გუნდის ხელმძღვანელს: სიმებიანი საკრავების თანხლებით. მასქილი. დავითის ფსალმუნი.
55 შეისმინე ჩემი ლოცვა, ღმერთო,+
ნუ უგულებელყოფ ჩემს სათხოვარს, როცა წყალობას შეგთხოვ.+
2 მომხედე და მიპასუხე.+
მოსვენებას მიკარგავს ჩემი საწუხარი+
და შეშფოთებული ვარ
3 მტრების მუქარისა
და ბოროტთა ზეწოლის გამო,
რადგან გასაჭირს გასაჭირზე მატეხენ თავს
და განრისხებულნი მმტრობენ.+
4 გული მიკვნესის,+
სიკვდილის შიშმა შემიპყრო.+
5 შიშმა და კანკალმა ამიტანა,
ერთიანად ვცახცახებ.
6 ვამბობ: „ნეტავ მეც მტრედივით მქონდეს ფრთები!
გავფრინდებოდი და სადმე თავს შევაფარებდი.
7 შორს გადავიხვეწებოდი+
და უდაბნოში დავიდებდი ბინას.+ (სელა)
8 თავშესაფარს მივაშურებდი,
ქარტეხილსა და გრიგალს გავექცეოდი“.
9 თავგზა აურიე მათ, იეჰოვა, და ჩაუშალე ზრახვები,+
რადგან ძალადობასა და დავას ვხედავ ამ ქალაქში;
10 დღედაღამ მის გალავანზე დაიარებიან,
ქალაქში კი სიავე და გასაჭირია.+
11 უბედურებაა მის შუაგულში;
ჩაგვრა და მზაკვრობა არ სცილდება მის მოედნებს.+
12 მტრის დასაცინი რომ გავმხდარიყავი,+ ავიტანდი.
მოძულე რომ ამმხედრებოდა, დავემალებოდი,
13 მაგრამ ეს შენ იყავი, ჩემი ტოლი და სწორი,+
ჩემი მეგობარი და ახლობელი.+
14 გულითადი მეგობრები ვიყავით,
ღვთის კარავში დიდ კრებულთან ერთად დავდიოდით.
15 განადგურება ეწიოთ ჩემს მტრებს!+
ცოცხლად ჩავიდნენ სამარეში,
რადგან ბოროტებაა დამკვიდრებული მათ შორის და მათ გულებში.
16 მე კი ღმერთს მოვუხმობ,
იეჰოვა დამიხსნის.+
17 ვწუხვარ და ვგმინავ საღამოს, დილითა და შუადღით,+
მას ესმის ჩემი ხმა.+
18 ის დამიხსნის და მომასვენებს მათგან, ვინც მებრძვის,
რადგან ბევრი აღდგა ჩემ წინააღმდეგ.+
19 მოისმენს და პასუხს გასცემს მათ ღმერთი,+
ის, ვინც ოდითგანვე ზის ტახტზე.+ (სელა)
არ სურთ გამოსწორება მათ,
ვისაც ღვთის შიში არა აქვთ.+
20 იგი მათ აუმხედრდა, ვისთანაც მშვიდობა ჰქონდა,+
დაარღვია დადებული შეთანხმება.+
21 მისი სიტყვები კარაქზე რბილია,+
გულში კი მტრობა აქვს;
მისი სიტყვები ზეთზე რბილია,
მაგრამ გაშიშვლებული ხმლებივითაა.+
22 იეჰოვას მიანდე შენი ტვირთი+
და ის ამოგიდგება მხარში,+
ის არასოდეს დაუშვებს მართლის დაცემას.+
23 ღმერთო, შენ ჩაყრი ბოროტებს უძირო ორმოში.+
თავიანთი სიცოცხლის ნახევარსაც ვერ გალევენ სისხლისმღვრელები და მზაკვრები,+
მე კი შენზე ვიქნები მონდობილი.