ეზეკიელი
20 მე-7 წელს, მე-5 თვის მე-10 დღეს, ისრაელის ზოგიერთი უხუცესი იეჰოვასთვის რჩევის საკითხავად მოვიდა და ჩემ წინ დაჯდა. 2 მაშინ მეუწყა იეჰოვას სიტყვა: 3 «კაცის ძეო, დაელაპარაკე ისრაელის უხუცესებს და უთხარი, აი, რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „ჩემთან მოხვედით რჩევის საკითხავად? ჩემს თავს ვფიცავ*, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, — არ გიპასუხებთ“.+
4 მზად ხარ მათ განსასჯელად? კაცის ძეო, მზად ხარ მათ განსასჯელად? უთხარი, რა საძულველ საქმეებსაც სჩადიოდა მათი მამა-პაპა.+ 5 გადაეცი მათ, აი, რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „იმ დღეს, როცა ისრაელი ავირჩიე,+ იაკობის შთამომავლებს ფიცი დავუდე და გავაცანი ჩემი თავი ეგვიპტის მიწაზე;+ ფიცი დავუდე და ვუთხარი, მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი-მეთქი. 6 იმ დღეს შევფიცე მათ, რომ ეგვიპტიდან გამოვიყვანდი და იმ მიწაზე მივიყვანდი, რომელიც მათთვის ავირჩიე, სადაც რძე და თაფლი მოედინება.+ ის ულამაზესი ქვეყანა იყო. 7 ვუთხარი, გადაყარეთ საძულველი კერპები, რომელთაც შესცქერით, ნუ წაიბილწებით-მეთქი ეგვიპტის საზიზღარი კერპებით*;+ მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი-მეთქი.+
8 მაგრამ არ მომისმინეს, მეურჩნენ; არ გადაყარეს საძულველი კერპები, რომლებსაც შესცქეროდნენ, და ზურგი არ აქციეს ეგვიპტის საზიზღარ კერპებს.+ ამიტომ ვუთხარი, რომ განვურისხდებოდი და გადმოვანთხევდი ჩემს რისხვას ეგვიპტეში. 9 მაგრამ სხვაგვარად მოვიქეცი, რათა არ შებღალულიყო ჩემი სახელი იმ ხალხების თვალში, რომელთა შორისაც ისინი ცხოვრობდნენ.+ მათ დასანახავად გავაცანი ისრაელს ჩემი თავი, როცა ეგვიპტიდან გამოვიყვანე.+ 10 გამოვიყვანე ისინი ეგვიპტიდან და უდაბნოში მივიყვანე.+
11 მივეცი მათ ჩემი წესები და კანონები,+ რათა დაეცვათ და ეცოცხლათ.+ 12 მათ შაბათიც დავუწესე;+ ის ნიშანი უნდა ყოფილიყო მათსა და ჩემ შორის,+ რათა სცოდნოდათ, რომ მე ვარ იეჰოვა, მათი განმწმენდელი.
