სამუელი — წიგნი პირველი
28 იმ დროს ფილისტიმელებმა თავიანთი ჯარები შეკრიბეს, ისრაელს რომ შებრძოლებოდნენ.+ აქიშმა დავითს უთხრა: „ხომ იცი, ჩემთან ერთად უნდა გამოხვიდეთ საომრად შენც და შენი ხალხიც!“+ 2 დავითმა მიუგო: „შენც ხომ იცი, რომ ასეც მოიქცევა შენი მსახური!“ აქიშმა უთხრა: „ამისთვის ჩემს მცველად დაგნიშნავ და მუდამ ჩემი მცველი იქნები!“+
3 სამუელი უკვე მკვდარი იყო, გამოტირებული ჰყავდა ის მთელ ისრაელს და თავის ქალაქში, რამაში, იყო დამარხული.+ საულს განდევნილი ჰყავდა ქვეყნიდან სულების გამომძახებლები და მკითხავები.+
4 შეიკრიბნენ ფილისტიმელები, მივიდნენ შუნემში+ და იქ დაბანაკდნენ. საულმაც შეკრიბა მთელი ისრაელი და გილბოას+ მთაზე დაბანაკდა. 5 ფილისტიმელთა ბანაკის დანახვაზე საულს შიშისგან გული აუკანკალდა.+ 6 რამდენჯერმე მიმართა მან იეჰოვას რჩევისთვის,+ მაგრამ არ გაუცია იეჰოვას პასუხი არც სიზმრით, არც ურიმით+ და არც წინასწარმეტყველთა პირით. 7 ბოლოს საულმა თავის მსახურებს უთხრა: „მომიძებნეთ სულების გამომძახებელი ქალი.+ წავალ მასთან და რჩევას ვკითხავ“. მსახურებმა მიუგეს: „ენ-დორშია+ ერთი სულების გამომძახებელი ქალი“.
8 ისე ჩაიცვა საულმა, რომ ვერავის ეცნო, წავიდა, თან ორი კაცი გაიყოლა და ღამით მივიდა იმ ქალთან. მან ქალს სთხოვა: „სულების გამომძახებელო,+ მიმკითხავე და ის გამომიძახე, ვისზეც გეტყვი!“ 9 ქალმა მიუგო: „არ იცი, რა გააკეთა საულმა, ქვეყნიდან რომ განდევნა სულების გამომძახებლები და მკითხავები?!+ მახეს რატომ მიგებ, გინდა, რომ მეც მომკლან?!“+ 10 მაშინ საულმა იეჰოვა დაიფიცა და უთხრა: „ცოცხალ ღმერთს, იეჰოვას, ვფიცავ, არ ჩაგეთვლება ეს დანაშაულად!“ 11 ქალმა ჰკითხა: „ვინ გამოგიძახო?“ მან მიუგო: „სამუელი გამომიძახე!“ 12 როცა ქალმა „სამუელი“ დაინახა,+ მთელი ხმით შეკივლა და საულს უთხრა: „რატომ მომატყუე, შენ ხომ საული ხარ?!“ 13 მეფემ უთხრა: „ნუ გეშინია! რას ხედავ?“ ქალმა მიუგო: „ვიღაც ღვთის მსგავსი ამოდის მიწიდან“. 14 მან ჰკითხა: „როგორ გამოიყურება?“ ქალმა მიუგო: „მოხუცი კაცია, მოსასხამით შემოსილი“.+ მიხვდა საული, რომ ის „სამუელი“ იყო; მუხლი მოიყარა და პირქვე დაემხო.
15 მაშინ „სამუელმა“ უთხრა საულს: „რატომ შემაწუხე, რატომ გამომიძახე?“ საულმა მიუგო: „საშინელ დღეში ვარ, ფილისტიმელები მებრძვიან. ღმერთმა ზურგი მაქცია, არც წინასწარმეტყველთა პირით მპასუხობს და არც სიზმრებით.+ ამიტომაც გამოგიძახე; მითხარი, როგორ მოვიქცე!“+
16 „სამუელმა“ მიუგო: „იეჰოვამ გაქცია ზურგი+ და მტრად გექცა და მე რაღას მეკითხები?! 17 იეჰოვა იმას გააკეთებს, რაც ჩემი პირით იწინასწარმეტყველა: ხელიდან გამოგგლეჯს იეჰოვა სამეფოს და მისცემს დავითს, შენს მოძმეს.+ 18 რაკი არ დაემორჩილე იეჰოვას და არ მოსპე ამალეკელები, რომლებმაც ღმერთი განარისხეს,+ ამიტომაც მოგექცევა იეჰოვა ასე დღეს. 19 იეჰოვა შენს თავსაც ჩაუგდებს ფილისტიმელებს+ ხელში და ისრაელსაც, და ხვალ შენ+ და შენი ვაჟები+ ჩემთან იქნებით. ფილისტიმელებს ჩაუგდებს ხელში იეჰოვა ისრაელის ლაშქარს!“+
20 „სამუელის“ სიტყვების მოსმენაზე საულს ელდა ეცა და მიწაზე განერთხა; ძალაგამოცლილიც იყო, რადგან მთელი დღე და ღამე არაფერი ეჭამა. 21 როცა ქალი საულს მიუახლოვდა და ნახა, რომ ძალიან შეწუხებული იყო, უთხრა: „ხომ დაგიჯერა შენმა მხევალმა, თავი საფრთხეში ჩაიგდო+ და შენი ნათქვამისამებრ მოიქცა, 22 ახლა შენც დაუჯერე შენს მხევალს, პურის ნაჭერს დაგიდებ და ჭამე, რომ წასასვლელად ძალ-ღონე მოიკრიბო“. 23 იუარა, არ შევჭამო, მაგრამ არც ქალი და არც მსახურები არ მოეშვნენ. ბოლოს დაუჯერა, წამოდგა და ტახტზე დაჯდა. 24 ქალმა სასწრაფოდ დაკლა ნასუქი ხბო, სახლში რომ ჰყავდა; შემდეგ აიღო ფქვილი, ცომი მოზილა და ხმიადები დააცხო. 25 გაუშალა სუფრა საულსა და მის მსახურებს და მათაც ჭამეს. იმავე ღამით ადგნენ ისინი და წავიდნენ.+