სამუელი — წიგნი მეორე
18 აღრიცხა დავითმა მასთან მყოფი ხალხი და ათასისთავები და ასისთავები დაუყენა მათ.+ 2 სამად დაყო ხალხი და ერთი ჯგუფი იოაბს+ ჩააბარა, მეორე — იოაბის ძმას, აბიშაის,+ ცერუიას+ ვაჟს, მესამე კი — გათელ ითაის.+ უთხრა მეფემ ხალხს: „მეც თქვენთან ერთად წამოვალ“. 3 მაგრამ ხალხმა მიუგო: „არ წამოხვიდე,+ რადგან, თუ ჩვენ უკუვიქცევით, ამას არაფრად ჩააგდებენ; ნახევარიც რომ გაგვწყვიტონ, მათთვის ესეც არაფერი იქნება, რადგან შენ ერთი ათი ათას ჩვენნაირს უტოლდები;+ ამიტომ აჯობებს, ქალაქიდან მოგვაშველო ხალხი“. 4 უთხრა მათ მეფემ: „როგორც გიჯობთ, ისე მოვიქცევი“. მეფე კარიბჭესთან იდგა, ხალხი კი ასეულებად და ათასეულებად დაწყობილი ტოვებდა ქალაქს. 5 უბრძანა მეფემ იოაბს, აბიშაისა და ითაის: „ჩემი ხათრით, არაფერი დამართოთ ყმაწვილ აბესალომს“.+ მთელმა ხალხმა გაიგო, რაც აბესალომის შესახებ უბრძანა მეფემ თავკაცებს.
6 გავიდა ხალხი ველზე ისრაელთან შესაბრძოლებლად; ბრძოლა ეფრემის ტყეში გაიმართა.+ 7 დაამარცხეს ისრაელი+ დავითის მსახურებმა;+ იმ დღეს 20 000 კაცი დაეცა. 8 ბრძოლა მთელ იმ მხარეში გაჩაღდა; ტყემ უფრო მეტი იმსხვერპლა, ვიდრე მახვილმა.
9 ჯორზე ამხედრებული აბესალომი დავითის მსახურებს გადაეყარა. გაიქცა და, როცა ტოტებგაშლილი დიდი ხის ქვეშ გადიოდა, თმით ხის ტოტებში გაიხლართა და ჰაერში გამოეკიდა, ჯორი კი გაექცა. 10 დაინახა ეს ერთმა კაცმა და იოაბს+ მოახსენა, აბესალომი დავინახე, დიდ ხეზე ჩამოკიდებულიო. 11 უთხრა იოაბმა ამბის მომტანს: „დაინახე და არ მოკალი?! ჩემზე იქნებოდა ათი ვერცხლი და ერთი სარტყელი!“ 12 მიუგო იმ კაცმა იოაბს: „1 000 ვერცხლიც რომ მოეცათ ჩემთვის, მაინც არაფერს დავუშავებდი უფლისწულს, რადგან ჩვენც გავიგეთ, როგორ გიბრძანათ მეფემ შენ, აბიშაისა და ითაის, ყურადღებით იყავით, რომ არავინ არაფერი დამართოსო ყმაწვილ აბესალომს.+ 13 რომ გადავსულიყავი ამ ბრძანებას და მომეკლა იგი, შეიტყობდა მეფე ამ ამბავს, შენ კი განზე გადგებოდი“. 14 იოაბმა მიუგო: „სულ ტყუილად ვკარგავ შენთან დროს!“ შემდეგ კი სტაცა ხელი სამ ისარს, გაეშურა აბესალომისკენ, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალი ეკიდა დიდ ხეზე, და შიგ გულში სტყორცნა ისრები. 15 გარს შემოერტყა აბესალომს იოაბის ათი საჭურველთმტვირთველი და განგმირეს იგი.+ 16 ჩაჰბერა იოაბმა საყვირს და თავი ანება ხალხმა ისრაელის დევნას. ასე შეაკავა იოაბმა ხალხი. 17 აიღეს აბესალომის გვამი, ტყეში ერთ დიდ ორმოში ჩააგდეს და ზედ ქვები დაახვავეს.+ მთელი ისრაელი მიმოიფანტა და ყველამ თავის სახლს მიაშურა.
