მეფეები — წიგნი მეორე
6 წინასწარმეტყველთა ძეებმა+ ელისეს უთხრეს: „გვევიწროება საცხოვრებელი, სადაც შენთან ერთად ვცხოვრობთ. 2 წავალთ იორდანეზე, მორებს წამოვიღებთ და საცხოვრებელს ავიშენებთ“. მან მიუგო: „წადით!“ 3 ერთ-ერთმა სთხოვა, შენც წამოდიო შენს მსახურებთან ერთად. ისიც დასთანხმდა. 4 გაჰყვა ის მათ, მივიდნენ იორდანესთან და შეუდგნენ ხის ჭრას. 5 ხის ჭრის დროს ერთ-ერთს ცული წყალში ჩაუვარდა და იყვირა: „ვაიმე, ბატონო, ნათხოვარი მქონდა!“ 6 ღვთის კაცმა ჰკითხა: „სად ჩაგივარდა?“ მანაც უჩვენა ის ადგილი. ელისემ მაშინვე ჩამოაჭრა ხეს ნაჭერი, იქ ჩააგდო და ცულიც ამოტივტივდა. 7 უთხრა, ამოიღეო. მანაც ხელი სტაცა და ამოიღო.
8 სირიის მეფემ ისრაელზე თავდასხმა განიზრახა.+ მოეთათბირა ის თავის მსახურებს, ამა და ამ ადგილას დავბანაკდეთო. 9 შეუთვალა ღვთის კაცმა+ ისრაელის მეფეს: „მოერიდე იმ ადგილზე გავლას, რადგან იქ სირიელები ჩამოდიან, თავს რომ დაგესხან“. 10 გაგზავნა ისრაელის მეფემ მაცნეები თავისი ხალხის გასაფრთხილებლად იმ ადგილზე, რომელზეც ღვთის კაცმა უთხრა. ღვთის კაცი კვლავაც აფრთხილებდა მას და ისიც ერიდებოდა იმ ადგილებს.+
11 განარისხა ამან სირიის მეფე, მოუხმო თავის მსახურებს და უთხრა: „მითხარით, ვინ არის ჩვენგან ისრაელის მეფის მხარეს?“ 12 ერთ-ერთმა მსახურმა მიუგო: „არავინ, მეფე-ბატონო. ისრაელის წინასწარმეტყველი ელისე ეუბნება ისრაელის მეფეს იმას, რასაც შენ საძინებელში ამბობ“.+ 13 მანაც ბრძანა: „წადით და მოძებნეთ, რომ შევიპყრო!“ შეატყობინეს მას, დოთანშიაო.+ 14 მაშინვე გაუშვა ცხენები, საომარი ეტლები და მრავალრიცხოვანი ჯარი; ღამით მივიდნენ და ალყა შემოარტყეს ქალაქს.
15 ადგა დილით ადრე ღვთის კაცის მსახური, გარეთ გავიდა და დაინახა, რომ ჯარი ცხენებითა და საომარი ეტლებით ქალაქს შემოსდგომოდა. უთხრა მსახურმა მას: „ვაიმე, ჩემო ბატონო! რა ვქნათ?“ 16 მან მიუგო: „ნუ გეშინია,+ ჩვენთან უფრო მეტნი არიან, ვიდრე მათთან!“+ 17 ასე ილოცა ელისემ: „იეჰოვა, გთხოვ, აუხილე თვალი, რომ დაინახოს!“+ მაშინვე აუხილა იეჰოვამ მსახურს თვალი და მანაც დაინახა, რომ მთები ელისეს ირგვლივ ცეცხლოვანი ცხენებითა და საომარი ეტლებით+ იყო სავსე.+
18 როცა სირიელები მისკენ წამოვიდნენ, ელისემ იეჰოვას ლოცვაში სთხოვა: „დააბრმავე ეს ხალხი!“+ მანაც დააბრმავა ისინი ელისეს თხოვნისამებრ. 19 ელისემ მათ უთხრა: „სწორ გზას არ ადგახართ; ეს ის ქალაქი არაა. წამომყევით, მე მიგიყვანთ მასთან, ვისაც ეძებთ“, და სამარიაში+ წაიყვანა ისინი.
