სამუელი — წიგნი მეორე
16 როცა დავითმა მთის წვერი გადაიარა,+ შემოხვდა მეფიბოშეთის+ მსახური ციბა,+ რომელიც მის შესახვედრად გამოსულიყო; მას ორი შეკაზმული ვირით 200 პური, ქიშმიშისა და ზაფხულის ხილის 100-100 კვერი* და ღვინო მოჰქონდა დიდი დოქით.+ 2 ჰკითხა მეფემ ციბას: „რატომ მოიტანე ეს ყველაფერი?“ ციბამ მიუგო: „ვირებით მეფის ოჯახის წევრებმა იმგზავრონ, პური და კვერები შენმა მსახურებმა მიირთვან, ღვინით კი უდაბნოში დაქანცულებმა მოითქვან სული“.+ 3 მეფემ უთხრა: „სად არის შენი ბატონის შვილიშვილი*?“+ ციბამ მიუგო: „იერუსალიმშია. ასე თქვა, დღეს დამიბრუნებენ პაპაჩემის* სამეფოს ისრაელებიო“.+ 4 უთხრა მეფემ ციბას: „შენი იყოს მეფიბოშეთის მთელი საბადებელი“.+ ციბამ მიუგო: „მუხლს ვიდრეკ შენ წინაშე. ნეტავ კვლავაც ვპოვო წყალობა შენს თვალში, მეფე-ბატონო!“+
5 როცა მეფე დავითი ბახურიმს მიადგა, იქიდან გერას ვაჟი შიმეი+ გამოვიდა, რომელიც საულის საგვარეულოდან იყო; მოდიოდა და იწყევლებოდა,+ 6 ქვებს ესროდა დავითსა და მის მსახურებს და მთელ ხალხს, მათ შორის იმ ვაჟკაცებსაც, მეფეს მარჯვნივ და მარცხნივ რომ ედგნენ. 7 ასე იწყევლებოდა შიმეი: „მოშორდი, მოშორდი აქაურობას, შე სისხლისმღვრელო და უვარგისო! 8 იეჰოვამ გადაგიხადა სამაგიერო იმის გამო, რომ ამოწყვიტე საულის სახლეულობა და მის ნაცვლად გამეფდი! ახლა შენს ვაჟ აბესალომს აძლევს იეჰოვა მეფობას! აი, დაგატყდა უბედურება, რადგან სისხლისმღვრელი ხარ!“+
9 აბიშაიმ, ცერუიას+ ვაჟმა, უთხრა მეფეს: „რატომ აწყევლინებს+ მეფე-ბატონი თავს ამ მკვდარ ძაღლს?+ მიმიშვი, რომ თავი წავაცალო!“+ 10 მაგრამ მეფემ მიუგო: „თქვენ რაღა გინდათ, ცერუიას ძეებო?+ დამწყევლოს,+ რადგან იეჰოვამ უთხრა,+ დაწყევლეო დავითი, და ვინღა ეტყვის, ასე რატომ იქცევიო!“ 11 უთხრა დავითმა აბიშაისა და მის მსახურებს: „ჩემი საკუთარი ვაჟი, ჩემი სისხლი და ხორცი, მოსაკლავად დამეძებს+ და ბენიამინელისგან+ რა უნდა გამიკვირდეს?! თავი დაანებეთ, მწყევლოს, რადგან იეჰოვამ უთხრა, დაწყევლეო! 12 იქნებ დაინახოს იეჰოვამ ჩემი უბედურება+ და დღევანდელი წყევლა იეჰოვამ კურთხევად მიქციოს!“+ 13 დავითმა და მისმა ხალხმა გზა განაგრძეს, შიმეი კი მის შორიახლოს წყევლა-კრულვით მიდიოდა მთის ფერდობზე,+ ქვებს ესროდა მას და მტვერს აყრიდა.
14 მეფემ და მასთან მყოფმა მთელმა ხალხმა დაღლილ-დაქანცულებმა მიაღწიეს დანიშნულების ადგილს და დაისვენეს.
15 ამასობაში აბესალომი თავის მომხრე ისრაელებთან ერთად შევიდა იერუსალიმში, ახითოფელიც+ თან ახლდა. 16 მივიდა აბესალომთან დავითის მეგობარი არქიელი+ ხუშაი+ და უთხრა: „დღეგრძელი იყოს მეფე!+ დღეგრძელი იყოს მეფე!“ 17 უთხრა აბესალომმა ხუშაის: „ეს არის მეგობრის ერთგულება*? რატომ არ გაჰყევი შენს მეგობარს?“ 18 მიუგო ხუშაიმ აბესალომს: „არ გავყევი, რადგან, ვინც იეჰოვამ, ამ ხალხმა და მთელმა ისრაელმა აირჩია, მეც მას დავუდგები გვერდით და მასთან ვიქნები. 19 თანაც, ვის უნდა ვემსახურო თუ არა მის ვაჟს?! როგორც მამაშენს ვემსახურებოდი, შენც ისე გემსახურები!“+
20 უთხრა აბესალომმა ახითოფელს: „გვირჩიე,+ როგორ მოვიქცეთ!“ 21 მიუგო ახითოფელმა აბესალომს: „დაწექი მამაშენის ხარჭებთან,+ რომლებიც სასახლის მოსავლელად დატოვა.+ მაშინ გაიგებს მთელი ისრაელი, რომ მეტისმეტად შეაძულე თავი მამაშენს, და გული მიეცემათ შენს მომხრეებს“. 22 გაუშალეს აბესალომს კარავი ბანზე+ და დაწვა ის მამამისის ხარჭებთან+ მთელი ისრაელის თვალწინ.+
23 იმ დროს ახითოფელის+ რჩევას ისე უყურებდნენ, როგორც ღვთის რჩევას; ასე უყურებდნენ ახითოფელის რჩევას დავითიცა და აბესალომიც.