მატიანე — წიგნი მეორე
16 ასას მეფობის 36-ე წელს ისრაელის მეფე ბააშა+ იუდას წინააღმდეგ გამოვიდა და რამის+ გამაგრება დაიწყო, რათა ვერც ვერავინ შესულიყო იუდას მეფე ასას სამეფოში და ვერც ვერავინ გამოსულიყო.+ 2 გამოიტანა ასამ ოქრო-ვერცხლი იეჰოვას ტაძრისა და მეფის სასახლის საგანძურებიდან,+ გაუგზავნა დამასკოში მცხოვრებ სირიის მეფე ბენ-ჰადადს,+ და შეუთვალა: 3 „შეთანხმება გვაქვს მე და შენ, მამაჩემსა და მამაშენს. აი, გიგზავნი ოქრო-ვერცხლს; დაარღვიე ისრაელის მეფე ბააშასთან დადებული შეთანხმება, რომ ჩამომშორდეს!“
4 ბენ-ჰადადიც მეფე ასას ნათქვამისამებრ მოიქცა; გაგზავნა თავისი მხედართმთავრები ისრაელის ქალაქების წინააღმდეგ, რომლებმაც აიღეს იონი,+ დანი+ და აბელ-მაიმი და მოსპეს ნაფთალის ქალაქების საწყობები.+ 5 როგორც კი ეს ამბავი ბააშამ შეიტყო, მაშინვე შეაჩერა წამოწყებული საქმე, შეწყვიტა რამის გამაგრება. 6 მეფე ასამ კი შეკრიბა მთელი იუდა, მათაც წამოიღეს ქვები და მორები, რომლებითაც ბააშა რამას+ ამაგრებდა,+ და ამ მასალით ის გებისა+ და მიცფის+ გამაგრებას შეუდგა.
7 მაშინ წინასწარმხილველი ხანანი+ მივიდა იუდას მეფე ასასთან და უთხრა: „სირიის მეფის ნაცვლად იეჰოვას, შენს ღმერთს რომ მინდობოდი, ახლა სირიის მეფის ჯარი დამარცხებული გეყოლებოდა.+ 8 განა დიდძალი ჯარი, უამრავი ეტლი და მხედარი არ ჰყავდათ ეთიოპებსა და ლიბიელებს?! ხომ ჩაყარა ისინი იეჰოვამ შენს ხელში, როცა მას მიენდე?!+ 9 იეჰოვას თვალები აკვირდება მთელ დედამიწას,+ რომ თავისი ძალით დაეხმაროს მათ, ვინც მთელი გულით ემსახურება.+ ამჯერად უგუნურად მოიქეცი, ამიტომ ამიერიდან ომები გექნება!“+
10 გაბრაზდა ასა წინასწარმხილველ ხანანზე, ჩააგდო საპყრობილეში და ხუნდები დაადო, რადგან განარისხა მისმა ნათქვამმა. ასამ სხვების ჩაგვრაც დაიწყო. 11 ასას საქმეები, პირველიდან უკანასკნელამდე, იუდასა და ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.+
12 თავისი მეფობის 39-ე წელს ასას ფეხები დაუსნეულდა და მძიმედ დაავადდა, მაგრამ არც ავადმყოფობის დროს მიუმართავს მას იეჰოვასთვის; მკურნალებს მიმართავდა. 13 ბოლოს განისვენა ასამ თავისი მამა-პაპის გვერდით;+ მოკვდა თავისი მეფობის 41-ე წელს. 14 დამარხეს ის დიდებულ სამარხში, რომელიც თავისთვის ჰქონდა გამზადებული დავითის ქალაქში.+ დაასვენეს ის სარეცელზე, რომელიც სხვადასხვა ნელსაცხებლის საგანგებო ნაზავითა და ბალზამის ზეთით იყო სავსე.+ დაკრძალვის დროს მისთვის პატივის მისაგებად უხვად აკმიეს საკმეველი.