20 როცა სამარიაში მივიდნენ, ელისემ თქვა: „იეჰოვა, თვალი აუხილე, რომ დაინახონ!“ აუხილა მათ იეჰოვამ თვალი და დაინახეს, რომ შუა სამარიაში იყვნენ. 21 მათ დანახვაზე ისრაელის მეფემ ელისეს ჰკითხა: „მამა, დავხოცო?“ 22 მან კი მიუგო: „არ დახოცო! განა ხოცავ მათ, ვისაც შენი მახვილითა და მშვილდით წამოასხამ ხოლმე ტყვედ?! პური და წყალი მოუტანე, რათა ჭამონ, სვან+ და დაუბრუნდნენ თავიანთ ბატონს!“ 23 ისრაელის მეფემ დიდი ნადიმი გაუმართა მათ; ჭამეს, სვეს, მერე კი თავიანთ ბატონთან გაუშვა ისინი. სირიელები+ მეტად აღარ დაბრუნებულან ისრაელში სათარეშოდ.
24 მოგვიანებით სირიის მეფე ბენ-ჰადადმა შეკრიბა მთელი თავისი ლაშქარი, გაილაშქრა სამარიაზე და ალყაში მოაქცია ქალაქი.+ 25 დიდი შიმშილობა+ დაიწყო სამარიაში; იმდენ ხანს იყო ქალაქი ალყაში, რომ ვირის თავი+ 80 შეკელ* ვერცხლად დაფასდა და მეოთხედი კაბი* მტრედის სკინტლი — 5 ვერცხლად. 26 ერთხელ, როცა ისრაელის მეფემ გალავანზე გაიარა, ერთმა ქალმა შესძახა: „გვიშველე, მეფე-ბატონო!“ 27 მან მიუგო: „თუ იეჰოვა არ გიხსნით, მე რით გიშველოთ?! განა რა დარჩა კალოზე, საწნახელში ან ზეთის საწურში?!“ 28 ჰკითხა მას მეფემ: „რა მოგივიდა?“ მან მიუგო: „ამ ქალმა მითხრა, მოდი დღეს შენი შვილი შევჭამოთ და ხვალ ჩემიო.+ 29 მოვხარშეთ ჩემი შვილი და შევჭამეთ.+ მეორე დღეს ვუთხარი, ახლა შენი შვილი შევჭამოთ-მეთქი, მან კი გადამალა თავისი შვილი!“
30 ქალის სიტყვების გაგონებაზე მეფემ ტანსაცმელი შემოიხია;+ დაინახა ხალხმა, რომ გალავანზე მიმავალ მეფეს ტანსაცმლის ქვეშ ჯვალოს სამოსი ეცვა. 31 თქვა მეფემ: „ღმერთმა დამსაჯოს, თუ დღეს შაფატის ვაჟ ელისეს თავი შერჩეს მხრებზე!“+
32 ელისე თავის სახლში იყო უხუცესებთან ერთად, როცა მეფემ კაცი გაუგზავნა. სანამ მაცნე მივიდოდა მასთან, ელისემ უხუცესებს უთხრა: „ხედავთ, ამ მკვლელი მამის შვილმა კაცი გამომიგზავნა,+ რომ თავი მომკვეთოს! ყურადღებით იყავით: როგორც კი მოვა მაცნე, კარი ჩაკეტეთ და შიგნიდან მიაწექით. მისი ბატონის ფეხის ხმაც ხომ გესმით, უკან რომ მოჰყვება?!“ 33 ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, როცა მაცნე მივიდა მასთან; მას მეფეც მოჰყვა და თქვა: „ეს უბედურება იეჰოვამ დაგვატეხა თავს! რატომღა უნდა მოველოდე იეჰოვასგან შველას?!“