ზაქარია
12 განაჩენი:
„იეჰოვას სიტყვა ისრაელის შესახებ, — ამბობს იეჰოვა, —
ის, ვინც ცა გადაჭიმა,+
ვინც დედამიწას საძირკველი ჩაუყარა+
და კაცს სული ჩაუდგა.
2 იერუსალიმს თასად ვაქცევ, რომელიც გარშემო მცხოვრებ ხალხებს ბარბაცს დააწყებინებს. ალყაში მოაქცევენ იუდას და იერუსალიმს.+ 3 იმ დღეს მძიმე ქვად ვაქცევ იერუსალიმს ყველა ხალხისთვის. ვინც კი მას ასწევს, მძიმედ დაშავდება.+ მის წინააღმდეგ შეიკრიბება დედამიწის ყველა ხალხი.+ 4 იმ დღეს, — ამბობს იეჰოვა, — დავაფრთხობ ცხენებს და ჭკუიდან შევშლი მხედრებს; თვალს დავიჭერ იუდაზე და სიბრმავეს მოვგვრი ხალხთა ცხენებს. 5 იუდას თავკაცები გულში იტყვიან, ჩვენი ძალა იერუსალიმის მკვიდრნი არიან ლაშქართა ღვთის, იეჰოვას შეწევნითო.+ 6 იმ დღეს იუდას თავკაცებს დავამსგავსებ კოცონს ხეთა შორის და ცეცხლმოკიდებულ ჩირაღდანს ძნებს შორის,+ და ისინი შთანთქავენ ირგვლივ მცხოვრებ ერებს, მარჯვნივაც და მარცხნივაც;+ იერუსალიმის მკვიდრნი კვლავ დასახლდებიან თავ-თავიანთ ადგილებზე იერუსალიმში.+
7 პირველად იეჰოვა იუდას კარვებს გადაარჩენს, რათა დავითის შთამომავალთა და იერუსალიმის მკვიდრთა მშვენებამ იუდასას არ გადააჭარბოს. 8 იმ დღეს ყოველი მხრიდან დაიცავს იეჰოვა იერუსალიმის მკვიდრთ;+ იმ დღეს მათ შორის ყველაზე სუსტიც კი დავითივით იქნება, დავითის შთამომავლობა კი — ღმერთივით, იეჰოვას ანგელოზივით, წინ რომ მიუძღვით.+ 9 იმ დღეს გავანადგურებ ყველა ერს, რომლებიც იერუსალიმზე გამოილაშქრებენ.+
10 გადმოვღვრი დავითის შთამომავლებზე და იერუსალიმის მკვიდრებზე წყალობისა და ვედრების სულს; შეხედავენ მას, ვინც განგმირეს,+ დაიტირებენ მას, როგორც ერთადერთ ვაჟს დასტირიან, მწარედ იგლოვებენ მას, როგორც პირმშოს გლოვობენ. 11 იმ დღეს დიდი მოთქმა იქნება იერუსალიმში, როგორიც ჰადადრიმონში იყო, მეგიდოს ველზე.+ 12 მთელი მიწა გლოვას მოჰყვება, თითოეული ოჯახი — ცალ-ცალკე; ცალკე დავითის საგვარეულო, ცალკე მათი ქალები, ცალკე ნათანის+ საგვარეულო, ცალკე მათი ქალები, 13 ცალკე ლევის+ საგვარეულო, ცალკე მათი ქალები, ცალკე შიმელთა+ საგვარეულო, ცალკე მათი ქალები 14 და დანარჩენი საგვარეულოები, ცალკე თითოეული ოჯახი და ცალკე მათი ქალები“.