მოციქულთა საქმეები
23 პავლემ თვალი მოავლო სინედრიონს და მიმართა: „ძმებო, ღვთის წინაშე დღემდე სუფთა სინდისით+ დავდივარ“. 2 ეს რომ მღვდელმთავარმა ანანიამ გაიგონა, გვერდით მდგომთ უბრძანა, ტუჩებში შემოარტყითო. 3 მაშინ პავლემ მას უთხრა: „ღმერთი შემოგარტყამს, შე შეთეთრებულო კედელო. ზიხარ და კანონით მასამართლებ და ამ დროს თავადვე არღვევ კანონს, ჩემს ცემას რომ ბრძანებ!“ 4 მას გვერდით მდგომებმა უთხრეს: „ღვთის მღვდელმთავარს ლანძღავ?“ 5 პავლემ მიუგო: „ძმებო, არ ვიცოდი, რომ მღვდელმთავარი იყო. დაწერილია, შენი ხალხის მმართველზე აუგს ნუ იტყვიო“.+
6 პავლემ იცოდა, რომ ერთნი სადუკეველები იყვნენ, მეორენი კი — ფარისევლები, ამიტომ სინედრიონის გასაგონად წამოიძახა: „ძმებო, მე ფარისეველი+ ვარ, ფარისევლების შვილი. მკვდრეთით აღდგომის იმედის გამო მასამართლებენ“. 7 ეს რომ თქვა, ფარისევლებსა და სადუკეველებს შორის უთანხმოება ჩამოვარდა და შეკრებილი ხალხი ორად გაიყო, 8 რადგან სადუკეველებს არც აღდგომის, არც ანგელოზების და არც სულის არსებობის სჯერათ, ფარისევლებს კი ეს ყველაფერი სწამთ.+ 9 ატეხეს ყვირილი; ზოგი ფარისეველი მწიგნობარი წამოდგა და გაიმართა ცხარე კამათი, ამბობდნენ: „ამ კაცს ვერანაირი დანაშაული ვერ ვუპოვეთ, და, თუ მას სული ან ანგელოზი ელაპარაკა...“+ 10 უთანხმოება რომ გამწვავდა, ათასისთავს შეეშინდა, პავლე არ გაგლიჯონო, და ჯარისკაცებს უბრძანა, ჩასულიყვნენ, გამოეყვანათ იქიდან და ყაზარმაში წაეყვანათ.
11 მეორე ღამეს პავლეს უფალი გამოეცხადა და უთხრა: „გამაგრდი!+ როგორც იერუსალიმში ქადაგებდი გულმოდგინედ ჩემ შესახებ, რომშიც ისევე უნდა იქადაგო“.+
12 როცა გათენდა, იუდეველებმა მოილაპარაკეს და ფიცი დადეს, რომ სანამ პავლეს არ მოკლავდნენ, არც შეჭამდნენ და არც დალევდნენ. 13 ამ შეთქმულებაში 40 კაცზე მეტი მონაწილეობდა. 14 ისინი უფროს მღვდლებთან და უხუცესებთან მივიდნენ და უთხრეს: „ჩვენ ფიცი დავდეთ, რომ, სანამ პავლეს არ მოვკლავთ, ლუკმას არ ჩავიდებთ პირში. 15 ამიტომ სინედრიონის წევრებთან ერთად უთხარით ათასისთავს, რომ მისი აქ მოყვანა გინდათ ვითომ მისი საქმის საფუძვლიანად გამოსაკვლევად, და სანამ აქამდე მოვა, ჩვენ ჩავუსაფრდებით და მოვკლავთ“.
16 გაიგო პავლეს დისშვილმა, პავლეს რომ უნდა ჩასაფრებოდნენ, და ყაზარმაში წავიდა მისთვის ამის შესატყობინებლად. 17 პავლემ ერთი ასისთავი მოიხმო და უთხრა: „ეს ბიჭი ათასისთავთან წაიყვანე, რაღაცა აქვს სათქმელი“. 18 მანაც მიიყვანა ის ათასისთავთან და უთხრა: „პატიმარმა პავლემ დამიძახა და მთხოვა, რომ ეს ბიჭი შენთან მომეყვანა, რაღაცა აქვს სათქმელი“. 19 ათასისთავმა მას ხელი მოჰკიდა, გვერდზე გაიყვანა და ჰკითხა: „აბა, რა უნდა გეთქვა?“ 20 მან უთხრა: „იუდეველებმა მოილაპარაკეს, რომ ხვალ პავლეს სინედრიონში მიყვანა გთხოვონ ვითომდა მისი საქმის უკეთ გამოსარკვევად.+ 21 ნუ დათანხმდები, რადგან მათგან 40 კაცზე მეტი აპირებს ჩასაფრებას; ფიცი აქვთ დადებული, სანამ არ მოვკლავთ, არც შევჭამთ და არც დავლევთო.+ უკვე მზად არიან და შენს თანხმობას ელიან“. 22 ათასისთავმა ბიჭს უბრძანა, არავისთან არაფერი წამოგცდესო, და გაუშვა.
23 მან ორი ასისთავი დაიბარა და უთხრა: „ღამის მესამე საათისთვის* მზად გყავდეთ 200 ჯარისკაცი, 70 მხედარი და 200 შუბოსანი კესარეაში გასამგზავრებლად; 24 ცხენებიც მზად გყავდეთ, რომ პავლე გამგებელ ფელიქსთან უვნებლად მიიყვანოთ“. 25 მან ასეთი შინაარსის წერილი დაწერა:
26 „მის აღმატებულებას, გამგებელ ფელიქსს, კლავდიუს ლისიასგან. მოგესალმები! 27 ეს კაცი იუდეველებმა შეიპყრეს და მოკვლას უპირებდნენ, მაგრამ მე მაშინვე მივედი ჯარისკაცებით და გადავარჩინე,+ რადგან გავიგე, რომ რომის მოქალაქე ყოფილა.+ 28 მაინტერესებდა, რაში სდებდნენ ბრალს, და მათსავე სინედრიონს წარვუდგინე.+ 29 დავინახე, რომ მას თავიანთი კანონის საკითხებში სდებდნენ ბრალს+ და ისეთი არაფერი ჰქონდა ჩადენილი, რომ სიკვდილი ან ბორკილები დაემსახურებინა. 30 შევიტყვე, რომ მას შეთქმულებას უწყობდნენ,+ ამიტომ გადავწყვიტე, დაუყოვნებლივ გამომეგზავნა ის თქვენთან, ხოლო მის ბრალმდებლებს ვუბრძანებ, მოგახსენონ, რაშიც ბრალს სდებენ“.
31 წაიყვანეს პავლე ჯარისკაცებმა,+ როგორც ნაბრძანები ჰქონდათ, და ღამით ანტიპატრიდაში მიიყვანეს. 32 მეორე დღეს ის მხედრებს გააყოლეს, თავად კი ყაზარმაში დაბრუნდნენ. 33 ჩავიდნენ მხედრები კესარეაში, გადასცეს წერილი გამგებელს და პავლე წარუდგინეს. 34 მან წერილი წაიკითხა და პავლეს ჰკითხა, რომელი პროვინციიდან ხარო; პავლემ უთხრა, რომ კილიკიიდან+ იყო. 35 „შენი ბრალმდებლებიც რომ ჩამოვლენ,+ ამ საქმეს ყურადღებით მოვისმენ“, — უთხრა გამგებელმა და ბრძანა, რომ პავლე ჰეროდეს სასახლეში დაცვის მეთვალყურეობის ქვეშ ჰყოლოდათ.