მატიანე — წიგნი მეორე
12 გაძლიერდა რობოამი და განმტკიცდა მისი მეფობა.+ მაშინ მან და მასთან ერთად მთელმა ისრაელმა ზურგი აქციეს იეჰოვას კანონს.+ 2 მეფე რობოამის მეფობის მე-5 წელს ეგვიპტის მეფე შიშაკმა+ გაილაშქრა იერუსალიმზე, რადგან მათ უორგულეს იეჰოვას. 3 მას 1 200 ეტლი და 60 000 მხედარი ჰყავდა; მეფეს ეგვიპტიდან ლიბიელების, სუქიმელებისა და ეთიოპების+ ურიცხვი ლაშქარიც გამოჰყვა. 4 დაიპყრო მან იუდას გამაგრებული ქალაქები და ბოლოს იერუსალიმსაც მიადგა.
5 მივიდა წინასწარმეტყველი შემაია+ რობოამთან და იუდას მთავრებთან, რომლებსაც შიშაკის შიშით იერუსალიმში მოეყარათ თავი, და უთხრა მათ: «აი, რას ამბობს იეჰოვა: „რაკი ზურგი მაქციეთ, მეც შიშაკის ხელში ჩაგყარეთ!“»+ 6 მაშინ თავი დაიმდაბლეს ისრაელის მთავრებმა და მეფემ,+ და თქვეს, სამართლიანიაო იეჰოვა. 7 როცა იეჰოვამ დაინახა, რომ მათ თავი დაიმდაბლეს, იეჰოვას სიტყვა ეუწყა შემაიას: „თავი დაიმდაბლეს მათ. აღარ მოვსპობ,+ ცოტაც და ვიხსნი მათ; არ დავატეხ იერუსალიმს ჩემს რისხვას შიშაკის ხელით. 8 მაგრამ ისინი მისი მსახურები გახდებიან, რათა დაინახონ, რამხელა სხვაობაა ჩემს მსახურებასა და მიწიერი მეფეების მსახურებას შორის“.
9 გაილაშქრა ეგვიპტის მეფე შიშაკმა იერუსალიმზე და წაიღო იეჰოვას ტაძრისა და მეფის სასახლის საგანძური;+ ყველაფერი წაიღო, მათ შორის სოლომონის მიერ გაკეთებული ოქროს ფარები.+ 10 მათ სანაცვლოდ მეფე რობოამმა სპილენძის ფარები გააკეთა და მცველთა ზედამხედველებს ჩააბარა, რომლებიც მეფის სასახლის შესასვლელს სდარაჯობდნენ. 11 როცა მეფე იეჰოვას ტაძარში მიდიოდა, მცველები შედიოდნენ და გამოჰქონდათ ისინი, შემდეგ კი სადარაჯო ოთახში აბრუნებდნენ. 12 რაკი თავი დაიმდაბლა მან, დაცხრა იეჰოვას რისხვა+ და ბოლომდე აღარ მოსპო ისინი;+ კარგ საქმეებსაც იქმოდნენ იუდაში.+
13 მეფე რობოამმა განიმტკიცა ძალაუფლება იერუსალიმში და განაგრძო მეფობა. 41 წლისა გამეფდა რობოამი და 17 წელი მეფობდა იერუსალიმში, ქალაქში, რომელიც ისრაელის ტომთა სამკვიდროებიდან ამოარჩია იეჰოვამ თავისი სახელის დასავანებლად. მეფის დედა ამონელი ნაამა იყო.+ 14 ბოროტებას სჩადიოდა რობოამი, რადგან მთელი გულით არ ემსახურებოდა იეჰოვას.+
15 რობოამის საქმეები, პირველიდან უკანასკნელამდე, შემაიას+ წინასწარმეტყველებასა და წინასწარმხილველ იდოს+ საგვარეულო ნუსხაშია ჩაწერილი. გაუთავებელი ომი იყო რობოამსა და იერობოამს შორის.+ 16 განისვენა რობოამმა თავისი მამა-პაპის გვერდით და დამარხეს ის დავითის ქალაქში.+ მის შემდეგ მისი ვაჟი აბია+ გამეფდა.