ეზეკიელი
36 «კაცის ძეო, იწინასწარმეტყველე ისრაელის მთების შესახებ და თქვი, ისმინეთ იეჰოვას სიტყვა, ისრაელის მთებო, 2 აი, რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „მტერი თქვენზე ამბობს, ახია მაგათზეო! ძველთაძველი მაღლობებიც ჩვენ დაგვრჩაო!“+
3 ამიტომ იწინასწარმეტყველე, აი, რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „ხალხებისგან გადარჩენილთა საკუთრებად რომ ქცეულიყავით, ყოველი მხრიდან შემოგიტიეს და გაგაპარტახეს, გაუთავებლად ლაპარაკობენ თქვენზე და ცილს გწამებენ;+ 4 ამიტომ, ისრაელის მთებო, ისმინეთ უზენაესი უფლის, იეჰოვას, სიტყვა! აი, რას ეუბნება უზენაესი უფალი იეჰოვა მთებსა და გორებს, მდინარეებსა და ველებს, გაპარტახებულ ადგილებსა+ და მიტოვებულ ქალაქებს, რომლებიც მეზობელ ხალხთაგან გადარჩენილებმა გაძარცვეს და მასხრად აიგდეს.+ 5 აი, რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: რისხვით ანთებული+ დაველაპარაკები ხალხთაგან გადარჩენილებსა და მთელ ედომს, რომლებიც უტიფრად იჩემებდნენ ჩემს მიწას და ხარობდნენ,+ უნდოდათ, დაპატრონებოდნენ საძოვრებს და გაეძარცვათ იქაურობა“.+
6 ამიტომ იწინასწარმეტყველე ისრაელზე და უთხარი მთებსა და გორებს, მდინარეებსა და ველებს, აი, რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „აღშფოთებული და განრისხებული ვილაპარაკებ, რადგან დაგამცირეს ხალხებმა“.+
7 ამიტომ აი, რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „ვფიცავ, რომ დამცირდებიან თქვენი მეზობელი ხალხები.+ 8 ისრაელის მთებო, თქვენი ხეები კი დაიტოტება და ნაყოფს გამოიღებს ჩემი ხალხისთვის, ისრაელისთვის,+ რადგან მალე დაბრუნდებიან ისინი. 9 თქვენთანა ვარ, მოგხედავთ; დამუშავდებით და დაითესებით. 10 გავამრავლებ თქვენს ხალხს, ისრაელებს, დასახლდება თქვენი ქალაქები+ და აღდგება ნანგრევები.+ 11 თქვენს ხალხსაც გავამრავლებ და თქვენს პირუტყვსაც;+ ინაყოფიერებენ და იმრავლებენ. უწინდებურად დაგასახლებთ+ და წინანდელზე მეტად აგაღორძინებთ;+ გაიგებთ, რომ მე ვარ იეჰოვა.+ 12 თქვენზე ვატარებ ჩემს ხალხს, ისრაელს, და ისინი დაგეპატრონებიან;+ მათი საკუთრება გახდებით და აღარასოდეს დატოვებთ მათ უშვილოდ“.+
13 აი, რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „რაკი გეუბნებიან, ხალხის შთამნთქმელი და მათი შვილების დამხოცველი მიწა ხარო, 14 ამიერიდან აღარ შთანთქავ ხალხს და აღარ დატოვებ შენს ხალხს უშვილოდ, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა. — 15 მეტად აღარ დავამცირებინებ და აბუჩად აღარ ავაგდებინებ ერებს შენს თავს;+ აღარც შენ დააბრკოლებ შენს ხალხს“, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა».
