მეფეები — წიგნი მეორე
3 იუდას მეფე იეჰოშაფატის მეფობის მე-18 წელს სამარიაში ისრაელზე ახაბის ვაჟი იეჰორამი+ გამეფდა და 12 წელი იმეფა. 2 ბოროტებას სჩადიოდა იგი იეჰოვას თვალში, მაგრამ არა მამამისივით და დედამისივით, რადგან მოიშორა მამამისის აღმართული ბაალის სათაყვანო ბოძი.+ 3 თუმცა იმავე ცოდვებს სჩადიოდა, რასაც ნებატის ვაჟი იერობოამი, რომელმაც ცოდვაში გახვია ისრაელი.+ არ შეუწყვეტია მას ცოდვების ჩადენა.
4 მოაბის მეფე მეშას ცხვარი ჰყავდა მოშენებული. ის ისრაელის მეფეს 100 000 ბატკანსა და 100 000 გაუპარსავ ვერძს უგზავნიდა ხარკად. 5 ახაბის სიკვდილის+ შემდეგ აუჯანყდა მოაბის მეფე ისრაელის მეფეს.+ 6 მაშინ გამოვიდა მეფე იეჰორამი სამარიიდან და შეკრიბა მთელი ისრაელი. 7 მან იუდას მეფე იეჰოშაფატსაც შეუთვალა: „მოაბის მეფე ამიჯანყდა. წამომყვები მოაბთან საომრად?“ მან მიუგო: „წამოგყვები!+ რამ გაგვყო მე და შენ?! რამ გაყო ჩემი ხალხი და შენი ხალხი, და რამ გაყო ჩემი ცხენები და შენი ცხენები?!“+ 8 შემდეგ ჰკითხა: „რომელი გზით წავიდეთ?“ მან მიუგო: „ედომის უდაბნოს გზით“.
9 წავიდნენ ისრაელის მეფე, იუდას მეფე და ედომის მეფე.+ შვიდი დღე იარეს; ვერ ნახეს წყალი ჯარისა და პირუტყვისთვის, თან რომ ახლდათ. 10 ისრაელის მეფემ თქვა: „ვაი ჩვენს თავს! იეჰოვამ სამ მეფეს იმისთვის მოგვიხმო, რომ მოაბის ხელში ჩაგვყაროს!“ 11 იეჰოშაფატმა იკითხა: „არ არის აქ იეჰოვას წინასწარმეტყველი, მისი მეშვეობით რომ დავეკითხოთ იეჰოვას?“+ ისრაელის მეფის ერთ-ერთმა მსახურმა მიუგო: „ელისეა,+ შაფატის ვაჟი, რომელიც ელიას უსხამდა ხელზე წყალს“.+ 12 მაშინ იეჰოშაფატმა თქვა: „იეჰოვა ლაპარაკობს მისი პირით“. მივიდნენ მასთან ისრაელის მეფე, იეჰოშაფატი და ედომის მეფე.
13 უთხრა ელისემ ისრაელის მეფეს: „ჩემთან რატომ მოხვედი?+ მამაშენისა და დედაშენის წინასწარმეტყველებთან წადი!“+ ისრაელის მეფემ მიუგო: „არა, ამას ნუ ამბობ! იეჰოვამ სამ მეფეს მოგვიხმო, რომ მოაბის ხელში ჩაგვყაროს!“ 14 ელისემ უთხრა: „ლაშქართა ღმერთ იეჰოვას ვფიცავ, რომელსაც ვემსახურები, იუდას მეფე იეჰოშაფატის+ ხათრი რომ არ მქონდეს, ზედაც არ შემოგხედავდი!+ 15 მომიყვანეთ მექნარე!“+ დაიწყო თუ არა მექნარემ ქნარზე დაკვრა, იეჰოვას სულმა მოიცვა ელისე.+ 16 მან თქვა: «აი, რას ამბობს იეჰოვა: „ამ ხევში თხრილები გაიყვანეთ, 17 რადგან ასე თქვა იეჰოვამ: ვერც ქარს დაინახავთ და ვერც წვიმას, მაგრამ ხევი წყლით აივსება;+ თქვენც დალევთ იქიდან და თქვენი პირუტყვიც!“ 18 მაგრამ ეს უბრალო საქმეა იეჰოვასთვის,+ ის ხომ მოაბსაც ჩაგიგდებთ ხელში.+ 19 გაანადგურეთ ყველა რჩეული და ყველა გამაგრებული ქალაქი,+ მოჭერით ყველა კარგი ხე, ჩახერგეთ ყველა წყარო და ქვებით აავსეთ მიწის ნაკვეთები!»+
20 დილით მარცვლეული შესაწირავის აღვლენის დროს+ უეცრად ედომის მხარიდან წყალი წამოვიდა და ხევი წყლით აივსო.
21 გაიგეს მოაბელებმა, რომ მეფეები მათთან საბრძოლველად იყვნენ მისულები. შეყარეს ყველა, ვისაც იარაღის ხმარება შეეძლო, და საზღვართან დადგნენ. 22 დილით, როცა ადგნენ, მოაბელებს მზის შუქზე მოელვარე წყლის ზედაპირი შორიდან სისხლივით წითელი მოეჩვენათ. 23 თქვეს: „სისხლია! მეფეებს მახვილით გაუჟლეტიათ ერთმანეთი. ხელთ იგდე ნადავლი,+ მოაბ!“ 24 ისრაელის ბანაკში რომ მივიდნენ, მაშინვე წამოიშალნენ ისრაელები, შეუტიეს მოაბს და უკუაქციეს.+ მიიწევდნენ მოაბისკენ და გზადაგზა ხოცავდნენ მოაბელებს. 25 დაანგრიეს ქალაქები, ყველამ თითო ქვა ისროლა კარგ მიწის ნაკვეთებზე და ქვებით აავსეს, ჩახერგეს ყველა წყარო+ და მოჭრეს ყველა კარგი ხე.+ კირ-ხარასეთის+ ქვის გალავანიღა იდგა და ბოლოს მეშურდულეები მასაც შემოადგნენ და შეუტიეს ქალაქს.
26 როცა დაინახა მოაბის მეფემ, რომ დამარცხდა ბრძოლაში, წაიყვანა 700 მახვილით შეიარაღებული კაცი, რომ ედომის მეფეზე+ მიეტანა იერიში, მაგრამ ვერ შეძლო. 27 ამიტომ წაიყვანა თავისი პირმშო, მის შემდეგ რომ უნდა გამეფებულიყო, და დასაწვავ მსხვერპლად შესწირა+ გალავანზე. ძლიერ განურისხდა ხალხი ისრაელებს, ამიტომ გაეცალნენ ისინი იქაურობას და თავიანთ მიწა-წყალზე დაბრუნდნენ.