მატიანე — წიგნი მეორე
25 ამაცია 25 წლის გამეფდა და 29 წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო იერუსალიმელი იეჰოადანი.+ 2 სწორად იქცეოდა ის იეჰოვას თვალში, თუმცა არა მთელი გულით. 3 როგორც კი განიმტკიცა მეფობა, დახოცა თავისი მსახურები, რომლებმაც მოკლეს მეფე, მისი მამა.+ 4 მათი ვაჟები კი არ დაუხოცავს, რადგან კანონში, მოსეს წიგნში, ჩაწერილ იეჰოვას ბრძანებას მიჰყვა: „მამები არ უნდა დაიხოცონ შვილების გამო, და არც შვილები — მამების გამო; თითოეული თავისი ცოდვის გამო უნდა მოკვდეს!“+
5 შეკრიბა ამაციამ იუდა და შტოების, ათასისთავებისა და ასისთავების მიხედვით დააყენა მთელი იუდა და ბენიამინი.+ აღრიცხა ისინი 20 წლიდან ზევით+ და შეარჩია 300 000 რჩეული მეომარი, რომელთაც შუბისა და დიდი ფარის ხმარება შეეძლოთ. 6 მან 100 000 მამაცი მეომარიც დაიქირავა ისრაელიდან 100 ტალანტ* ვერცხლად. 7 მივიდა მასთან ღვთის კაცი და უთხრა: „მეფეო, თან ნუ წაიყვან ისრაელის ჯარს, რადგან არ არის იეჰოვა ისრაელთან,+ ეფრემელებთან. 8 მხოლოდ შენ წადი და გაბედულად შეები მათ, თორემ დაგამარცხებს ღმერთი მტრის წინაშე, რადგან მას შველაც შეუძლია+ და დამარცხებაც!“ 9 მაშინ ამაციამ ჰკითხა ღვთის კაცს: „100 ტალანტ ვერცხლს რაღა ვუყო, ისრაელის ჯარს რომ მივეცი?“ ღვთის კაცმა მიუგო: „იეჰოვას ამაზე ბევრად მეტის მოცემაც შეუძლია!“+ 10 მაშინ დაითხოვა ამაციამ ეფრემიდან მოსული რაზმები, ისინი კი განრისხდნენ იუდაზე და გამწარებულნი გაბრუნდნენ შინ.
11 ამაციამ გამბედაობა მოიკრიბა და თავის ჯარს მარილოვანი ველისკენ წაუძღვა,+ სადაც 10 000 სეირელი დასცა,+ 12 10 000 კაცი კი ცოცხლად შეიპყრეს იუდასტომელებმა, კლდეზე აიყვანეს და იქიდან გადმოყარეს; ყველანი დაიხოცნენ. 13 იმ რაზმის მეომრები კი, რომლებიც ამაციამ საომრად აღარ გაიყოლა,+ თავს ესხმოდნენ იუდას ქალაქებს სამარიიდან+ ბეთ-ხორონამდე.+ მათ 3 000 კაცი დახოცეს და დიდი ნადავლი წაიღეს.
14 დაბრუნდა ამაცია ედომელების განადგურების შემდეგ და თან წამოიღო სეირელთა კერპები; ღმერთებად გაიხადა ისინი,+ თაყვანს სცემდა და შესაწირავს სწირავდა მათ. 15 განრისხდა იეჰოვა ამაციაზე და გაუგზავნა მას წინასწარმეტყველი, რომელმაც უთხრა: „რატომ სცემ თაყვანს იმ ღმერთებს, რომლებმაც თავიანთი ხალხი ვერ იხსნეს შენი ხელიდან?!“+ 16 ჯერ კიდევ ელაპარაკებოდა ის მეფეს, როცა მეფემ უთხრა: „ვინ დაგნიშნა მეფის მრჩევლად?!+ გაჩერდი!+ რისთვის უნდა მოაკვლევინო თავი?!“ წინასწარმეტყველიც გაჩერდა, თუმცა დასძინა: „ღმერთს შენი დაღუპვა აქვს გადაწყვეტილი, რადგან ასე მოიქეცი და ყური არ ათხოვე ჩემს რჩევას!“+
17 მოეთათბირა იუდას მეფე ამაცია თავის მრჩევლებს და შეუთვალა ისრაელის მეფე იეჰოაშს, იეჰუს ვაჟის, იეჰოახაზის, ვაჟს: „მოდი და შევებათ ერთმანეთს!“+ 18 მაშინ იეჰოაშმა, ისრაელის მეფემ, შემოუთვალა იუდას მეფე ამაციას: „ლიბანის ეკლიანმა სარეველამ ლიბანის კედარს შეუთვალა, ცოლად მიათხოვეო ჩემს ვაჟს შენი ასული, მაგრამ გაიარა ლიბანის მინდვრის მხეცმა და გათელა ეკლიანი სარეველა. 19 ამბობ, ედომი დავამარცხეო.+ გადიდგულდი და განდიდებას ესწრაფვი. შინ დარჩი! რატომ უნდა დაიტეხო თავს უბედურება და რატომ უნდა განადგურდეს შენთან ერთად იუდაც?!“
20 არ ათხოვა ყური ამაციამ,+ რადგან ღვთის ნება იყო, რომ მტრის ხელში ჩაცვენილიყვნენ+ ისინი ედომელთა ღმერთების თაყვანისცემის გამო.+ 21 ისრაელის მეფე იეჰოაში და იუდას მეფე ამაცია იუდას ბეთ-შემეშში+ შეებნენ ერთმანეთს. 22 დამარცხდა იუდა ისრაელთან და ყველა შინ გაიქცა. 23 ისრაელის მეფე იეჰოაშმა ბეთ-შემეშში შეიპყრო იუდას მეფე ამაცია, იეჰოახაზის* ვაჟის, იეჰოაშის, ვაჟი, და იერუსალიმში მიიყვანა; 400 წყრთაზე* გაანგრია იერუსალიმის გალავანი ეფრემის კარიბჭიდან+ კუთხის კარიბჭემდე.+ 24 წაიღო მთელი ოქრო-ვერცხლი და ყველა ნივთი, რაც ობედ-ედომს ებარა ღვთის ტაძარში*, აგრეთვე წაიღო ის ოქრო-ვერცხლიცა და ნივთებიც მეფის სასახლის საგანძურში რომ ინახებოდა;+ თან წაიყვანა მძევლებიც და სამარიაში დაბრუნდა.
25 იუდას მეფე ამაციამ,+ იეჰოაშის ვაჟმა, ისრაელის მეფე იეჰოაშის,+ იეჰოახაზის ვაჟის, სიკვდილის შემდეგ 15 წელი იცოცხლა.+ 26 ამაციას დანარჩენი საქმეები, პირველიდან უკანასკნელამდე, იუდასა და ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. 27 მას შემდეგ, რაც ამაცია იეჰოვას განუდგა, შეთქმულება მოუწყვეს+ მას იერუსალიმში. გაიქცა ის ლაქიშში, მაგრამ კაცები მიუგზავნეს და მოკლეს. 28 ცხენებით წამოასვენეს ის და დამარხეს თავისი მამა-პაპის გვერდით იუდას ქალაქში.