13 მაგრამ ისრაელები მეურჩებოდნენ უდაბნოში;+ არღვევდნენ ჩემს წესებსა და სამართალს, რომელთა დაცვასაც სიცოცხლე მოაქვს. ბღალავდნენ ჩემს შაბათებს. ამიტომაც ვუთხარი, რომ რისხვას გადმოვანთხევდი მათზე და ბოლოს მოვუღებდი უდაბნოში.+ 14 მაგრამ სხვაგვარად მოვიქეცი, რათა არ შებღალულიყო ჩემი სახელი იმ ხალხების თვალში, რომელთა დასანახავადაც გამოვიყვანე ისინი.+ 15 დავუფიცე მათ უდაბნოში, რომ არ შევიყვანდი იმ ქვეყანაში, ულამაზეს ქვეყანაში, რომლის მიცემაც აღვუთქვი,+ იქ, სადაც რძე და თაფლი მოედინება,+ 16 რადგან არ აღასრულებდნენ ჩემს სამართალს, არ იცავდნენ ჩემს წესებს, ბღალავდნენ ჩემს შაბათებს და საზიზღარ კერპებს ეთაყვანებოდნენ.+
17 შემებრალნენ და აღარ შევმუსრე. აღარ მოვუღე ბოლო უდაბნოში. 18 მათ შთამომავლებს უდაბნოში ვუთხარი,+ თქვენი მამა-პაპის გზით ნუ ივლით,+ მათ კანონებს ნუ დაიცავთ და მათი საზიზღარი კერპებით ნუ წაიბილწებით-მეთქი; 19 მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი, დაიცავით ჩემი წესები და შეასრულეთ-მეთქი ჩემი სამართალი.+ 20 შაბათი თქვენთვის წმინდა უნდა იყოს-მეთქი;+ ის იქნება ნიშანი მე და თქვენ შორის, რათა იცოდეთ, რომ მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი-მეთქი.+
21 მაგრამ მათი შთამომავლებიც მეურჩნენ,+ დაარღვიეს ჩემი წესები, არ დაიცვეს და არ აღასრულეს ჩემი სამართალი, რომლის დაცვასაც სიცოცხლე მოაქვს. შებღალეს ჩემი შაბათები. ამიტომ ვუთხარი, რომ განვურისხდებოდი და გადმოვანთხევდი ჩემს რისხვას უდაბნოში.+ 22 მაგრამ სხვაგვარად მოვიქეცი, რათა არ შებღალულიყო ჩემი სახელი+ იმ ხალხების თვალში, რომელთა დასანახავადაც გამოვიყვანე ისინი. 23 მათ უდაბნოში დავუფიცე, რომ გავფანტავდი ხალხებში და მიმოვფანტავდი სხვადასხვა მიწაზე,+ 24 რადგან არ აღასრულებდნენ ჩემს სამართალს, არღვევდნენ ჩემს წესებს,+ ბღალავდნენ ჩემს შაბათებს და თავიანთი მამა-პაპის საზიზღარ კერპებს ეთაყვანებოდნენ.+ 25 მეც დავუშვი, რომ დაეცვათ ის წესები და სამართალი, რომელიც მათ სიცოცხლეს ვერ მოუტანდა;+ 26 დავუშვი, რომ გაუწმინდურებულიყვნენ თავიანთი შესაწირავებით — ცეცხლში რომ წვავდნენ თავიანთ პირმშოებს+ — რათა დამექცია ისინი და მიმხვდარიყვნენ, რომ მე ვარ იეჰოვა“.
27 ამიტომ, კაცის ძეო, დაელაპარაკე ისრაელებს და უთხარი, აი, რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „შეურაცხმყოფდა თქვენი მამა-პაპა თავისი ორგულობით. 28 როცა მივიყვანე იმ მიწაზე, რომლის მიცემაც ფიცით აღვუთქვი,+ და მაღალი გორები და შეფოთლილი ხეები დაინახეს,+ მსხვერპლშეწირვა დაიწყეს და გული მატკინეს; წვავდნენ მსხვერპლს, რომელიც საამო* სურნელებას აფრქვევდა, და ღვრიდნენ დასაღვრელ შესაწირავს. 29 ვკითხე, რა დანიშნულება აქვს მაგ მაღლობს და მანდ რატომ დადიხართ-მეთქი“ (ამ ადგილს დღემდე „მაღლობი“ ეწოდება).+
30 უთხარი ისრაელებს, აი, რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „ამ საზიზღარ კერპებს რომ სცემთ თაყვანს*, თქვენს მამა-პაპასავით იუწმინდურებთ თავს!+ 31 დღემდე რომ მსხვერპლს სწირავთ საზიზღარ კერპებს — ცეცხლში რომ წვავთ შვილებს+ — ამით თავს იუწმინდურებთ! ამის მერე ჩემთან მოდიხართ და რჩევას მეკითხებით, ისრაელებო?!+
ჩემს თავს ვფიცავ, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, — არ გიპასუხებთ.+ 32 არ შესრულდება ის, რასაც ფიქრობთ, რომ ამბობთ, მოდი სხვა ერების, სხვა ქვეყნებში მცხოვრები ხალხების, მსგავსად თაყვანი ვცეთ ხესა და ქვასო.+
33 ჩემს თავს ვფიცავ, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, — გავმეფდები თქვენზე ძლიერი ხელით, გაწვდილი მკლავითა და რისხვით.+ 34 გამოგკრებთ ხალხებიდან და გამოგიყვანთ იმ ქვეყნებიდან, სადაც ძლიერი ხელით, გაწვდილი მკლავითა და რისხვით გაგფანტეთ.+ 35 მიგიყვანთ ხალხთა უდაბნოში და იქ გაგასამართლებთ.+
36 როგორც თქვენი მამა-პაპა გავასამართლე უდაბნოში ეგვიპტის მიწაზე, თქვენც ისევე გაგასამართლებთ, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა. — 37 მწყემსის სახრის ქვეშ გაგატარებთ+ და დაგავალდებულებთ, რომ დაიცვათ შეთანხმება. 38 მოგაშორებთ მათ, ვინც მეურჩება და მცოდავს;+ გამოვიყვან მათ იმ ქვეყნებიდან, სადაც ხიზნად ცხოვრობენ, მაგრამ ისრაელის მიწაზე ვერ შევლენ;+ გაიგებთ, რომ მე ვარ იეჰოვა.
