იესო ნავეს ძე
24 შეკრიბა იესო ნავეს ძემ ისრაელის ყველა ტომი შექემში და მოუხმო ისრაელის უხუცესებს, თავკაცებს, მსაჯულებსა და მთავრებს;+ წარდგნენ ისინი ღვთის წინაშე. 2 უთხრა ხალხს იესომ: «აი, რას ამბობს იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „დიდი ხნის წინათ+ თქვენი წინაპრები,+ მათ შორის აბრაამისა და ნახორის მამა თერახი, მდინარის* გაღმა ცხოვრობდნენ და სხვა ღმერთებს ეთაყვანებოდნენ.+
3 წამოვიყვანე თქვენი წინაპარი აბრაამი+ მდინარის გაღმიდან, მთელი ქანაანის მიწა მოვატარე და შთამომავლობა გავუმრავლე.+ მივეცი მას ისაკი,+ 4 ისაკს კი — იაკობი და ესავი.+ ესავს სეირის მთა მივეცი დასამკვიდრებლად,+ იაკობი და მისი ვაჟები კი ეგვიპტეში ჩავიდნენ.+ 5 შემდეგ გავგზავნე მოსე და აარონი,+ უბედურება დავატეხე ეგვიპტეს+ და გამოგიყვანეთ იქიდან. 6 როცა თქვენი მამა-პაპა ეგვიპტიდან გამომყავდა,+ ისინი წითელ ზღვას მიადგნენ, ეგვიპტელები კი, რომლებიც საომარი ეტლებითა და მხედრებით მოსდევდნენ, ზღვასთან წამოეწივნენ;+ 7 მაშინ შეღაღადა თქვენმა მამა-პაპამ იეჰოვას+ და მეც სიბნელე მოვავლინე მათსა და ეგვიპტელებს შორის, თავზე ჩამოვაქციე ეგვიპტელებს ზღვა და შთაინთქნენ ისინი.+ თქვენი თვალით იხილეთ, რა მოვიმოქმედე ეგვიპტეში.+ მას შემდეგ მრავალი წელი უდაბნოში ცხოვრობდით.+
8 მიგიყვანეთ ამორეველთა მიწაზე იორდანის გაღმა; შეგებრძოლნენ,+ მე კი ხელში ჩაგიგდეთ ისინი, რომ დაუფლებოდით მათ მიწას; თქვენ თვალწინ გავანადგურე ისინი.+ 9 მოაბის მეფის, ციფორის, ვაჟი ბალაკი შეებრძოლა ისრაელს. თქვენ დასაწყევლად მოუხმო ბეორის ძე ბალაამს.+ 10 არ ვისურვე ბალაამის მოსმენა,+ და ბოლოს რამდენჯერმე დავალოცვინე კიდეც თქვენი თავი;+ ასე გიხსენით მისი ხელიდან.+
11 შემდეგ იორდანე გადაკვეთეთ+ და იერიხონს მიადექით.+ შეგებრძოლნენ იერიხონის თავკაცები*, ამორეველები, ფერიზელები, ქანაანელები, ხეთელები, გირგაშელები, ხიველები და იებუსელები, მაგრამ მე ხელში ჩაგიგდეთ ისინი;+ 12 თქვენ მისვლამდე მხნეობა წავართვი* და ჩამოგეცალნენ გზიდან,+ როგორც ამორეველთა ორი მეფე, თუმცა ეს თქვენი მახვილით და მშვილდით არ მომხდარა.+ 13 მოგეცით ის მიწა, რომლისთვისაც არ გიშრომიათ, და ქალაქები, რომლებიც არ აგიშენებიათ,+ და იქ დასახლდით; იმ ვენახებიდან და ზეთისხილის იმ ბაღებიდან საზრდოობთ, რომლებიც თქვენ არ გაგიშენებიათ“.+
14 ამიტომ გეშინოდეთ იეჰოვასი და უმწიკვლოდ*, ერთგულად ემსახურეთ მას,+ უარყავით ის ღმერთები, რომლებსაც თქვენი მამა-პაპა ემსახურებოდა მდინარის გაღმა და ეგვიპტეში,+ და იეჰოვას ემსახურეთ. 15 თუ არ გინდათ, რომ იეჰოვას ემსახუროთ, მაშინ დღესვე აირჩიეთ, ვის ემსახურებით+ — იმ ღმერთებს, რომლებსაც თქვენი მამა-პაპა ემსახურებოდა მდინარის გაღმა,+ თუ ამორეველთა ღმერთებს, რომელთა მიწაზეც ცხოვრობთ;+ მე და ჩემი სახლეულობა კი იეჰოვას ვემსახურებით!»
