მეფეები — წიგნი მეორე
14 ისრაელის მეფე იეჰოახაზის ვაჟის, იეჰოაშის,+ მეფობის მეორე წელს იუდას მეფე იეჰოაშის ვაჟი ამაცია გამეფდა. 2 ამაცია 25 წლის გამეფდა და 29 წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო იერუსალიმელი იეჰოადინი.+ 3 სწორად იქცეოდა ის იეჰოვას თვალში, მაგრამ არა ისე, როგორც მისი წინაპარი დავითი.+ ის მამამისის, იეჰოაშის მსგავსად იქცეოდა.+ 4 თუმცა სათაყვანო მაღლობები არ იყო გაუქმებული+ და ხალხი კვლავაც მაღლობებზე წვავდა და აბოლებდა შესაწირავს.+ 5 როგორც კი მან განიმტკიცა მეფობა, დახოცა თავისი მსახურები, რომლებმაც მოკლეს მეფე, მისი მამა;+ 6 მკვლელების ვაჟები კი არ დაუხოცავს იეჰოვას ბრძანებისამებრ, რადგან მოსეს კანონის წიგნში წერია: „მამები არ უნდა დაიხოცონ შვილების გამო, და არც შვილები — მამების გამო; თითოეული თავისი ცოდვის გამო უნდა მოკვდეს!“+ 7 მან 10 000 ედომელი+ დახოცა მარილოვან ველზე,+ ბრძოლით აიღო სელა,+ რომელსაც იოკთეელი ეწოდა, და დღემდე ასეა.
8 შეუთვალა ამაციამ ისრაელის მეფე იეჰოაშს, იეჰუს ვაჟის, იეჰოახაზის, ვაჟს: „მოდი და შევებათ ერთმანეთს!“+ 9 მაშინ იეჰოაშმა, ისრაელის მეფემ, შემოუთვალა იუდას მეფე ამაციას: „ლიბანის ეკლიანმა სარეველამ ლიბანის კედარს შეუთვალა, ცოლად მიათხოვეო ჩემს ვაჟს შენი ასული, მაგრამ გაიარა ლიბანის მინდვრის მხეცმა და გათელა ეკლიანი სარეველა. 10 ედომი დაამარცხე+ და გადიდგულდი; დასჯერდი პატივს და შინ დარჩი! რატომ უნდა დაიტეხო თავს უბედურება და რატომ უნდა განადგურდეს შენთან ერთად იუდაც?!“ 11 მაგრამ ამაციამ მას ყური არ ათხოვა.+
ისრაელის მეფე იეჰოაში და იუდას მეფე ამაცია იუდას ბეთ-შემეშში+ შეებნენ ერთმანეთს.+ 12 დამარცხდა იუდა ისრაელთან და ყველა შინ გაიქცა. 13 ისრაელის მეფე იეჰოაშმა ბეთ-შემეშში შეიპყრო იუდას მეფე ამაცია, ახაზიას ვაჟის, იეჰოაშის ვაჟი, და იერუსალიმში მიიყვანა; 400 წყრთაზე* გაანგრია იერუსალიმის გალავანი ეფრემის კარიბჭიდან+ კუთხის კარიბჭემდე;+ 14 წაიღო მთელი ოქრო-ვერცხლი და ყველა ნივთი, რაც იეჰოვას ტაძარში და მეფის სასახლის საგანძურში ინახებოდა; თან წაიყვანა მძევლებიც და სამარიაში დაბრუნდა.
15 იეჰოაშის დანარჩენ საქმეებზე, მის ძლევამოსილებასა და იუდას მეფე ამაციასთან ბრძოლაზე ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. 16 განისვენა იეჰოაშმა და დამარხეს იგი თავისი მამა-პაპის, ისრაელის მეფეების გვერდით სამარიაში.+ მის შემდეგ მისი ვაჟი იერობოამი*+ გამეფდა.
17 იუდას მეფე ამაციამ,+ იეჰოაშის ვაჟმა, ისრაელის მეფე იეჰოაშის,+ იეჰოახაზის ვაჟის, სიკვდილის შემდეგ 15 წელი იცოცხლა.+ 18 ამაციას დანარჩენი საქმეები იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. 19 ბოლოს შეთქმულება მოუწყვეს მას+ იერუსალიმში. გაიქცა იგი ლაქიშში, მაგრამ კაცები მიუგზავნეს და მოკლეს. 20 ცხენებით წამოასვენეს ის და დამარხეს თავისი მამა-პაპის გვერდით იერუსალიმში, დავითის ქალაქში.+ 21 იუდას ხალხმა მამამისის, ამაციას+ ნაცვლად 16 წლის+ აზარია*+ გაამეფა. 22 დაუბრუნა მან იუდას ელათი+ და აღადგინა მას შემდეგ, რაც მეფემ* თავისი მამა-პაპის გვერდით განისვენა.+
23 იუდას მეფე იეჰოაშის ვაჟის, ამაციას, მეფობის მე-15 წელს ისრაელის მეფე იეჰოაშის ვაჟი იერობოამი+ გამეფდა სამარიაში და 41 წელი იმეფა. 24 ბოროტებას იქმოდა იეჰოვას თვალში; იმავე ცოდვას სჩადიოდა, რასაც ნებატის ვაჟი იერობოამი, რომელმაც ცოდვაში გახვია ისრაელი.+ 25 მან აღადგინა ისრაელის საზღვარი ლებო-ხამათიდან+ არაბის ზღვამდე*+ ისრაელის ღვთის, იეჰოვას სიტყვისამებრ, რომელიც ამითაის ვაჟის, თავისი მსახურის, გათ-ჰეფერელი+ წინასწარმეტყველის, იონას+ პირით თქვა, 26 რადგან დაინახა იეჰოვამ ისრაელის უკიდურესი გაჭირვება.+ კაცი არ დარჩენილა ისრაელში, უმწეო და უსუსურიც კი, რომ მხსნელად მოვლენოდა ისრაელს. 27 მაგრამ, იეჰოვას დაპირებისამებრ, არ მოისპობოდა ისრაელის სახსენებელი ცისქვეშეთში;+ ამიტომ იხსნა მან ისინი იეჰოაშის ვაჟის, იერობოამის ხელით.+
28 იერობოამის დანარჩენ საქმეებზე, იმ ყოველივეზე, რაც მან გააკეთა, მის ძლევამოსილებასა და იმაზე, თუ როგორ იბრძოდა, როგორ დაუბრუნა დამასკო+ და ხამათი+ იუდასა და ისრაელს, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. 29 განისვენა იერობოამმა თავისი მამა-პაპის, ისრაელის მეფეთა გვერდით. მის შემდეგ მისი ვაჟი ზაქარია+ გამეფდა.