იერემია
7 ეუწყა იეჰოვას სიტყვა იერემიას: 2 «დადექი იეჰოვას ტაძრის კარიბჭესთან და გააცხადე ეს ცნობა: „ისმინეთ იეჰოვას სიტყვა, იუდას მკვიდრნო, იეჰოვას თაყვანსაცემად ამ კარიბჭეებში რომ შედიხართ. 3 აი, რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: გაასწორეთ თქვენი სავალი, გამოასწორეთ თქვენი საქმეები და დაგტოვებთ ამ ადგილზე.+ 4 არ ენდოთ ცრუ სიტყვებს და არ იძახოთ, ეს იეჰოვას ტაძარია, იეჰოვას ტაძარია, იეჰოვას ტაძარიაო!+ 5 თუ გაასწორებთ თქვენს სავალს და გამოასწორებთ თქვენს საქმეებს, თუ მოძმეთა შორის სამართალს გააჩენთ,+ 6 თქვენ შორის მცხოვრებ უცხოელს, ობოლსა და ქვრივს არ დაჩაგრავთ,+ უდანაშაულო სისხლს არ დაღვრით მაგ ადგილზე და სხვა ღმერთების თაყვანისმცემლები არ გახდებით თქვენდა საუბედუროდ,+ 7 მაშინ მეც დაგტოვებთ მაგ ადგილზე, მიწაზე, რომელიც თქვენს მამა-პაპას მივეცი, რომ მანდ ეცხოვრათ სამარადისოდ.
8 თუმცა თქვენ ცრუ და უსარგებლო სიტყვებზე ამყარებთ იმედს.+ 9 როგორ შეიძლება, ქურდობდეთ,+ კლავდეთ, მრუშობდეთ, ცრუდ იფიცებდეთ,+ ბაალს სწირავდეთ მსხვერპლს,+ თქვენთვის მანამდე უცნობ ღმერთებს სცემდეთ თაყვანს, 10 მერე მოდიოდეთ, დგებოდეთ ჩემ წინაშე ამ ტაძარში, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, და ამ საზიზღარ საქმეთა ჩადენის შემდეგ ამბობდეთ, გადავრჩებითო?! 11 ჩემი სახელით წოდებული ტაძარი ყაჩაღების ბუნაგი ხომ არ გგონიათ?!+ ყველაფერს ვხედავ, — ამბობს იეჰოვა. —
12 აბა, წადით შილოში,+ იმ ადგილას, რომელიც ჩემი სახელის განსადიდებლად ამოვირჩიე,+ და ნახეთ, რა დავმართე მას ჩემი ხალხის, ისრაელის, ბოროტების გამო.+ 13 თქვენ სჩადიოდით ყველა ამ სისაძაგლეს, — ამბობს იეჰოვა. — დილაადრიან ვდგებოდი და გელაპარაკებოდით, მაგრამ თქვენ არ მისმენდით;+ მე გეძახდით, თქვენ კი არ მპასუხობდით.+ 14 ამიტომ, რაც შილოს დავმართე, იმავეს დავმართებ+ ჩემი სახელით წოდებულ ტაძარსაც,+ რომლის იმედიც გაქვთ,+ და ადგილს, რომელიც თქვენ და თქვენს მამა-პაპას მოგეცით. 15 თავიდან მოგიშორებთ, როგორც თქვენი მოძმენი, ეფრემის მთელი შთამომავლობა, მოვიშორე“.+
16 ნუ ილოცებ ამ ხალხისთვის; ნუ შემევედრები, ნუ ილოცებ და ნუ შემეხვეწები,+ რადგან არ მოგისმენ.+ 17 ვერ ხედავ, რას აკეთებენ იუდას ქალაქებსა და იერუსალიმის ქუჩებში?! 18 ვაჟები შეშას აგროვებენ, მამები ცეცხლს ანთებენ, ცოლები ცის დედოფლისთვის* მსხვერპლად შესაწირი კვერების გამოსაცხობად ცომს ზელენ;+ დასაღვრელ შესაწირავს უღვრიან სხვა ღმერთებს, რომ შეურაცხმყონ.+ 19 განა მე შეურაცხმყოფენ?! — ამბობს იეჰოვა. — თავიანთ თავს შეურაცხყოფენ, თავს ირცხვენენ!+ 20 ამიტომ აი, რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: გადმოვღვრი ჩემს რისხვასა და მრისხანებას ამ ადგილზე,+ ადამიანებზე, პირუტყვზე, მინდვრის ხეებსა და მიწის ნაყოფზე; აგიზგიზდება ის და აღარ ჩაქრება.+
