105 მადლობდეთ იეჰოვას,+ მოუხმეთ მის სახელს,
აუწყეთ ხალხებს მისი საქმეების შესახებ!+
2 უგალობეთ მას და ხოტბა შეასხით,
ჩაუფიქრდით მის საოცარ საქმეებს.+
3 იამაყეთ მისი წმინდა სახელით;+
გულით გაიხარონ იეჰოვას მძებნელებმა!+
4 ეძებეთ იეჰოვა+ და მისი ძალა,
მუდამ ესწრაფეთ მისგან წყალობის მიღებას.
5 გახსოვდეთ მისი საოცარი საქმეები,
მისი მრავალი სასწაული და განაჩენი,+
6 აბრაამის, მისი მსახურის, შთამომავლებო,+
იაკობის ძეებო, ღვთის რჩეულნო!+
7 ის არის იეჰოვა, ჩვენი ღმერთი.+
მისი სამართალი მთელ დედამიწაზე ვრცელდება.+
8 არასდროს ივიწყებს თავის შეთანხმებას,+
ათასი თაობისთვის მიცემულ პირობას,+
9 აბრაამთან დადებულ შეთანხმებასა+
და ისაკისთვის მიცემულ ფიცს,+
10 რაც წესად დაუდგინა იაკობს
და მარადიულ შეთანხმებად უქცია ისრაელს:
11 „მოგცემ ქანაანის მიწას,+
ეს იქნება შენი სამკვიდრო“.+
12 მაშინ ცოტანი იყვნენ ისინი,+
ძალიან ცოტანი, თანაც ხიზნები იმ მიწაზე.+
13 ერიდან ერში გადადიოდნენ,
სამეფოდან — სამეფოში.+
14 მან არავის დააჩაგვრინა ისინი,+
მეფეებსაც კი აფრთხილებდა მათ გამო:+
15 ჩემს ცხებულებს ხელი არ ახლოთ
და ჩემს წინასწარმეტყველებს არაფერი დამართოთო!+
16 შიმშილი ჩამოაგდო მათ მიწაზე;+
გამოულია პურის მარაგი.
17 მათ წინ გაგზავნა კაცი,
იოსები, რომელიც მონად გაყიდეს.+
18 ხუნდები დაადეს ფეხებზე+
და რკინის საკვრელები — კისერზე;
19 იეჰოვას სიტყვამ გამოაწრთო იგი,+
სანამ შესრულდებოდა მისი ნათქვამი.
20 მეფემ ბრძანა მისი გათავისუფლება,+
ხალხთა მმართველმა — მისი გამოხსნა.
21 თავისი სახლის გამგებლად დააყენა,
მას ჩააბარა მთელი ქონება,+
22 რათა მას დამორჩილებოდნენ მთავრები
და დაებრძენებინა უხუცესები.+
23 ჩავიდა ისრაელი ეგვიპტეში+
და ხიზნად იყო იაკობი ქამის ქვეყანაში.
24 გაამრავლა ღმერთმა თავისი ხალხი+
და მტრებზე მეტად გააძლიერა;+
25 შეაძულა მათ თავისი ხალხი
და ისინიც მუხანათურად ექცეოდნენ მის მსახურებს.+
26 გაგზავნა თავისი მსახური მოსე+
და აარონი,+ რომელიც აირჩია.
27 მისი ძალით საოცრებები მოახდინეს ეგვიპტელთა თვალწინ,
სასწაულები მოახდინეს ქამის ქვეყანაში.+
28 მოავლინა სიბნელე და ჩამოწვა წყვდიადი;+
არ ეურჩნენ ისინი მის სიტყვებს.
29 წყალი სისხლად უქცია ეგვიპტელებს
და გაუწყვიტა თევზი.+
30 ბაყაყებით აავსო მათი ქვეყანა,+
სამეფო ოთახებიც კი.
31 ბრძანა, რომ ბუზანკალი
და ქინქლა შესეოდა მთელ იმ მხარეს.+
32 წვიმა სეტყვად უქცია
და ელვა მოუვლინა მათ ქვეყანას.+
33 მოუსპო მათ ვაზი და ლეღვი,
დალეწა ხეები მთელ იმ მხარეში.
34 თქვა, რომ კალია შესეოდა მათ,
ურიცხვი უფრთო კალია.+
35 გადაჭამეს ქვეყნის მცენარეულობა,
შთანთქეს იმ მიწის ნაყოფი.
36 დახოცა ყველა პირმშო მათ ქვეყანაში,+
მათ შთამომავალთაგან პირველნი.
37 ოქრო-ვერცხლით გამოიყვანა ისინი;+
არავინ დაუძლურებულა მის ტომებში.
38 გაიხარა ეგვიპტემ მათი წასვლით,
რადგან თავზარდაცემულნი იყვნენ მათ გამო.+
39 ღრუბელი აღუმართა კედლად+
და ცეცხლი — ღამის გასანათებლად.+
40 ითხოვეს და მანაც მოუვლინა მწყერი,+
ზეციური პურით აძღებდა მათ.+
41 გააპო კლდე და გადმოდინდა წყალი;+
მდინარესავით იდინა წყალმა უდაბნოში.+
42 მას ახსოვდა თავისი მსახურისთვის, აბრაამისთვის, მიცემული წმინდა აღთქმა.+
43 სიხარულით გამოიყვანა თავისი ხალხი,+
ყიჟინით — თავისი რჩეულები.
44 მისცა მათ სხვა ხალხთა მიწები;+
დაეუფლნენ ისინი ერების ნაჯაფს,+
45 რათა შეესრულებინათ მისი წესები+
და დაეცვათ მისი კანონები.
ადიდეთ იაჰი!