16 ამაზე ხალხმა მიუგო: „როგორ მივატოვებთ იეჰოვას და როგორ ვემსახურებით სხვა ღმერთებს?! 17 განა ჩვენმა ღმერთმა იეჰოვამ არ გამოგვიყვანა ჩვენ და ჩვენი მამა-პაპა ეგვიპტის მიწიდან,+ სადაც მონები ვიყავით?!+ მან მოიმოქმედა ჩვენ თვალწინ სასწაულები,+ გვიცავდა მთელ გზაზე და იმ ხალხებისგანაც დაგვიცვა, რომელთა შორისაც გამოვიარეთ.+ 18 იმ მიწაზე ჩვენამდე მცხოვრები ყველა ხალხი განდევნა იეჰოვამ, მათ შორის ამორეველები. ამიტომ ჩვენც იეჰოვას ვემსახურებით, რადგან ის არის ჩვენი ღმერთი!“
19 უთხრა იესომ ხალხს: „შეძლებთ იეჰოვას მსახურებას? ის ხომ წმინდა ღმერთია+ და არ იწყნარებს ორგულობას.+ არ გაპატიებთ დანაშაულსა და ცოდვებს.+ 20 ხომ ბევრი სიკეთე გაუკეთებია იეჰოვას თქვენთვის, მაგრამ, თუ ზურგს შეაქცევთ და უცხოტომელთა ღმერთებს ემსახურებით, ისიც ზურგს შეგაქცევთ და მუსრს გაგავლებთ!“+
21 მიუგო ხალხმა იესოს: „არა, ჩვენ იეჰოვას ვემსახურებით!“+ 22 მაშინ იესომ უთხრა ხალხს: „თქვენ ხართ მოწმეები თქვენივე თავის წინააღმდეგ, რადგან თავად არჩიეთ იეჰოვას მსახურება!“+ ამაზე მათ მიუგეს: „მოწმეები ვართ!“
23 „მოიშორეთ კერპები და მთელი გულით ემსახურეთ იეჰოვას, ისრაელის ღმერთს!“ 24 მიუგო ხალხმა იესოს: „იეჰოვას, ჩვენს ღმერთს, ვემსახურებით და მას დავემორჩილებით!“
25 იმ დღეს იესომ შეთანხმება დაუდო ხალხს და დაუდგინა წესი და კანონი შექემში. 26 ჩაწერა იესომ ეს სიტყვები ღვთის კანონის წიგნში,+ აიღო დიდი ქვა+ და დიდი ხის ძირას სვეტად აღმართა იეჰოვას წმინდა ადგილას.
27 უთხრა იესომ მთელ ხალხს: „აი ეს ქვა იქნება მოწმე ჩვენ წინააღმდეგ,+ რადგან მანაც ყველაფერი მოისმინა, რაც იეჰოვამ გვითხრა. ის იქნება მოწმე თქვენ წინააღმდეგ, რათა არ უარყოთ თქვენი ღმერთი“. 28 გაუშვა იესომ ხალხი თავ-თავიანთ სამკვიდროებში.+
29 ამის შემდეგ მოკვდა იესო, იეჰოვას მსახური; 110 წლისა იყო იგი.+ 30 დამარხეს ის თავის სამკვიდროში, თიმნათ-სერახში,+ ეფრემის მთიან მხარეში, გააშის მთის ჩრდილოეთით. 31 ემსახურებოდა ისრაელი იეჰოვას იესო ნავეს ძის დროსაც და იმ უხუცესების დროსაც, რომლებიც იესოს შემდეგ იყვნენ და ნანახი ჰქონდათ, რა გააკეთა იეჰოვამ ისრაელისთვის.+
32 იოსების ძვლები,+ რომლებიც ისრაელებმა ეგვიპტიდან წამოიღეს, შექემში დამარხეს, იმ მიწის ნაკვეთზე, რომელიც იაკობმა შექემის მამის, ხამორის,+ ვაჟებისგან იყიდა 100 კესიტად*+ და ის იოსების ვაჟების სამკვიდრო გახდა.+
33 მოკვდა ელეაზარიც, აარონის ვაჟი,+ და დამარხეს იგი თავისი ვაჟის, ფინხასის+ გორაზე, რომელიც ეფრემის მთიან მხარეში მისცეს მას.