სამუელი — წიგნი პირველი
24 როგორც კი საული ფილისტიმელთაგან დაბრუნდა, შეატყობინეს, დავითი ენ-გედის უდაბნოშიაო.+
2 გამოარჩია საულმა 3 000 კაცი მთელი ისრაელიდან და დავითისა და მისი ხალხის საძებნელად გარეული თხების კლდეებისკენ გაემართა. 3 მიადგა ქვის ფარეხებს გზის პირას, სადაც გამოქვაბული იყო. შიგ შევიდა საული მოსასაქმებლად. ამ დროს დავითი და მისი ხალხი გამოქვაბულის სიღრმეში ისხდნენ.+ 4 უთხრა დავითს თავისმა ხალხმა: „აი, დადგა დღე, როცა გეუბნება იეჰოვა, ხელში გიგდებ შენს მტერს+ და რაც გინდა, ის უყავიო!“ ადგა დავითიც და საულის მოსასხამს ჩუმად კიდე მოაჭრა. 5 ამის შემდეგ გული მსჯავრს სდებდა დავითს,+ რადგან კიდე მოაჭრა საულის მოსასხამს; 6 უთხრა თავის ხალხს: „იეჰოვამ დამიფაროს, ასეთი რამ გავუკეთო ჩემს ბატონს, იეჰოვას ცხებულს, და რამე დავუშავო მას; ის ხომ იეჰოვას ცხებულია“.+ 7 ამ სიტყვებით შეაკავა* დავითმა თავისი ხალხი და ნება არ მისცა, თავს დასხმოდნენ საულს. გამოვიდა საული გამოქვაბულიდან და თავისი გზით წავიდა.
8 მაშინ ადგა დავითი, გამოვიდა გამოქვაბულიდან და დაუძახა საულს: „მეფე-ბატონო!“+ საულმაც მოიხედა, დავითმა კი მუხლი მოიყარა და პირქვე დაემხო. 9 უთხრა დავითმა საულს: „რატომ უსმენ მათ, ვინც ჩემზე გეუბნება, გადაგემტერაო დავითი?+ 10 დღეს საკუთარი თვალით ნახე, როგორ ჩამიგდო ხელში შენი თავი იეჰოვამ გამოქვაბულში. მაგრამ, როცა მითხრეს, მოკალიო,+ შემებრალე და ვთქვი, არ ვიზამ ამას და არაფერს დავუშავებ ჩემს ბატონს, რადგან იეჰოვას ცხებულია-მეთქი.+ 11 შეხედე, მამაჩემო, ხელში მიჭირავს შენი მოსასხამის კიდე. არ მოგკალი, როცა შენს მოსასხამს კიდე მოვაჭერი. ხომ ხედავ, არც გმტრობ და არც გეურჩები, ბრალი არ მიმიძღვის შენ წინაშე,+ შენ კი მოსაკლავად დამდევ.+ 12 იეჰოვამ განგვსაჯოს მე და შენ+ და იეჰოვამ იძიოს შური შენზე ჩემ გამო,+ მე არაფერს დაგიშავებ.+ 13 ძველად ამბობდნენ, ბოროტება ბოროტისგან გამოვაო; რაკი ასეა, მე ხელს არ გახლებ. 14 ვის დაედევნა ისრაელის მეფე? ვის მისდევ? მკვდარ ძაღლს? რწყილს?+ 15 იეჰოვა იყოს მსაჯული; ის განგვსჯის მეც და შენც, გამოიკვლევს ჩემს საქმეს, მხარს დამიჭერს,+ გამამართლებს და დამიხსნის შენი ხელიდან“.
16 როცა დაასრულა დავითმა ეს სიტყვები, საულმა მიუგო: „ეს შენი ხმაა, შვილო, დავით?!“+ და ხმამაღლა ატირდა საული. 17 უთხრა დავითს: „შენ ჩემზე მართალი ხარ, რადგან კარგად მექცეოდი, მე კი ბოროტებით გიხდიდი.+ 18 დღესაც ხომ მითხარი, რა სიკეთეც გამიკეთე, რომ არ მომკალი, როცა იეჰოვამ ხელში ჩაგიგდო ჩემი თავი.+ 19 ვინ გაუშვებს მტერს უვნებელს, თუკი ხელში ჩაიგდებს მას?! იეჰოვა სიკეთით გადაგიხდის იმ სიკეთის სანაცვლოდ,+ დღეს რომ გამიკეთე. 20 ახლა კი ვხვდები, რომ ნამდვილად იმეფებ+ და მუდამ შენი იქნება ისრაელის სამეფო. 21 იეჰოვა დაიფიცე,+ რომ არ გამინადგურებ შთამომავლებს ჩემ შემდეგ და არ ამოძირკვავ ჩემს სახელს მამაჩემის საგვარეულოდან“.+ 22 დავითმაც შეჰფიცა საულს და დაბრუნდა შინ საული,+ დავითმა და მისმა ხალხმა კი კვლავ სამალავს მიაშურეს.+