18 თავის სიცოცხლეში მეფის ველზე+ სვეტი აღმართა აბესალომმა, ამბობდა, ვაჟი არა მყავს და დავიწყებას მიეცემაო ჩემი სახელი.+ სვეტს თავისი სახელი უწოდა და ის დღემდე აბესალომის სვეტად იწოდება.
19 სთხოვა იოაბს ცადოკის ვაჟმა ახიმააცმა:+ „გავიქცევი, ამბავს მივუტან მეფეს, რადგან იეჰოვამ გაუჩინა მას სამართალი და დაიხსნა მტრის ხელიდან“.+ 20 იოაბმა მიუგო: „დღეს არა, გიჯობს, სხვა დროს იყო მაცნე! დღეს ნურაფერს ამცნობ მეფეს, რადგან შვილი მოუკვდა!“+ 21 შემდეგ იოაბმა ერთ ქუშელ+ კაცს უთხრა: „წადი და უთხარი მეფეს, რაც ნახე!“ პირქვე დაემხო ქუშელი იოაბის წინაშე, შემდეგ კი ადგა და გაიქცა. 22 კვლავ სთხოვა იოაბს ცადოკის ვაჟმა ახიმააცმა: „გთხოვ, გამიშვი, რომ გავყვე ქუშელს. რაც იქნება, იქნება!“ მაგრამ იოაბმა უთხრა: „შვილო, რისთვის უნდა გაიქცე, შენ რაღა უნდა ამცნო მეფეს?!“ 23 ისევ სთხოვა, გამიშვი, და რაც იქნება, იქნებაო. მანაც უთხრა: „წადი!“ ახიმააციც გაიქცა იორდანის მხარისკენ მიმავალი გზით და გაუსწრო ქუშელს.
24 ქალაქის შიდა და გარე კარიბჭეებს შორის იჯდა დავითი,+ როცა გუშაგი+ გალავანზე, კარიბჭის თავზე, ავიდა; გაიხედა და დაინახა, რომ ვიღაც მარტო მორბოდა. 25 გუშაგმა ეს მეფეს შეატყობინა, რაზეც მეფემ მიუგო: „თუ მარტოა, მაცნე იქნება“. როცა ეს კაცი მოუახლოვდა ქალაქს, 26 გუშაგმა კიდევ ერთი კაცი დაინახა; ისიც მორბოდა. მან კარიბჭის მცველს დაუძახა, კიდევ ერთი კაცი მორბისო მარტო. მეფემ თქვა, ისიც მაცნეაო. 27 გუშაგმა თქვა: „სირბილზე ვატყობ, პირველი ცადოკის ვაჟი ახიმააცი+ უნდა იყოს“. მეფემ უთხრა, ეგ კარგი კაცია და ამბავსაც კარგს მოიტანსო. 28 ახიმააცმა მეფეს შესძახა, კარგი ამბავი მაქვსო, შემდეგ პირქვე დაემხო მის წინაშე და უთხრა: „მეფე-ბატონო, დიდება იეჰოვას, შენს ღმერთს, ხელში რომ ჩაგიგდო აჯანყებულები!“+
29 მეფემ ჰკითხა: „ხომ მშვიდობაა ყმაწვილი აბესალომის თავს?“ ახიმააცმა მიუგო: „დიდი არეულობა შევნიშნე, როცა იოაბმა გამოგვგზავნა მე, შენი მსახური, და მეფის მსახური*, მაგრამ არ ვიცი, რა მოხდა“.+ 30 მეფემ უთხრა: „განზე გადექი!“ ისიც განზე გადგა.
31 მოვიდა ქუშელიც+ და თქვა: „გაიგოს ჩემმა მეფე-ბატონმა ახალი ამბავი, რომ დღეს სამართალი გაუჩინა იეჰოვამ და დაიხსნა იგი აჯანყებულთა ხელიდან!“+ 32 ჰკითხა მეფემ ქუშელს: „ხომ მშვიდობაა ყმაწვილი აბესალომის თავს?“ ქუშელმა მიუგო: „მაგ ყმაწვილივით იყოს მეფე-ბატონის ყველა მტერი, ყველა აჯანყებული, ვინც ავს იზრახავს მეფისთვის!“+
33 გულშეძრული მეფე კარიბჭის ზედა ოთახისკენ გაემართა; მიდიოდა და მოთქვამდა: „შვილო, აბესალომ, შვილო, შვილო, აბესალომ! მე მაინც მოვმკვდარიყავი შენ მაგივრად, აბესალომ, შვილო, შვილო!“+