მსაჯულები
8 ეფრემელებმა უთხრეს მას: „ეს რა გაგვიკეთე?! რატომ არ მოგვიხმე ჩვენც მიდიანთან საბრძოლველად?“+ და ცხარე კამათი გაუმართეს.+ 2 მან მიუგო: „თქვენოდენი რა გამიკეთებია?! ეფრემის+ ნამცვრევი არა სჯობს აბი-ეზერის+ რთველს?! 3 თქვენ ჩაგიგდოთ ხელში ღმერთმა მიდიანის მთავრები, ორები და ზეები.+ თქვენოდენი რა გამიკეთებია?!“ ეს რომ უთხრა, მაშინღა დაშოშმინდნენ.
4 მიადგა გედეონი იორდანეს, გადალახეს ის მან და მასთან მყოფმა 300-მა კაცმა. დაღლილები იყვნენ, მაგრამ მაინც მისდევდნენ მტერს. 5 უთხრა მან სუქოთელებს: „მიეცით პური ჩემს ხალხს, დაღლილები არიან; მიდიანის მეფეებს, ზებახსა და ცალმუნას, მივდევთ“. 6 სუქოთის მთავრებმა მიუგეს: „უკვე ჩაიგდე ხელში ზებახი და ცალმუნა, ლაშქარი რომ დაგიპუროთ?!“ 7 მაშინ გედეონმა უთხრა: „როცა ხელში ჩამიგდებს იეჰოვა ზებახსა და ცალმუნას, უდაბნოს ნარ-ეკლით დაგიფლეთთ ხორცს!“+ 8 იქიდან ფენუელში მივიდა და იქაც იგივე ითხოვა, მაგრამ ფენუელელებმაც სუქოთელებივით უპასუხეს. 9 ფენუელელებსაც უთხრა მან: „როცა მშვიდობით დავბრუნდები, დაგინგრევთ მაგ კოშკს!“+
10 ზებახი და ცალმუნა კარკორში იყვნენ თავ-თავიანთი ჯარით, 15 000-მდე კაცით. აღმოსავლელთა+ მთელი ჯარიდან ისინიღა დარჩნენ, რადგან 120 000 მებრძოლი დაეცა. 11 წავიდა გედეონი კარვებში მცხოვრებთა გზით ნობისა და იოგბეჰის+ აღმოსავლეთით და დაბანაკებულთ მოულოდნელად დაესხა თავს. 12 გაიქცნენ ზებახი და ცალმუნა; ის დაედევნა მათ, შეიპყრო მიდიანის ორივე მეფე, ზებახიცა და ცალმუნაც, და მთელ ბანაკს თავზარი დასცა.
13 დაბრუნდა ბრძოლიდან იოაშის ვაჟი გედეონი ხარესში ამავალი გზით. 14 გზად ერთი სუქოთელი ახალგაზრდა შეიპყრო და დაჰკითხა. ჩამოუწერა მან 77 კაცის, სუქოთის მთავრებისა და უხუცესების, სახელი. 15 მივიდა იგი სუქოთელებთან და უთხრა: „აი ზებახი და ცალმუნა, რომ დამცინოდით: უკვე ჩაიგდე ხელში ზებახი და ცალმუნა, დაქანცული მეომრები რომ დაგიპუროთო!“+ 16 გამოიყვანა ქალაქის უხუცესები და სუქოთელებს უდაბნოს ნარ-ეკლით ასწავლა ჭკუა.+ 17 დაანგრია ფენუელის კოშკი+ და დახოცა იმ ქალაქში მცხოვრები მამაკაცები.
