იერემია
28 იმავე წელს, იუდას მეფე ციდკიას+ მეფობის დასაწყისში, მე-4 წლის მე-5 თვეს, გაბაონელმა+ წინასწარმეტყველმა ხანანიამ, აზურის ძემ, იეჰოვას ტაძარში მღვდლებისა და მთელი ხალხის თანდასწრებით მითხრა, 2 აი, რას ამბობსო ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „დავამტვრევ ბაბილონის მეფის უღელს+ 3 და ორ წელიწადში ამ ადგილზე დავაბრუნებ იეჰოვას ტაძრის ყველა იმ ნივთს, რომელიც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა ამ ადგილიდან ბაბილონში წაიღო“.+ 4 „ამ ადგილზე დავაბრუნებ იუდას მეფე იექონიას,+ იეჰოიაკიმის ძეს,+ და ყველას, ვინც იუდადან ბაბილონშია გადასახლებული,+ — ამბობს იეჰოვა, — რადგან დავამტვრევ ბაბილონის მეფის უღელს“.
5 იერემია წინასწარმეტყველი ხანანია წინასწარმეტყველს იეჰოვას ტაძარში შეკრებილი მღვდლებისა და მთელი ხალხის თანდასწრებით დაელაპარაკა. 6 იერემია წინასწარმეტყველმა თქვა: „ამინ! დაე იმოქმედოს იეჰოვამ! დაე შეასრულოს იეჰოვამ ის, რაც იწინასწარმეტყველე, და დააბრუნოს ამ ადგილზე იეჰოვას ტაძრის ნივთები და ყველა, ვინც ბაბილონშია გადასახლებული! 7 მაგრამ მოისმინე ის, რასაც შენ გასაგონად და მთელი ამ ხალხის გასაგონად ვიტყვი. 8 ჩემზე და შენზე ადრე მცხოვრები წინასწარმეტყველები ძველ დროშიც უწინასწარმეტყველებდნენ მრავალ ქვეყანასა და ძლევამოსილ სამეფოებს ომს, უბედურებასა და ჭირს. 9 თუ წინასწარმეტყველი მშვიდობას იწინასწარმეტყველებს და მისი ნათქვამი შესრულდება, ცხადი გახდება, რომ ეს წინასწარმეტყველი იეჰოვას გამოუგზავნია“.
10 მაშინ მოხსნა ხანანია წინასწარმეტყველმა იერემია წინასწარმეტყველს კისრიდან უღელი და დაამტვრია.+ 11 შემდეგ ხანანიამ მთელი ხალხის თანდასწრებით თქვა, აი, რას ამბობსო იეჰოვა: „ასევე მოვხსნი ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორის უღელს ყველა ხალხს კისრიდან ორ წელიწადში და დავამტვრევ“.+ ამის შემდეგ იერემია წინასწარმეტყველი წავიდა.
12 მას შემდეგ, რაც ხანანია წინასწარმეტყველმა იერემია წინასწარმეტყველს კისრიდან უღელი მოხსნა და დაამტვრია, ეუწყა იერემიას იეჰოვას სიტყვა: 13 «წადი და უთხარი ხანანიას, აი, რას ამბობს-თქო იეჰოვა: „ხის უღელი კი დაამტვრიე,+ მაგრამ მის ნაცვლად რკინის უღლის გაკეთება მოგიწევს“. 14 ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი, ამბობს: „რკინის უღელს დავადგამ ყველა ამ ხალხს, ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს რომ დაემორჩილონ; მას უნდა დაემორჩილონ.+ მინდვრის მხეცებიც კი მას დაემორჩილებიან“».+
15 შემდეგ იერემია წინასწარმეტყველმა ხანანია+ წინასწარმეტყველს უთხრა: «მომისმინე, ხანანია! იეჰოვას გამოგზავნილი არა ხარ; შენ ამ ხალხს სიცრუით აიმედებ.+ 16 ამიტომ იეჰოვა ამბობს: „აღგგვი მიწის პირიდან. წელსვე მოკვდები, რადგან ხალხს იეჰოვასადმი ურჩობისკენ მოუწოდებდი“».+
17 ხანანია წინასწარმეტყველი იმავე წლის მე-7 თვეს მოკვდა.