დაბადება
25 აბრაამმა კიდევ მოიყვანა ცოლი; მას კეტურა ერქვა. 2 მან აბრაამს გაუჩინა ზიმრანი, იოკშანი, მედანი, მიდიანი,+ იშბაკი და შუახი.+
3 იოკშანს შეეძინა შება და დედანი.
დედანს შეეძინა აშურიმი, ლეტუშიმი და ლეუმიმი.
4 მიდიანის ვაჟები იყვნენ: ეფა, ეფერი, ხანოქი, აბიდა და ელდაა.
ესენი ყველანი კეტურას ვაჟები იყვნენ.
5 აბრაამმა მთელი თავისი ქონება ისაკს დაუტოვა,+ 6 სხვა ვაჟებს კი, ხარჭებისგან რომ შეეძინა, საჩუქრები დაურიგა. თავის სიცოცხლეშივე აღმოსავლეთით გაუშვა ისინი თავისი ვაჟისგან, ისაკისგან, შორს,+ აღმოსავლეთის მიწაზე. 7 აბრაამმა 175 წელი იცოცხლა. 8 ღრმად მოხუცებული მოკვდა იგი, დღეგრძელი და კმაყოფილი, და შეუერთდა თავის ხალხს*. 9 დამარხეს აბრაამი ისაკმა და ისმაელმა, მისმა ვაჟებმა, მაქფელის გამოქვაბულში, რომელიც ხეთელი ცოხარის ვაჟის, ეფრონის, მინდორშია, მამრეს წინ.+ 10 ეს ის მინდორი იყო, რომელიც აბრაამმა ხეთის ვაჟებისგან იყიდა. იქ დამარხეს იგი. მისი ცოლი სარაც იქ იყო დამარხული.+ 11 ღმერთი აბრაამის სიკვდილის შემდეგაც არ აკლებდა კურთხევას მის ვაჟს, ისაკს.+ ისაკი ბეერ-ლახაი-როის+ მახლობლად ცხოვრობდა.
12 ეს არის ისმაელის,+ აბრაამის ვაჟის, ამბავი, რომელიც მას აგარმა,+ სარას ეგვიპტელმა მოახლემ, გაუჩინა.
13 აი ისმაელის ვაჟები, მათი სახელები და მათი შთამომავლობა: ნებაიოთი+ — ისმაელის პირმშო, კედარი,+ ადბეელი, მიბსამი,+ 14 მიშმა, დუმა, მასა, 15 ხადადი, თემა, იეტური, ნაფიში და კედემა. 16 ესენი არიან ისმაელის ძეები და ეს არის მათი სახელები მათი დასახლებებისა და ბანაკების მიხედვით — 12 თავკაცი და მათი ტომები.+ 17 ისმაელმა 137 წელი იცოცხლა. მოკვდა იგი და შეუერთდა თავის ხალხს. 18 ისინი ხავილიდან+ ასურეთამდე ცხოვრობდნენ. ხავილა — შურის+ მახლობლად, ხოლო შური ეგვიპტის მახლობლად მდებარეობს. ისინი თავიანთ ძმებთან ახლოს დასახლდნენ*.+
19 ეს არის აბრაამის ვაჟის, ისაკის, ამბავი.+
აბრაამს შეეძინა ისაკი. 20 ისაკი 40 წლისა იყო, როცა ფადან-არამში მცხოვრები არამელი ბეთუელის ასული,+ არამელი ლაბანის და, მოიყვანა ცოლად. 21 ევედრებოდა ისაკი იეჰოვას თავისი ცოლისთვის, რადგან უშვილო იყო. იეჰოვამაც შეისმინა მისი ვედრება და დაორსულდა რებეკა, მისი ცოლი. 22 მუცელში ბავშვები ერთმანეთს ეჯაჯგურებოდნენ.+ რებეკამ თქვა: „თუ ასე იქნება, რაღად მინდა სიცოცხლე?!“ შემდეგ იეჰოვას შეჰღაღადა. 23 იეჰოვამ უთხრა: „ორი ვაჟია* შენს მუცელში,+ რომელთაგანაც ორი ერი წარმოიშობა.+ ერთი მეორეზე ძლიერი იქნება+ და უფროსი უმცროსს მოემსახურება“.+
24 დაუდგა მას მშობიარობის დრო; ტყუპები ჰყავდა მუცელში. 25 პირველი მთლად წითელი და ისეთი თმიანი+ დაიბადა, თითქოს ბეწვიანი ტანსაცმელი ეცვაო. მას ესავი*+ დაარქვეს. 26 შემდეგ მისი ძმა დაიბადა, რომელსაც ესავის ქუსლზე ჰქონდა ხელი ჩავლებული.+ ისაკმა მას იაკობი*+ დაარქვა. ისაკი 60 წლისა იყო, როცა რებეკამ შვილები გაუჩინა.
27 დაიზარდნენ ბიჭები. ესავი მარჯვე მონადირე დადგა,+ მინდვრად მოხეტიალე. იაკობი მართალი კაცი იყო. იგი კარვებში ცხოვრობდა.+ 28 ისაკს ესავი უყვარდა, რადგან ნანადირევს არ აკლებდა, რებეკას კი — იაკობი.+ 29 ერთხელ, როცა იაკობი ოსპის კერძს ამზადებდა, ესავი მინდვრიდან დაღლილი დაბრუნდა. 30 ესავმა იაკობს უთხრა: „მშიერი ვარ! ჩქარა, მაჭამე ეგ წითელი“. ამიტომ დაერქვა მას ედომი*.+ 31 იაკობმა მიუგო: „ჯერ პირმშოობა+ მომყიდე!“ 32 ესავმა უთხრა: „შიმშილით ვკვდები და პირმშოობა რას მარგებს?!“ 33 იაკობმა მიუგო: „ჯერ შემომფიცე!“ მანაც შეჰფიცა და პირმშოობა იაკობს მიჰყიდა.+ 34 მისცა იაკობმა ესავს პური და ოსპის კერძი. მანაც ჭამა და სვა. შემდეგ ადგა და წავიდა. ესავმა პირმშოობა არაფრად ჩააგდო.