18 უთხრა ზებახსა და ცალმუნას: „როგორი ხალხი დახოცეთ თაბორზე?“ მათ მიუგეს: „შენნაირები იყვნენ, ყველანი მეფისწულებს ჰგავდნენ“. 19 მან უთხრა მათ: „ჩემი ძმები იყვნენ, დედაჩემის შვილები. ცოცხალ ღმერთს, იეჰოვას, ვფიცავ, ისინი რომ ცოცხლები დაგეტოვებინათ, არც მე დაგხოცავდით!“ 20 შემდეგ თავის პირმშოს, იეთერს უთხრა: „ადექი და დახოცე!“ ვერ ამოიღო მან მახვილი, რადგან ჯერაც ყმაწვილი იყო და შეეშინდა. 21 უთხრეს გედეონს ზებახმა და ცალმუნამ: „კაცი შენა ხარ, ადექი და შენ თვითონ დაგვხოცე!“ ისიც ადგა და დახოცა ზებახი და ცალმუნა+ და მათ აქლემებს კისრიდან ნახევარმთვარის ფორმის სამკაულები ჩამოხსნა.
22 ისრაელებმა გედეონს უთხრეს: „გახდით ჩვენი წინამძღოლები შენ, შენი შვილი და შვილიშვილი, რადგან გვიხსენი მიდიანის ხელიდან!“+ 23 გედეონმა მიუგო მათ: „არც მე და არც ჩემი შვილი არ გავხდებით თქვენი წინამძღოლები, იეჰოვა იქნება თქვენი წინამძღოლი“.+ 24 უთხრა მათ გედეონმა: „ოღონდ ერთს გთხოვთ: თითოეულმა მომეცით ცხვირის რგოლი თქვენ-თქვენი ნადავლიდან“ (დამარცხებულებს ცხვირზე გასაკეთებელი ოქროს რგოლები ჰქონდათ, რადგან ისმაელელები+ იყვნენ). 25 მათაც მიუგეს, მოგცემთო. გაშალეს მოსასხამი და თითოეული აგდებდა ცხვირის რგოლს თავისი ნადავლიდან. 26 ცხვირზე გასაკეთებელი ოქროს რგოლები, მან რომ ითხოვა, 1 700 შეკელს* იწონიდა, თუ არ ჩავთვლით ნახევარმთვარისებრ სამკაულებს, საყურეებს, მიდიანელ მეფეთა იისფერ შალის სამოსსა და აქლემების ყელსაკიდებს.+
27 გააკეთა გედეონმა ამ ოქროსგან ეფოდი+ და თავის ქალაქში, ოფრაში+ გამოფინა. მთელი ისრაელი თაყვანს სცემდა ეფოდს*+ და მახედ ექცა ის გედეონსა და მის სახლეულობას.+
28 დაიმორჩილეს მიდიანი+ ისრაელებმა და მეტად აღარ შეუვიწროებია მიდიანს ისრაელი. გედეონის დროს 40 წელი მშვიდობა იყო იმ მიწაზე.+
29 დაბრუნდა იოაშის ვაჟი იერუბაალი+ თავის სახლში და იქ ცხოვრობდა.
30 გედეონს 70 ვაჟი შეეძინა, რადგან ბევრი ცოლი ჰყავდა. 31 შექემელმა ხარჭამაც გაუჩინა ვაჟი, რომელსაც აბიმელექი+ დაარქვა. 32 ტკბილი სიბერით მოკვდა გედეონი, იოაშის ვაჟი, და მამამისის, იოაშის, სამარხში დამარხეს აბი-ეზერელთა+ ოფრაში.
33 გედეონის სიკვდილის შემდეგ ისრაელებმა კვლავ დაიწყეს ბაალის კერპების თაყვანისცემა+ და ბაალ-ბერითი გაიხადეს ღმერთად.+ 34 აღარ ახსოვდათ ისრაელებს თავიანთი ღმერთი იეჰოვა,+ რომელმაც ირგვლივ მყოფი მტრებისგან იხსნა ისინი.+ 35 არც იერუბაალის ანუ გედეონის სახლეულობას გადაუხადეს სიკეთით* იმ სიკეთისთვის, რაც მან გაუკეთა ისრაელს.+