რიცხვები
5 იეჰოვამ მოსეს უთხრა: 2 „უბრძანე ისრაელებს, რომ ბანაკიდან გაიყვანონ ყველა კეთროვანი,+ ყველა გამონადენიანი+ და მკვდრით გაუწმინდურებული.+ 3 კაციც გაიყვანონ და ქალიც, რომ არ წაბილწონ ბანაკი,+ რომელშიც ვმკვიდრობ“.+ 4 ისრაელებიც ასე მოიქცნენ და გაუშვეს ისინი ბანაკიდან. ისე გააკეთეს ისრაელებმა, როგორც იეჰოვას ჰქონდა მოსესთვის ნაბრძანები.
5 შემდეგ იეჰოვამ მოსეს უთხრა: 6 „გადაეცი ისრაელებს, რომ, თუ ვინმე, კაცი იქნება თუ ქალი, შესცოდავს და სხვას დააზარალებს, რითაც უორგულებს იეჰოვას, დამნაშავე იქნება.+ 7 აღიაროს მან ჩადენილი ცოდვა,+ სრულად აანაზღაუროს დანაშაული, დაუმატოს მეხუთედი+ და მისცეს დაზარალებულს. 8 თუ დაზარალებულს ახლო ნათესავი არ ეყოლება*, რომ დანაშაულის საზღაური გადაეცეს, მაშინ დანაშაულის საზღაური იეჰოვას გადაეცემა და მღვდლისა იქნება, იმ ვერძის გარდა, რომლითაც იგი დამნაშავისთვის გამოსყიდვის წესს შეასრულებს.+
9 წმინდა შესაწირავი,+ რომელსაც ისრაელები მღვდელს მიუტანენ, მღვდლისა იქნება.+ 10 ისრაელების მიერ გაღებული წმინდა შესაწირავი მისი იქნება. რასაც მღვდელს მიუტანენ, მისი იქნება“.
11 შემდეგ იეჰოვამ მოსეს უთხრა: 12 «გადაეცი ისრაელებს, რომ, თუ ცოლი შესცოდავს, ქმარს უღალატებს, 13 სხვა კაცთან დაწვება,+ თუმცა ეს ქმარს არ ეცოდინება და არც გამჟღავნდება, ქალი თავს გაიუწმინდურებს, მაგრამ ვერავინ წაასწრებს და მოწმე არ ეყოლება, 14 ქმარი იეჭვიანებს და ცოლის ერთგულებაში ეჭვი შეეპარება, ქალი კი მართლა გაუწმინდურებული იქნება, ან, თუ ქმარი იეჭვიანებს და ცოლის ერთგულებაში ეჭვს შეიტანს, ქალი კი გაუწმინდურებული არ იქნება, 15 მაშინ ქმარმა ცოლი მღვდელთან მიიყვანოს და მისი შესაწირავი, მეათედი ეფა* ქერის ფქვილიც მიიტანოს. არ მოასხას ზეთი და არ მოაყაროს გუნდრუკი, რადგან ეს ეჭვიანობის მარცვლეული შესაწირავია, დანაშაულის შესახსენებელი მარცვლეული შესაწირავი.
16 გაიყვანოს მღვდელმა ქალი და იეჰოვას წინაშე დააყენოს.+ 17 აიღოს მღვდელმა თიხის ჭურჭლით წმინდა წყალი და მასში კარვის ძირიდან აღებული მტვერი ჩაყაროს. 18 დააყენოს მღვდელმა ქალი იეჰოვას წინაშე, გაუშალოს თმა და ხელისგულებზე დაუდოს დანაშაულის შესახსენებელი მარცვლეული შესაწირავი — ეჭვიანობის მარცვლეული შესაწირავი,+ მღვდელს კი ხელში ეჭიროს დამაწყევარი მწარე წყალი.+
19 დააფიცოს ქალს მღვდელმა და უთხრას: „თუ არ დაწოლილა კაცი შენთან, გათხოვილ ქალთან,+ არ შეგიცოდავს და არ გაუწმინდურებულხარ, ეს დამაწყევარი მწარე წყალი არაფერს გავნებს; 20 მაგრამ, თუ გათხოვილმა ქალმა შესცოდე, თავი გაიუწმინდურე და შენი ქმრის გარდა სხვა კაცთან დაწექი...“+ 21 დააფიცებს მღვდელი ქალს, რომ, თუ ცოდვა აქვს ჩადენილი, დაწყევლილი იქნება, და ეტყვის: „იეჰოვამ ახსენებინოს შენი თავი შენს ხალხს წყევლისას და დაფიცებისას, შვილიერების უნარი წაგართვას იეჰოვამ და მუცელი გაგისივოს. 22 შეგივიდეს ეს დამაწყევარი წყალი ნაწლავებში, გაგისივოს მუცელი და წაგართვას შვილიერების უნარი“. ქალმა უნდა თქვას: „ამინ! ამინ!“
23 ჩაწეროს მღვდელმა წიგნში წყევლა და მწარე წყალში ამოავლოს. 24 დაალევინოს ქალს დამაწყევარი მწარე წყალი და ეს დამაწყევარი წყალი მას მუცელს გაუმწარებს. 25 აიღოს მღვდელმა ქალის ხელისგულებიდან ეჭვიანობის მარცვლეული შესაწირავი,+ შეარხიოს იეჰოვას წინაშე და სამსხვერპლოსთან მიიტანოს. 26 აიღოს მღვდელმა ამ მარცვლეული შესაწირავიდან ცოტაოდენი მარცვლეული როგორც მთლიანი შესაწირავის სიმბოლო, სამსხვერპლოზე დაწვას ასაბოლებლად+ და ქალს წყალი დაალევინოს. 27 წყალს რომ დაალევინებს, თუ ქალს თავი წაუბილწავს და ქმრისთვის უღალატია, დამაწყევარი წყალი მას მუცელს გაუმწარებს და გაუსივებს, შვილიერების უნარი წაერთმევა და მისი ხალხი წყევლისას ახსენებს მას. 28 მაგრამ, თუ ქალს თავი არ წაუბილწავს და არ გაუწმინდურებულა, არ დაისჯება; მას შვილების ყოლის უნარი არ წაერთმევა.
29 ეს არის კანონი ეჭვიანობაზე,+ როცა გათხოვილი ქალი შესცოდავს და თავს წაიბილწავს, 30 როცა ქმარი იეჭვიანებს და ცოლის ერთგულებაში ეჭვი შეეპარება; დააყენოს ქმარმა ცოლი იეჰოვას წინაშე და მღვდელმა მის მიმართ ეს კანონი აღასრულოს. 31 კაცს ეს დანაშაულად არ ჩაეთვლება, ცოლი კი პასუხს აგებს თავის დანაშაულზე».