ესთერი
7 მივიდნენ მეფე და ჰამანი+ დედოფალ ესთერთან ნადიმზე. 2 ღვინის სმის დროს, მეორე დღესაც, ჰკითხა მეფემ ესთერს: „რა სათხოვარი გაქვს, დედოფალო ესთერ? შეგისრულდება! ნახევარი სამეფოც რომ მთხოვო, მოგცემ!“+ 3 ამაზე დედოფალმა მიუგო: „თუ წყალობა მიპოვია შენს თვალში, და თუ ინებებ, მეფეო, გევედრები, სიცოცხლე გვაჩუქე მე და ჩემს ხალხს.+ 4 გაგვყიდეს+ მე და ჩემი ხალხი, რომ დაგვხოცონ, გაგვანადგურონ და მოგვსპონ.+ მონებად და მხევლებად რომ გავეყიდეთ, ხმას არ ამოვიღებდი, მაგრამ, თუ ეს უბედურება დატრიალდება, მეფეც იზარალებს!“
5 მაშინ მეფე ახაშვეროშმა დედოფალ ესთერს ჰკითხა: „ვინ არის და სად არის ის კაცი, ვინც ასეთი რამ გაბედა?“ 6 ესთერმა მიუგო: „ეს მოწინააღმდეგე და მტერი, ბოროტი ჰამანია!“
თავზარი დაეცა ჰამანს მეფე-დედოფლის შიშით. 7 განრისხებული მეფე სუფრიდან წამოდგა და სასახლის ბაღში გავიდა. ჰამანი კი ადგა, რომ თავის გადასარჩენად დედოფალ ესთერისთვის შეწყალება ეთხოვა, რადგან მიხვდა, რომ მეფის სასჯელი არ ასცდებოდა. 8 როცა მეფე სასახლის ბაღიდან დარბაზში შემობრუნდა, სადაც ღვინოს შეექცეოდნენ, ჰამანი ესთერის ტახტზე დამხობილი დახვდა. მეფემ ჰამანს დაუყვირა: „ახლა დედოფალზეც ძალადობ ჩემს სასახლეში!“ ამის თქმა იყო და სახე დაუფარეს ჰამანს. 9 ხარბონამ,+ მეფის ერთ-ერთმა კარისკაცმა, თქვა: „ჰამანმა თავის სახლთან 50-წყრთიანი* ძელი აღმართა მორდოქაისთვის,+ რომლის ნათქვამმაც მეფე იხსნა“.+ მაშინ ბრძანა მეფემ: „მაგ ძელზე ჩამოკიდეთ ჰამანი!“ 10 ჩამოკიდეს ჰამანი იმ ძელზე, რომელიც მას მორდოქაისთვის გაემზადებინა, და დამშვიდდა მეფე.