გამოსვლა
35 მოსემ თავი მოუყარა მთელ ისრაელს და უთხრა: „აი, რა ბრძანა იეჰოვამ:+ 2 ექვსი დღე შეგიძლიათ აკეთოთ საქმე, მეშვიდე დღე კი წმინდა უნდა იყოს თქვენთვის, დასვენების შაბათი იეჰოვასთვის.+ ვინც ამ დღეს იმუშავებს, უნდა მოკვდეს.+ 3 არ დაანთოთ ცეცხლი თქვენს საცხოვრებლებში შაბათ დღეს“.
4 შემდეგ მოსემ მთელ ისრაელს უთხრა: „აი, რა ბრძანა იეჰოვამ: 5 შეაგროვეთ იეჰოვას შესაწირავი.+ ვინც გულით მოისურვებს,+ იეჰოვასთვის შესაწირავად მოიტანოს: ოქრო, ვერცხლი, სპილენძი, 6 ლურჯი ძაფი, იისფერი მატყლის ძაფი, ალისფერი ნართი, ძვირფასი სელის ძაფი, თხისური,+ 7 წითლად შეღებილი ვერძის ტყავი, სელაპის ტყავი, აკაციის ხე, 8 ზეთი ლამპრებისთვის, ბალზამი საცხები ზეთისა და სურნელოვანი საკმევლისთვის,+ 9 ონიქსის ქვები და სხვა ქვები ეფოდისა+ და სამკერდის გასაწყობად.+
10 ვისაც თქვენ შორის მარჯვე ხელი აქვს*,+ მოვიდეს და იეჰოვას ბრძანებისამებრ დაამზადოს: 11 კარავი და მისი გადასაფარებელი, სამაგრები, ჩარჩოები, ძელები, სვეტები და საყრდენები; 12 კიდობანი+ და მისი კეტები,+ სახურავი+ და გამყოფი ფარდა;+ 13 მაგიდა+ და მისი კეტები, მთელი მისი მოწყობილობა და წარსადგენი პური;+ 14 სალამპრე+ გასანათებლად და მისი მოწყობილობა, ლამპრები და ზეთი გასანათებლად;+ 15 საკმევლის სამსხვერპლო+ და მისი კეტები; საცხები ზეთი, სურნელოვანი საკმეველი+ და ფარდა კარვის შესასვლელისთვის; 16 დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლო+ და მისი სპილენძის ბადე, კეტები და მთელი მისი მოწყობილობა; აუზი და მისი სადგამი;+ 17 ეზოს ფარდები,+ მისი სვეტები, საყრდენები და ფარდა ეზოს შესასვლელისთვის; 18 კარვის პალოები, ეზოს პალოები და მათი ბაწრები;+ 19 ნაქსოვი სამოსელი+ კარავში მომსახურეთათვის, აარონ მღვდლის წმინდა სამოსელი+ და მისი ვაჟების სამღვდელო სამოსელი“.
20 გაბრუნდა მთელი ისრაელი. 21 ვინც სულითა და გულით მოისურვა,+ მოვიდა და მოიტანა იეჰოვასთვის შესაწირავი შეხვედრის კარვის გასაკეთებლად, მასში მსახურების შესასრულებლად და წმინდა სამოსლის დასამზადებლად. 22 მოდიოდნენ კაცებიცა და ქალებიც, ვინც გულით მოისურვა, და მოჰქონდათ გულსაბნევები, საყურეები, ბეჭდები და სხვა სამკაულები, აგრეთვე ოქროს ნაკეთობანი; ყველამ მოიტანა შესაწირავად ოქრო იეჰოვასთვის.+ 23 ვისაც ჰქონდა, ყველას მოჰქონდა ლურჯი ძაფი, იისფერი მატყლის ძაფი, ალისფერი ნართი, ძვირფასი სელის ძაფი, თხისური, წითლად შეღებილი ვერძის ტყავი და სელაპის ტყავი. 24 იეჰოვასთვის შესაწირავად ყველას მოჰქონდა ვერცხლი, სპილენძი და აკაციის ხე, რათა შესრულებულიყო ნებისმიერი საქმე.
25 ქალები, რომელთაც მარჯვე ხელი ჰქონდათ,+ ხელით ართავდნენ; მათ მოჰქონდათ ლურჯი ძაფი, იისფერი მატყლის ძაფი, ალისფერი ნართი და ძვირფასი სელის ძაფი. 26 ქალები, რომელთაც მარჯვე ხელი ჰქონდათ და რომელთაც გულით მოისურვეს, ართავდნენ თხისურს.
27 მოჰქონდათ თავკაცებს ონიქსის ქვები და სხვა ქვები ეფოდისა და სამკერდის გასაწყობად,+ 28 ბალზამი და ზეთი გასანათებლად, საცხები ზეთისა+ და სურნელოვანი საკმევლის დასამზადებლად.+ 29 ყველამ, კაცმა და ქალმა, ვინც გულით მოისურვა, მოიტანა ის, რაც საჭირო იყო იმ სამუშაოების შესასრულებლად, რის შესახებაც იეჰოვამ მოსეს მეშვეობით ბრძანა; ისრაელებმა ეს ყველაფერი ნებაყოფლობით შესწირეს იეჰოვას.+
30 მოსემ ისრაელებს უთხრა: „იეჰოვამ ამოირჩია ბეცალელი, ურის ვაჟი, ხურის შვილიშვილი, იუდას ტომიდან;+ 31 აავსო იგი თავისი სულით; მისცა სიბრძნე და გონიერება, აგრეთვე ცოდნა, რომ ყოველგვარი ხელობის ოსტატი ყოფილიყო, 32 მოეხმო შემოქმედებითი უნარისთვის და ემუშავა ოქროზე, ვერცხლზე, სპილენძზე, 33 ქვების დამუშავებასა და ჩასმაზე, და დაემზადებინა ხის ყოველგვარი ნაკეთობა. 34 გულში ჩაუდო მას და ოჰოლიაბს,+ ახისამაქის ვაჟს, დანის ტომიდან, სწავლების უნარი. 35 მისცა უნარი,+ რომ შეასრულონ ხელოსნის, მქარგავის, ლურჯი ძაფით, იისფერი მატყლის ძაფით, ალისფერი ნართითა და ძვირფასი სელის ძაფით მქსოველისა და ფეიქრის ყველა საქმე. ისინი მოუხმობენ შემოქმედებით უნარს და შეასრულებენ ყოველგვარ საქმეს“.