დაბადება
34 იაკობის ასული დინა, რომელიც მას ლეამ+ გაუჩინა, იმ ქვეყნის ასულებთან+ მიდიოდა ხოლმე. 2 როცა იგი შექემმა, იმ ქვეყნის მთავრის, ხიველი+ ხამორის, ძემ დაინახა, წაიყვანა, დაწვა მასთან და გააუპატიურა. 3 შექემი იაკობის ასულის, დინას, გარეშე ვეღარ ძლებდა. უყვარდა მას ყმაწვილი ქალი და თავის სიყვარულში არწმუნებდა. 4 ბოლოს შექემმა მამამისს, ხამორს,+ უთხრა: „მომაყვანინე ცოლად ეს ყმაწვილი ქალი“.
5 გაიგო იაკობმა, რომ შეურაცხყო შექემმა მისი ასული. იმ დროს მისი ვაჟები მინდორში იყვნენ და მის ფარას მწყემსავდნენ. მათ დაბრუნებამდე იაკობს ამის შესახებ არავისთვის უთქვამს. 6 ბოლოს წავიდა ხამორი, შექემის მამა, იაკობთან დასალაპარაკებლად. 7 როგორც კი გაიგეს ეს ამბავი იაკობის ვაჟებმა, მაშინვე დაბრუნდნენ მინდვრიდან. შეურაცხყოფილად იგრძნეს თავი და გაცეცხლდნენ, რადგან შეარცხვინა შექემმა ისრაელი, მის ქალიშვილთან რომ დაწვა,+ რაც არ უნდა მომხდარიყო.+
8 ხამორმა მათ უთხრა: „შეუყვარდა ჩემს ვაჟს თქვენი ასული. გთხოვთ, ცოლად მიათხოვეთ 9 და დაგვიმოყვრდით. თქვენი ასულები ჩვენ მოგვათხოვეთ და ჩვენს ასულებს თქვენ მოგათხოვებთ.+ 10 იცხოვრეთ ჩვენთან; მიწაც გამოიყენეთ. იცხოვრეთ, ივაჭრეთ და დამკვიდრდით“. 11 შექემმა დინას მამასა და ძმებს სთხოვა: „წყალობა მაპოვნინეთ თქვენს თვალში და რასაც მეტყვით, ყველაფერს მოგცემთ. 12 დამაკისრეთ დიდძალი ურვადი და ძღვენი,+ ყველაფერს მოგცემთ, რასაც მეტყვით, ოღონდ ეს ყმაწვილი ქალი მომათხოვეთ“.
13 იაკობის ვაჟებმა შექემსა და მამამისს, ხამორს, მზაკვრულად უპასუხეს, რადგან მან მათი და, დინა, შეურაცხყო. 14 მათ უთხრეს: „ვერ ვიზამთ ამას, ვერ მივათხოვებთ ჩვენს დას წინადაუცვეთელ+ კაცს; ეს ჩვენთვის შეურაცხმყოფელია. 15 მხოლოდ იმ პირობით დაგთანხმდებით, თუ ჩვენსავით წინადაიცვეთს თქვენგან ყოველი მამაკაცი.+ 16 მერე მოგათხოვებთ ჩვენს ასულებს და თქვენს ასულებს ჩვენ შევირთავთ; თქვენთან ვიცხოვრებთ და ერთი ხალხი გავხდებით. 17 მაგრამ, თუ არ მოგვისმენთ და წინადაცვეთაზე უარს იტყვით, წამოვიყვანთ ჩვენს დას და წამოვალთ“.
18 მოეწონათ მათი პირობა ხამორსა+ და შექემს, ხამორის ვაჟს.+ 19 არ დაუყოვნებია იმ ყმაწვილ კაცს პირობის შესრულება,+ რადგან უყვარდა იაკობის ასული. შექემი ყველაზე პატივდებული კაცი იყო მამამისის სახლში.
20 ხამორი და შექემი, ხამორის ვაჟი, ქალაქის კარიბჭესთან გავიდნენ+ და იქაურ კაცებს უთხრეს: 21 „ამ ხალხს ჩვენთან მშვიდობა უნდა. იცხოვრონ აქ და ივაჭრონ. ეს მიწა საკმაოდ ვრცელია, დაეტევიან. მათი ასულები ჩვენ შევირთოთ, ჩვენი ასულები კი მათ მივათხოვოთ.+ 22 მხოლოდ იმ პირობით დაგვთანხმდებიან, რომ ერთად ვიცხოვროთ და ერთი ხალხი გავხდეთ, თუ მათსავით წინადაიცვეთს ჩვენგან თითოეული მამაკაცი.+ 23 დავთანხმდეთ. იცხოვრონ აქ და მათი ქონება, სიმდიდრე და ცხვარ-ძროხა ჩვენი არ იქნება?!“ 24 ყველამ, ვინც ქალაქის კარიბჭესთან იკრიბებოდა, დაუჯერა ხამორსა და შექემს, მის ვაჟს. წინადაიცვითა ყველა მამაკაცმა, ყველამ, ვინც ქალაქის კარიბჭესთან იკრიბებოდა.
25 მესამე დღეს, როცა ჯერ კიდევ ტკივილები ჰქონდათ, იაკობის ორმა ვაჟმა, სიმონმა და ლევიმ, დინას ძმებმა,+ აიღეს მახვილები და ისე შევიდნენ იმ ქალაქში, რომ ეჭვი არავის აუღია, და ამოხოცეს ყველა კაცი.+ 26 მახვილით მოკლეს ხამორიცა და მისი ვაჟი შექემიც. წამოიყვანეს დინა შექემის სახლიდან და წამოვიდნენ. 27 იაკობის სხვა ვაჟები კი წავიდნენ დახოცილებით სავსე ქალაქში და გაძარცვეს იქაურობა.+ 28 წამოასხეს მათი ცხვარ-ძროხა და ვირები; წამოიღეს ყველაფერი, რაც ქალაქსა თუ მინდორში ნახეს. 29 წამოიღეს მთელი მათი ქონება და ტყვედ წამოიყვანეს მათი ცოლ-შვილი; არაფერი დაუტოვებიათ მათ სახლებში.
30 ეს რომ იაკობმა გაიგო, სიმონსა და ლევის+ უთხრა: „დამღუპეთ, შეაზიზღეთ ჩემი თავი ამ ქვეყნის მკვიდრთ, ქანაანელებსაც და ფერიზელებსაც. ცოტანი ვართ, შეიკრიბებიან ჩემ წინააღმდეგ და თავს დამესხმიან; მეც გამაცამტვერებენ და ჩემს სახლეულობასაც“. 31 მათ მიუგეს: „აბა, მეძავივით უნდა მოჰქცეოდნენ ჩვენს დას?!“