39 ისრაელებო, აი, რას გეუბნებათ უზენაესი უფალი იეჰოვა: „მიდით, ემსახურეთ თქვენს საზიზღარ კერპებს!+ თუ არ მომისმენთ, ზურგს შეგაქცევთ და ვეღარ შებღალავთ ჩემს წმინდა სახელს თქვენი შესაწირავებითა და საზიზღარი კერპებით“.+
40 მთელი ისრაელი, ყველანი, იმ მიწაზე, ჩემს წმინდა მთაზე,+ ისრაელის მაღალ მთაზე, მცემს თაყვანს, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა.+ — იქ გავიხარებ მათით; დაველოდები თქვენს შესაწირავებს, პირველმოწეული ნაყოფის შესაწირავებს, ყველა თქვენს წმინდა ძღვენს.+ 41 როცა გამოგკრებთ ხალხებიდან და გამოგიყვანთ იმ ქვეყნებიდან, სადაც გაფანტული იყავით,+ სიამოვნებას მომგვრის საამო სურნელება და გავიხარებ თქვენით. დაინახავენ ხალხები, რომ წმინდა ვარ თქვენ შორის.+
42 როცა მიგიყვანთ ისრაელის მიწაზე,+ მიწაზე, რომლის მიცემაც თქვენს მამა-პაპას ფიცით აღვუთქვი, მაშინ გაიგებთ, რომ მე ვარ იეჰოვა.+ 43 იქ გაგახსენდებათ თქვენი საქციელი, რომლითაც თავი გაიუწმინდურეთ,+ და შეგზიზღდებათ საკუთარი თავი იმ ბოროტების გამო, რასაც სჩადიოდით.+ 44 ისრაელებო, როცა ჩემი სახელის გამო დაგინდობთ და თქვენი ბოროტი და გახრწნილი საქმეებისამებრ არ მოგაგებთ, მაშინ გაიგებთ, რომ მე ვარ იეჰოვა,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა».
45 კვლავ მეუწყა იეჰოვას სიტყვა: 46 «კაცის ძეო, სამხრეთისკენ მიბრუნდი და აუწყე სამხრეთს, უწინასწარმეტყველე სამხრეთის ტყეს. 47 სამხრეთის ტყეს გადაეცი, ისმინე იეჰოვას სიტყვა, აი, რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „ცეცხლს ავაგიზგიზებ+ და შთანთქავს ის ყველა ხეს, შეფოთლილსაც და გამხმარსაც. არ ჩაქრება აბრიალებული ცეცხლი+ და სამხრეთიდან ჩრდილოეთამდე ყველას დაუწვავს სახეს. 48 ყველა დაინახავს, რომ ცეცხლი მე, იეჰოვამ, დავანთე და არ ჩაქრება ის“».+
49 ვთქვი: „ვაიმე, უზენაესო უფალო, იეჰოვა! ჩემზე ამბობენ, ეს სულ იგავებით ლაპარაკობსო!“