ეკლესიასტე
10 როგორც მკვდარი ბუზები აყროლებენ და აქაფებენ ნელსაცხებელს, ისე მცირე უგუნურება უტეხს სახელს ბრძენ და პატივდებულ კაცს.+
2 ბრძენს თავისი გული სწორი გზით ატარებს, სულელს კი — მცდარი გზით.+ 3 უგუნური, სადაც არ უნდა წავიდეს, ყველგან თავის უგუნურებას ავლენს+ და ყველას აგებინებს, რომ უგუნურია.+
4 თუ მმართველი განგირისხდება, ნუ დატოვებ შენს ადგილს,+ რადგან სიმშვიდე კაცს დიდი ცოდვების ჩადენისგან იცავს.+
5 სამწუხარო რამ ვიხილე ცისქვეშეთში — შეცდომა, რომელსაც ძალაუფლების მქონენი უშვებენ:+ 6 უგუნურებს მაღალ თანამდებობაზე ნიშნავენ, ღირსეულებს კი — დაბალზე.
7 მინახავს ცხენებზე ამხედრებული მსახურები და მსახურებივით ფეხით მავალი მთავრები.+
8 ვინც ორმოს თხრის, თავადვე ჩავარდება შიგ;+ ვინც ქვის კედელს ანგრევს, მას გველი უკბენს.
9 ქვის მჭრელს ქვა დააზიანებს, შეშის მჩეხავს — შეშა*.
10 თუ კაცს იარაღი დაუბლაგვდა და პირი არ გაულესა, მეტი ჯაფა დაადგება; სიბრძნით მოქმედებას წარმატება მოჰყვება.
11 თუ გველი მომნუსხველს მონუსხვამდე უკბენს, რაღაში არგია მონუსხვის უნარი?!
12 ბრძენის სიტყვებს კეთილგანწყობა მოაქვს,+ სულელს კი თავისივე ბაგეები ღუპავს.+ 13 უგუნური თავიდან სისულელეს ამბობს+ და ბოლოს დამღუპველ სიტყვებს აფრქვევს. 14 იგი ბევრს ლაპარაკობს.+
კაცმა არ იცის, რა მოხდება მომავალში. ვინ ეტყვის მას, რა იქნება მისი სიკვდილის შემდეგ?!+
15 გარჯა დაქანცავს სულელს, რადგან ქალაქამდე მისასვლელ გზასაც კი ვერ აგნებს.
16 რა ეშველება ქვეყანას, სადაც ყმაწვილი მეფობს+ და მთავრები დილიდანვე სუფრას უსხედან?! 17 ბედნიერია ქვეყანა, რომლის მეფეც დიდებულთა შვილია და რომლის მთავრებიც სუფრას თავის დროზე უსხდებიან, ოღონდ დასათრობად კი არა, ძალ-ღონის მოსაკრებად.+
18 ზარმაცის ჭერი ჩამოწვება, გულხელდაკრეფილის სახლში წყალი ჩამოვა.+
19 პურით კაცი გულს იმხიარულებს, ღვინით ცხოვრებას იხალისებს,+ ფულით კი ყველა საწადელს აისრულებს.+
20 ფიქრებშიც* კი ნუ დასწყევლი მეფეს;+ ნურც საძინებელში დასწყევლი მდიდარს, რადგან ჩიტი მიუტანს ამბავს და ფრთოსანი დაგასმენს.