12 დარიგების მოყვარულს ცოდნა უყვარს,+
შეგონების მოძულე კი უგუნურია.+
2 იეჰოვა კარგ ადამიანს იწონებს,
ავისმზრახველს კი განსჯის.+
3 ბოროტი წარმატებული ვერ იქნება,+
მართლის ფესვი კი არასოდეს ამოიძირკვება.
4 კარგი ცოლი ქმრის გვირგვინია,+
ხოლო ცოლი, რომელიც სამარცხვინოდ იქცევა, ძვლებს ულპობს მას.+
5 მართალთა ფიქრები სამართლიანია,
ბოროტთა რჩევები კი შეცდომაში შემყვანია.
6 ბოროტთა სიტყვები სისხლის დასაღვრელად ჩასაფრებული მტერივითაა,+
მართლებს კი თავიანთი ბაგეები იხსნის.+
7 ბოროტები ამოიძირკვებიან და აღარ იქნებიან,
მართალთა სახლი კი სამუდამოდ იდგება.+
8 გონივრულად მოლაპარაკე ქებას დაიმსახურებს,+
ბოროტი გულის მქონეს კი შეიძულებენ.+
9 ჯობია, განსაკუთრებულ პატივს არ მოგაგებდნენ და მსახური გყავდეს,
ვიდრე საკუთარ თავს განადიდებდე და პური გენატრებოდეს.+
10 მართალი საკუთარ პირუტყვზე ზრუნავს,+
ხოლო ბოროტთა წყალობაც კი სისასტიკეა.
11 ვინც თავის მიწას ამუშავებს, სარჩო არ მოაკლდება,+
ამაოებას გამოდევნებული კი უგუნურია.
12 ბოროტს შურს ბოროტისა, რომელმაც ხელში ნადავლი ჩაიგდო,
მართალთა ფესვი კი ნაყოფს გამოიღებს.
13 ბოროტს თავისივე ცოდვილი ბაგეები გააბამს მახეში,+
მართალი კი თავს დაიხსნის გასაჭირისგან.
14 კაცს თავისი ბაგის ნაყოფი სიკეთეს მოუტანს;+
მისი შრომა დაჯილდოვდება.
15 უგუნურს თავისი გზა სწორი ჰგონია,+
რჩევის მომსმენი კი ბრძენია.+
16 უგუნური წყენას მაშინვე ამჟღავნებს,+
წინდახედული კი უპასუხოდ ტოვებს შეურაცხყოფას.
17 პატიოსანი მოწმე სიმართლეს იტყვის,
ცრუმოწმე კი — სიცრუეს.
18 დაუფიქრებელი ლაპარაკი მახვილის ჩაცემასავითაა,
ბრძენის ენა კი — მკურნალივით.+
19 მართალთა ბაგე არასოდეს მოისპობა,+
მატყუარა ენა კი თვალის დახამხამებაში გაქრება.+
20 ავისმზრახველს გულში მზაკვრობა უდევს,
მშვიდობისმყოფელს კი — სიხარული.+
21 მართლებს არაფერი დაუშავდებათ,+
ბოროტებს კი მრავალი უბედურება დაატყდებათ.+
22 ცრუ ბაგეები სძულს იეჰოვას,+
ერთგულნი კი გულს უხარებენ მას.
23 წინდახედული კაცი თავის ცოდნას არ წარმოაჩენს,
უგუნური კი სისულელეს აფრქვევს.+
24 მუყაითი იხელმწიფებს,+
ზარმაცი კი მონურად იმუშავებს.+
25 წუხილი კაცს გულს უმძიმებს,+
ტკბილი სიტყვა კი გულს უხალისებს.+
26 მართალი საგულდაგულოდ არჩევს საძოვრებს,
ბოროტს კი აღებული გეზი გზა-კვალს ურევს.
27 ზარმაცი ნადირობისას ცხოველს არ გაედევნება,+
კაცისთვის გულმოდგინება ძვირფასი განძია.
28 სიმართლის გზაზე სიარულს სიცოცხლე მოაქვს;+
მის ბილიკზე სიკვდილს არ გადაეყრები.