მატიანე — წიგნი მეორე
31 დღესასწაულის აღნიშვნა რომ დაამთავრეს, დაიარეს ისრაელებმა იუდას ქალაქები და დაამტვრიეს სათაყვანო სვეტები,+ აჩეხეს სათაყვანო ბოძები,+ მოსპეს სათაყვანო მაღლობები+ და გაანადგურეს სამსხვერპლოები+ მთელ იუდასა და ბენიამინში, აგრეთვე ეფრემსა და მენაშეში;+ ბოლომდე მიიყვანეს საქმე, შემდეგ კი დაბრუნდნენ თავიანთ ქალაქებში, თავიანთ სამკვიდროებში.
2 ხიზკიამ მღვდლები და ლევიანები თავ-თავიანთ ჯგუფებში+ გადაანაწილა+ დაკისრებული მსახურების შესასრულებლად;+ მათ უნდა შეეწირათ დასაწვავი და სამშვიდობო მსხვერპლი, ემსახურათ და სამადლობელი და ქება-დიდება აღევლინათ იეჰოვას ეზოებში კარიბჭეებთან.+ 3 მეფემ თავისი ქონებიდან წილი გაიღო დასაწვავი მსხვერპლისთვის,+ მათ შორის დილა-საღამოს დასაწვავი მსხვერპლისთვის,+ აგრეთვე შაბათების,+ ახალმთვარობებისა+ და სადღესასწაულო+ დასაწვავი შესაწირავისთვის, როგორც ეს იეჰოვას კანონში იყო ჩაწერილი.
4 მან უბრძანა იერუსალიმის მკვიდრთ, რომ გაეღოთ მღვდლებისა და ლევიანებისთვის განკუთვნილი წილი, რათა მღვდლებსა და ლევიანებს+ იეჰოვას კანონის შესრულებისთვის მიეძღვნათ თავი. 5 ბრძანების გაცემისთანავე ისრაელებმა უხვად მოიტანეს პირველმოწეული მარცვლეული, ახალი ღვინო, ზეთი,+ თაფლი და მიწის ყოველგვარი ნაყოფი+ — ყველაფრის მეათედი.+ 6 იუდას ქალაქებში მცხოვრებმა ისრაელებმა და იუდეველებმაც მოიტანეს მეათედი ცხვარ-ძროხიდან და მეათედი იეჰოვასთვის, თავიანთი ღვთისთვის, შეწირული წმინდა ძღვნიდან.+ უხვად მოიტანეს შესაწირავი. 7 მე-3 თვეს+ დაიწყეს მოტანილი შესაწირავების ერთ ადგილას მოგროვება და მე-7 თვეს+ დაასრულეს. 8 მოვიდნენ ხიზკია და მთავრები, ნახეს უხვი შესაწირავი და განადიდეს იეჰოვა და დალოცეს მისი ხალხი, ისრაელი.
9 გამოჰკითხა ხიზკიამ მღვდლებსა და ლევიანებს მოტანილი შესაწირავების შესახებ. 10 მაშინ მღვდელმთავარმა აზარიამ, რომელიც ცადოკის საგვარეულოდან იყო, უთხრა მას: „მას შემდეგ, რაც იეჰოვას ტაძარში შესაწირავის მიტანა დაიწყეს,+ ხალხი ჭამს და კიდევ უხვადაა ყველაფერი, რადგან იეჰოვამ აკურთხა თავისი ხალხი; აი, ბევრია მონარჩენი!“+
11 ბრძანა ხიზკიამ, რომ საკუჭნაოები*+ მოემზადებინათ იეჰოვას ტაძარში, და მოამზადეს კიდეც. 12 ერთგულად მოჰქონდათ შესაწირავი, მეათედი+ და წმინდა ძღვენი. ამ საქმეს ლევიანი ქონანია უძღვებოდა, მისი ძმა შიმეი კი მეორე კაცი იყო. 13 იეხიელი, აზაზია, ნახათი, ასაჰელი, იერიმოთი, იოზაბადი, ელიელი, ისმაქია, მახათი და ბენაია მეფე ხიზკიას ბრძანებისამებრ ქონანიასა და მის ძმას, შიმეის, ეხმარებოდნენ, აზარია კი ღვთის ტაძარს ხელმძღვანელობდა. 14 ლევიანი კორე, იმნაჰის ვაჟი, აღმოსავლეთი კარიბჭის მცველი იყო+ და მას ებარა ღვთისთვის გაღებული ნებაყოფლობითი შესაწირავი.+ ის ანაწილებდა იეჰოვასთვის გაღებულ შესაწირავს+ და წმინდა ძღვენს.+ 15 მას ექვემდებარებოდნენ ედემი, მინიამინი, იეშუა, შემაია, ამარია და შექანია; მათ საპასუხისმგებლო საქმე ჰქონდათ მინდობილი — მღვდელთა ქალაქებში+ თავიანთ მოძმეებს, დიდსა თუ პატარას, მათი ჯგუფების მიხედვით+ უნაწილებდნენ შესაწირავს. 16 გარდა ამისა, შესაწირავს უნაწილებდნენ ყველა იმ მამაკაცს, რომლებიც შესული იყვნენ საგვარეულო ნუსხაში და ყოველდღიურად მოდიოდნენ იეჰოვას ტაძარში მსახურებისა და მათი ჯგუფებისთვის დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად, აგრეთვე მათ ვაჟებს 3 წლიდან ზევით.
17 მღვდლები და 20 წლიდან ზევით+ ლევიანები საგვარტომო ნუსხაში+ საგვარეულოებისა და მათი ჯგუფებისთვის+ დაკისრებული მოვალეობების მიხედვით ირიცხებოდნენ; 18 საგვარტომო ნუსხაში ყველა ლევიანი შედიოდა თავიანთი ცოლებითა და შვილებით, პატარებიც კი, რადგან ისინი ცდილობდნენ, არაფრით წაბილწულიყვნენ და ამგვარად პირნათლად შეესრულებინათ თავიანთი საპასუხისმგებლო საქმე, წმინდა მსახურება. 19 ამ საგვარტომო ნუსხაში აარონის შთამომავლებიც ირიცხებოდნენ, მღვდლები, რომლებიც თავიანთი ქალაქების გარშემო* ცხოვრობდნენ.+ ყველა ქალაქში იყვნენ შერჩეული კაცები, რათა მათ წილი მიეცათ თითოეული მღვდლისთვის და საგვარტომო ნუსხაში შესული თითოეული ლევიანისთვის.
20 ეს გააკეთა ხიზკიამ მთელ იუდაში. ის ამის მერეც კარგად და სწორად იქცეოდა და თავისი ღვთის, იეჰოვას, ერთგული იყო. 21 ხიზკია მთელი გულით ეკიდებოდა ყველა საქმეს, რაც ღვთის თაყვანისცემას ეხებოდა, იქნებოდა ეს ღვთის ტაძარში მსახურება+ და მისი კანონებისა თუ მცნებების დაცვა, და ხელიც ემართებოდა.