ეკლესიასტე
6 ვიხილე კაცთა მოდგმის კიდევ ერთი უბედურება ამ ცისქვეშეთში: 2 კაცს სიმდიდრეს, ქონებას და დიდებას ღმერთი აძლევს; რასაც მოისურვებს, ყველაფერი აქვს, თუმცა ღმერთი არ აძლევს იმის საშუალებას, რომ ამ ყოველივეთი გაიხაროს; მისით უცხო ხარობს. ესეც ამაოებაა და დიდი უბედურება. 3 კაცს ასი შვილიც რომ ჰყავდეს, დღეგრძელიც რომ იყოს, მოხუცდეს, მაგრამ საფლავში ისე ჩავიდეს, რომ სიამე ვერ ნახოს, ასეთ კაცზე ვიტყვი, მკვდრადნაშობიც კი სჯობია-მეთქი;+ 4 ის ამაოდ მოევლინა ქვეყანას და სიბნელეში წავიდა; სიბნელემ შთანთქა მისი სახელი. 5 მას არც მზე უხილავს და არც არაფერი სცოდნია, მაგრამ მისი ხვედრი უკეთესია.+ 6 კაცმა ორი ათასი წელიც რომ იცხოვროს, რას არგებს, თუ ვერ გაიხარებს?! განა ყველა ერთსა და იმავე ადგილას არ მიდის?!+
7 კაცი იმისთვის ირჯება, რომ მუცელი ამოივსოს,+ მაგრამ მაინც ვერ ძღება. 8 ბრძენი სულელზე რით უპირატესობს?!+ ან რაში არგია ღარიბს იმის ცოდნა, თუ როგორ გაიტანოს თავი?! 9 ჯობია, იმით იხარო, რასაც ხედავ, ვიდრე ის მოისურვო, რასაც ვერ მიიღებ. ესეც ამაოებაა და ქარის დევნა.
10 რაც არსებობს, იმას უკვე დაერქვა სახელი, და ისიც ცნობილია, რა არის ადამიანი; ის თავისზე ძლიერს ვერ შეედავება. 11 ბევრ სიტყვას* ბევრი ამაოება სდევს თან და რაში არგია ეს კაცს?! 12 ვინ იცის, რისი კეთებაა კაცისთვის უკეთესი მისი ხანმოკლე და ამაო ცხოვრების განმავლობაში, რომელიც ჩრდილივითაა?!+ ვინ ეტყვის კაცს, რა მოხდება ამ ცისქვეშეთში მისი წასვლის შემდეგ?!