21 აი, რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: დაუმატეთ თქვენს მთლიანად დასაწვავ მსხვერპლს სხვა შესაწირავებიც და ჭამეთ ხორცი.+ 22 იმ დღეს, როცა თქვენი მამა-პაპა ეგვიპტიდან გამოვიყვანე, მათთვის არც მითქვამს და არც მიბრძანებია, მთლიანად დასაწვავი მსხვერპლი და შესაწირავი შემომწირეთ-მეთქი.+ 23 მე ვუბრძანე, დამემორჩილეთ და თქვენი ღმერთი ვიქნები, თქვენ კი ჩემი ხალხი იქნებით-მეთქი;+ იმ გზით იარეთ, რომელზე სიარულსაც გიბრძანებთ, რათა ხელი მოგემართოთ-მეთქი.+ 24 მათ კი არ მომისმინეს, ყური არ დამიგდეს;+ თავიანთი ბოროტი და ჯიუტი გულის ზრახვებს იყვნენ აყოლილნი;+ ამიტომაც წინ წასვლის ნაცვლად უკან-უკან მიდიოდნენ 25 იმ დღიდან მოყოლებული, რაც თქვენი მამა-პაპა ეგვიპტიდან გამოვიყვანე, დღემდე.+ ვუგზავნიდი ჩემს ხალხს წინასწარმეტყველებს; ყოველდღე დილაადრიან ვდგებოდი, ვუგზავნიდი და ვუგზავნიდი.+ 26 არ მომისმინეს, ყური არ მათხოვეს,+ არ მოიდრიკეს ქედი; თავიანთ მამა-პაპაზე უარესად იქცეოდნენ!
27 ეტყვი მათ ამ სიტყვებს,+ მაგრამ არ მოგისმენენ. მოუხმობ, მაგრამ პასუხს არ გაგცემენ. 28 გადაეცი მათ: „ეს ის ხალხია, რომელიც თავის ღმერთს, იეჰოვას, არ ემორჩილება და არ იღებს დარიგებას. ერთგულება გაქრა და აღარც კი იხსენიებენ.+
29 გადაიპარსეთ გრძელი თმა და გადაყარეთ; იმღერეთ სამგლოვიარო სიმღერა მოტიტვლებულ გორებზე, რადგან იეჰოვამ უარყო ეს თაობა; განრისხებულია ამ თაობაზე და მიატოვებს მას. 30 იუდას მკვიდრნი იმას სჩადიან, რაც ჩემს თვალში ბოროტებაა, — ამბობს იეჰოვა. — თავიანთ საზიზღარ კერპებს დგამენ ჩემი სახელით წოდებულ ტაძარში, რათა წაბილწონ.+ 31 მოაწყვეს სათაყვანო მაღლობები თოფეთში ჰინომის* ძის ველზე,+ ცეცხლში რომ დაწვან თავიანთი ვაჟები და ასულები,+ რაც არ მიბრძანებია მათთვის, გულშიც კი არ გამივლია.+
32 ამიტომ დადგება დრო, — ამბობს იეჰოვა, — როცა მას აღარც თოფეთი ერქმევა და აღარც ჰინომის ძის ველი; მას სასაკლაო ველი დაერქმევა. მკვდრებს თოფეთში მანამ დამარხავენ, სანამ ადგილი იქნება.+ 33 გვამებს ცის ფრინველები და მიწის მხეცები შეჭამენ და არავინ დააფრთხობს მათ.+ 34 ჩავახშობ იუდას ქალაქებსა და იერუსალიმის ქუჩებში სიხარულისა და მხიარულების ხმას, ნეფისა და პატარძლის ხმას,+ რადგან განადგურდება ეს ქვეყანა“».+