16 კვლავ მეუწყა იეჰოვას სიტყვა: 17 «კაცის ძეო, როცა ისრაელი თავის მიწაზე მკვიდრობდა, გააუწმინდურა მან მიწა თავისი საქმეებით.+ მათი საქციელი ყოველთვიური სისხლდენასავით უწმინდური იყო.+ 18 გადმოვღვარე ჩემი რისხვა მათზე, ვინაიდან სისხლი დაღვარეს იმ მიწაზე+ და იქაურობა თავიანთი საზიზღარი კერპებით* გააუწმინდურეს.+ 19 ამიტომაც გავფანტე ისინი ხალხებში და მიმოვფანტე სხვადასხვა მიწაზე,+ და თავიანთი საქმეების გამო გავასამართლე; 20 იმ ერებმა კი, რომლებშიც ისინი მიმოვფანტე, შებღალეს ჩემი წმინდა სახელი,+ როცა თქვეს, ესენი იეჰოვას ხალხი კი არიან, მაგრამ თავიანთი მიწიდან აყარესო. 21 დავიცავ ჩემს წმინდა სახელს, ისრაელებმა რომ შებღალეს იმ ხალხებში, სადაც მიმოვფანტე.+
22 გადაეცი ისრაელებს, აი, რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „ისრაელებო, თქვენი გულისთვის კი არ ვიმოქმედებ, ჩემი წმინდა სახელის გულისთვის ვიმოქმედებ, რომელიც წაბილწეთ იმ ხალხებში, სადაც მიმოფანტულნი ხართ.+ 23 განვწმენდ ჩემს დიდებულ სახელს,+ რომელიც ხალხების თვალში შებღალეთ; როცა განვიწმინდები თქვენ შორის მათ დასანახავად, გაიგებენ ხალხები, რომ მე ვარ იეჰოვა,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა. — 24 გამოგიყვანთ ხალხებიდან, გამოგკრებთ ყველა ქვეყნიდან და თქვენს მიწაზე დაგაბრუნებთ.+ 25 მოგასხურებთ სუფთა წყალს და განიწმინდებით;+ განგწმენდთ ყველა უწმინდურებისგან+ და ყველა საზიზღარი კერპისგან.+ 26 ახალ გულს მოგცემთ+ და ახალ სულს ჩაგიდგამთ,+ ქვის გულს მოგაშორებთ+ და სათნო* გულს მოგცემთ. 27 ჩემს სულს ჩაგიდგამთ და ჩემი წესებით იცხოვრებთ,+ ჩემს სამართალს დაიცავთ და აღასრულებთ. 28 დაიმკვიდრებთ იმ მიწას, თქვენს მამა-პაპას რომ მივეცი; თქვენ ჩემი ხალხი იქნებით და მე თქვენი ღმერთი ვიქნები.+
29 განგწმენდთ თქვენი უწმინდურებისგან, მოვუხმობ მარცვლეულს და გავამრავლებ; აღარასოდეს გაშიმშილებთ.+ 30 გავამრავლებ ხის ნაყოფს და მინდვრის მოსავალს, რათა შიმშილობის გამო აღარასოდეს დამცირდეთ ხალხთა თვალში.+ 31 მაშინ გაგახსენდებათ თქვენი ბოროტი საქმეები და შეგზიზღდებათ საკუთარი თავი თქვენი დანაშაულისა და საძულველი საქმეების გამო.+ 32 თუმცა იცოდეთ, რომ ამას თქვენი გულისთვის არ გავაკეთებ,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა. — გრცხვენოდეთ და დაიმდაბლეთ თავი თქვენი საქმეების გამო, ისრაელებო!“
33 აი, რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „იმ დღეს, როცა ყველა თქვენი დანაშაულისგან განგწმენდთ, დავასახლებ ქალაქებს+ და აღვადგენ ნანგრევებს.+ 34 დამუშავდება ერთ დროს გაპარტახებული მიწა, რომელსაც ყველა გამვლელი ხედავდა. 35 ხალხი იტყვის, შეხედეთ, ედემის ბაღს+ დაემსგავსა ეს გაპარტახებული მიწაო; როგორ გამაგრებულა და დასახლებულა ერთ დროს ნანგრევებად ქცეული ქალაქებიო.+ 36 გაიგებენ თქვენ გარშემო დარჩენილი ხალხები, რომ მე, იეჰოვამ, ავაშენე დანგრეული და გავაშენე გაუდაბურებული. მე, იეჰოვამ, ვთქვი და შევასრულე კიდეც“.+
37 აი, რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „ისრაელებს ნებას დავრთავ, მთხოვონ, რომ ფარასავით გავამრავლო ისინი. 38 ერთ დროს ნანგრევებად ქცეული ქალაქები ხალხთა ფარით ისე აივსება, როგორც დღესასწაულებზე+ ივსებოდა იერუსალიმი ფარით*, წმინდათა ფარით;+ მაშინ გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა“».