მარკოზის სახარება
5 გადაცურეს ზღვა და გერასელთა მხარეს მიადგნენ.+ 2 როგორც კი იესო ნავიდან გადმოვიდა, სასაფლაოდან* გამოსული ერთი უწმინდური სულით შეპყრობილი კაცი შემოხვდა, 3 რომელიც სასაფლაოზე ცხოვრობდა. ჯაჭვებითაც კი ვერავინ ბოჭავდა მას. 4 არაერთხელ დაუდიათ ბორკილები და შეუკრავთ ჯაჭვებით, მაგრამ ჯაჭვებს წყვეტდა და ბორკილებს ამტვრევდა; ვერაფერს უხერხებდნენ. 5 სასაფლაოზე თუ მთაში დღედაღამ ღრიალებდა და სხეულს ქვებით ისერავდა. 6 თვალი მოჰკრა თუ არა იესოს, მისკენ გაიქცა და მის წინაშე დაემხო.+ 7 მერე ყვირილი მორთო: „რა გინდა ჩემგან, იესო, უზენაესის ძეო? ღმერთს გაფიცებ, არ დამტანჯო“.+ 8 ამას იმიტომ ამბობდა, რომ იესო ეუბნებოდა, უწმინდურო სულო, გამოდი ამ კაცისგანო.+ 9 იესომ ჰკითხა მას: „რა გქვია?“ მან მიუგო: „ლეგიონი, რადგან ბევრნი ვართ“. 10 ის ემუდარებოდა იესოს, რომ არ გაეყარა სულები იმ მხარიდან.+
11 იქვე, მთაზე,+ ღორების დიდი ჯოგი+ ჭამდა. 12 უწმინდური სულები შეეხვეწნენ იესოს, ღორებისკენ გაგვიშვი, ღორებში შევალთო. 13 მანაც დართო ნება. გამოვიდნენ უწმინდური სულები და ღორებში შევიდნენ. ჯოგი კბოდედან ზღვაში გადაეშვა და 2 000-მდე ღორი დაიხრჩო. 14 გაიქცნენ მეღორეები და ეს ამბავი ქალაქსა და სოფლებს მოსდეს. ხალხი მომხდარის სანახავად მივიდა.+ 15 იესოსთან მისულებმა დაინახეს ის დემონებით შეპყრობილი კაცი, რომელსაც ლეგიონი ჰყავდა. ჩაცმული იჯდა და საღი აზროვნება დაჰბრუნებოდა. ხალხი შიშმა შეიპყრო. 16 თვითმხილველებმაც უამბეს მათ, რაც დემონებით შეპყრობილ კაცსა და ღორებს დაემართათ. 17 შემდეგ შეეხვეწნენ იესოს, რომ იქაურობას გასცლოდა.+
18 ნავში რომ ჯდებოდა იესო, კაცი, რომელიც დემონებით იყო შეპყრობილი, შეეხვეწა, შენთან ერთად წამოვალო.+ 19 თუმცა მან ნება არ დართო და უთხრა: „შინ წადი და შენიანებს უამბე, რა გაგიკეთა იეჰოვამ* და როგორ შეგიწყალა“. 20 წავიდა იგი და დეკაპოლისში ყველას იმაზე ელაპარაკებოდა, რაც იესომ გაუკეთა; ყველანი გაკვირვებულები იყვნენ.
21 როცა იესო ნავით გამოღმა გამოვიდა, მასთან დიდძალი ხალხი შეიკრიბა. ის ზღვის პირას იყო.+ 22 ამ დროს მოვიდა სინაგოგის ერთ-ერთი წინამძღვარი, სახელად იაიროსი, და თვალი მოჰკრა თუ არა იესოს, მის ფეხებთან დაემხო+ 23 და ხვეწნა დაუწყო: „ჩემი გოგო სიკვდილის პირასაა. წამოდი, ხელი დაადე,+ რომ გამოჯანმრთელდეს და იცოცხლოს“. 24 იესოც წაჰყვა. დიდძალი ხალხი მიჰყვებოდა და ზედ აწყდებოდა.
25 მათ შორის იყო ერთი ქალი, რომელიც 12 წელი+ სისხლდენით+ იტანჯებოდა. 26 გაწამებული იყო ექიმებისგან; მთელი სახსრები დახარჯვოდა, მაგრამ გამოკეთების ნაცვლად უარეს დღეში ჩავარდნილიყო. 27 იესოს ამბავი რომ გაიგო, ზურგიდან მიუახლოვდა მას და მოსასხამზე შეეხო,+ 28 რადგან თავისთვის ამბობდა, მოსასხამზეც რომ შევეხო, გამოვჯანმრთელდებიო.+ 29 სისხლდენა მაშინვე შეუჩერდა და იგრძნო, რომ მძიმე დაავადებისგან განიკურნა.
30 იესომაც მაშინვე იგრძნო, რომ ძალა+ გავიდა მისგან. მიუბრუნდა ხალხს და იკითხა: „ვინ შემეხო მოსასხამზე?“+ 31 მოწაფეებმა მიუგეს: „ხალხი ზედ გაწყდება და შენ კიდევ კითხულობ, ვინ შემეხოო“. 32 იესომ მიმოიხედა, რომ დაენახა, ვინ შეეხო. 33 როცა ქალი მიხვდა, რაც მოხდა, შეშინებული და აკანკალებული მივიდა მასთან, მის წინაშე დაემხო და ყველაფერი უამბო. 34 იესომ მას უთხრა: „შვილო, შენმა რწმენამ განგკურნა. წადი მშვიდობით.+ განკურნებული ხარ მძიმე დაავადებისგან“.+
35 ჯერ ისევ ლაპარაკობდა, როცა სინაგოგის წინამძღვრის სახლიდან რამდენიმე კაცი მოვიდა და უთხრა მას: „შენი ასული გარდაიცვალა! ნუღარ შეაწუხებ მოძღვარს“.+ 36 ამაზე იესომ სინაგოგის წინამძღვარს უთხრა: „ნუ გეშინია, მხოლოდ გწამდეს“.+ 37 პეტრეს, იაკობისა და მისი ძმის, იოანეს გარდა, არავის დართო ნება, რომ წაჰყოლოდნენ.+
38 მივიდნენ ისინი სინაგოგის წინამძღვრის სახლში. დაინახა იესომ, რომ ხალხი ჩოჩქოლებდა, ტიროდა და მოთქვამდა.+ 39 შევიდა და უთხრა მათ: „რატომ ჩოჩქოლებთ და რატომ ტირით? ბავშვი არ მომკვდარა, მხოლოდ სძინავს!“+ 40 ამის გაგონებაზე მათ ის მასხრად აიგდეს. მან ყველანი გარეთ გაუშვა, წაიყოლა ბავშვის დედ-მამა და თავისთან მყოფნი და იმ ოთახში შევიდა, სადაც ბავშვი იწვა. 41 ხელზე ხელი მოჰკიდა მას და უთხრა: „ტალითა კუმი“, რაც ასე ითარგმნება: „გოგონა, შენ გეუბნები, ადექი!“+ 42 გოგონა მაშინვე წამოდგა და გაიარა (იგი 12 წლისა იყო). იქ მყოფთა სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. 43 იესომ მკაცრად გააფრთხილა ისინი, რომ არავისთვის მოეყოლათ ეს ამბავი.+ მერე კი თქვა, გოგონასთვის საჭმელი მიეცათ.