5 დაიცავით ჩემი წესები და სამართალი. ვინც დაიცავს, იცოცხლებს.+ მე ვარ იეჰოვა.
6 არცერთი თქვენგანი არ დაწვეს სისხლით ნათესავთან.+ მე ვარ იეჰოვა. 7 არ დაწვე არც მამაშენთან და არც დედაშენთან; დედაშენია იგი და არ დაწვე მასთან.
8 არ დაწვე მამაშენის ცოლთან;+ ამით მამაშენს შეურაცხყოფ.
9 არ დაწვე შენს დასთან, მამაშენის ან დედაშენის ასულთან, გინდ ერთ სახლში იყოთ დაბადებული, გინდ არა.+
10 არ დაწვე შენი ვაჟის ან ქალიშვილის ასულთან; ამით საკუთარ თავს შეურაცხყოფ.
11 არ დაწვე მამაშენის ცოლის ასულთან — მამაშენის ასულთან, ვინაიდან შენი დაა იგი.
12 არ დაწვე მამაშენის დასთან; მამაშენის სისხლით ნათესავია იგი.+
13 არ დაწვე დედაშენის დასთან; დედაშენის სისხლით ნათესავია იგი.
14 არ დაწვე მამაშენის ძმის ცოლთან; ამით მამაშენის ძმას შეურაცხყოფ. შენი ბიცოლაა იგი.+
15 არ დაწვე შენს რძალთან;+ შენი ვაჟის ცოლია იგი და არ დაწვე მასთან.
16 არ დაწვე შენი ძმის ცოლთან;+ ამით შენს ძმას შეურაცხყოფ.
17 არ დაწვე შენი ცოლის* ასულთან;+ არ მოიყვანო მისი ვაჟის ან ქალიშვილის ასული და არ დაწვე მასთან, ვინაიდან ის მისი სისხლით ნათესავია. ეს ამაზრზენია.
18 არ მოიყვანო ცოლისდა და არ დაწვე მასთან შენი ცოლის სიცოცხლეში, თორემ ერთმანეთს მეტოქეებად ექცევიან.+
19 არ დაწვე ყოველთვიური სისხლდენით გაუწმინდურებულ ქალთან*.+
20 არ დაწვე შენი მოძმის ცოლთან, რათა არ გაუწმინდურდე.+
21 არცერთი შენი შთამომავალი არ მიუძღვნა* მოლექს,+ თორემ შებღალავ შენი ღვთის სახელს.+ მე ვარ იეჰოვა.
22 არ დაწვე კაცთან ისე, როგორც ქალთან წვებიან.+ ეს სისაძაგლეა.
23 არ დაწვეს კაცი ცხოველთან, რომ არ გაუწმინდურდეს; არც ქალი დაწვეს ცხოველთან.+ ეს ბუნებრივი წესის დარღვევაა.
24 არ გაიუწმინდუროთ თავი ამ ყველაფრით, რადგან ამით გაიუწმინდურეს თავი იმ ხალხებმა, რომლებსაც განვდევნი მათი მიწიდან.+ 25 ამიტომაცაა მათი მიწა გაუწმინდურებული. მე დავატეხ მათ სასჯელს მათივე დანაშაულის გამო და ამოიძირკვებიან იმ მიწიდან.+ 26 თქვენ კი დაიცავით ჩემი წესები და სამართალი;+ არ ჩაიდინოს არანაირი სისაძაგლე არც მკვიდრმა და არც თქვენ შორის მცხოვრებმა უცხოელმა.+ 27 ყველა ამ სისაძაგლეს სჩადის ის ხალხი, რომელიც იმ მიწაზე ცხოვრობს, სადაც შეხვალთ;+ ამიტომაც არის ის მიწა გაუწმინდურებული. 28 მაშინ აღარ შებღალავთ იმ მიწას და აღარ ამოიძირკვებით იქიდან, როგორც თქვენამდე მცხოვრები ხალხები ამოიძირკვებიან. 29 ვინც ამ სისაძაგლეთაგან რომელიმეს ჩაიდენს, უნდა მოკვდეს. 30 შეასრულეთ, რაც დაგავალეთ: არ დაიცვათ არცერთი საძულველი წეს-ჩვეულება, რასაც იქ მცხოვრებნი იცავენ,+ რათა თავი არ გაიუწმინდუროთ. მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი“».