ეფესოელების მიმართ
3 ამიტომ მე, პავლე, პატიმარი+ ვარ ქრისტე იესოსა და თქვენ გამო, უცხოტომელებო. 2 თქვენ გსმენიათ, რომ ღვთის წყალობის მმართველობა+ მომენდო თქვენ სასიკეთოდ, 3 რომ წმინდა საიდუმლო გამიცხადა ღმერთმა, რის შესახებაც უკვე მოგწერეთ მოკლედ. 4 ამგვარად, როცა ამას წაიკითხავთ, მიხვდებით, რომ ვწვდები წმინდა საიდუმლოს+ ქრისტეს შესახებ. 5 წინა თაობებისთვის ღმერთს ისე არ გაუმჟღავნებია ეს საიდუმლო, როგორც ახლა გაუმჟღავნდათ სულით მის წმინდა მოციქულებსა და წინასწარმეტყველებს,+ კერძოდ ის, 6 რომ უცხოტომელები, რომლებიც სასიხარულო ცნობის მეშვეობით ქრისტე იესოს მოწაფეები არიან, გახდებოდნენ თანამემკვიდრეები, ერთი სხეულის ნაწილები+ და ჩვენთან ერთად დანაპირების მოზიარეები. 7 ღვთის განუზომელი სიკეთის წყალობით ამ საიდუმლოს მსახური გავხდი. მისი ძალის მოქმედების შედეგად მივიღე ეს ძღვენი.+
8 ჩემდამი, ყველა წმინდაზე უმცირესისადმი,+ გამოავლინა ღმერთმა ეს წყალობა,+ რათა უცხოტომელებისთვის მეხარებინა ქრისტეს განუზომელი სიმდიდრის შესახებ 9 და მეჩვენებინა ყველასთვის, თუ როგორ სრულდება წმინდა საიდუმლო,+ რომელსაც დიდი ხნის მანძილზე არ ამჟღავნებდა ღმერთი, ყოველივეს შემოქმედი. 10 ამის მიზანი ის იყო, რომ ახლა კრების მეშვეობით+ ეუწყოს ღვთის მრავალმხრივი სიბრძნე ზეციერ მთავრობებსა და ხელისუფლებებს.+ 11 ეს იმ მარადიულ განზრახვას შეესაბამება, რომელიც ღმერთმა ქრისტესთან, ჩვენს უფალ იესოსთან მიმართებით განიზრახა,+ 12 რომლის მეშვეობითაც გაბედულად ვსაუბრობთ+ და რომლის რწმენითაც გულდაჯერებულნი მივმართავთ ღმერთს. 13 ასე რომ, გთხოვთ, ნუ შეშინდებით, გასაჭირში რომ აღმოვჩნდი თქვენ გამო, რადგან ეს დიდებას მოგიტანთ.+
14 ამიტომ მუხლს ვიყრი მამის წინაშე, 15 რომელსაც ყოველი ოჯახი ზეცაში თუ დედამიწაზე უნდა უმადლოდეს თავის არსებობას*. 16 ვლოცულობ, რომ მან, ვინც განუზომელ დიდებას ფლობს, შინაგანად გაგაძლიეროთ+ თავისი სულის ძალით 17 და თქვენი რწმენის წყალობით ქრისტე დამკვიდრდეს თქვენს გულში სიყვარულით.+ მტკიცედ გაიდგით ფესვი+ და მყარ საძირკველზე დაფუძნდით,+ 18 რათა ყველა წმინდასთან ერთად ბოლომდე ჩასწვდეთ სიგანეს, სიგრძეს, სიმაღლესა და სიღრმეს, 19 და შეიცნოთ ქრისტეს სიყვარული,+ რაც ცოდნას აღემატება, რათა აღივსოთ ღვთისგან მომდინარე სისავსით.
20 ახლა მას, ვისაც ჩვენში მოქმედი ძალით+ შეუძლია იმაზე გაცილებით მეტი გააკეთოს, ვიდრე ჩვენ ვთხოვთ ან აზრად მოგვდის,+ 21 დიდება კრებისა და ქრისტე იესოს მეშვეობით ყველა თაობაში მარადიულად! ამინ!