სამუელი — წიგნი მეორე
13 დავითის ვაჟს, აბესალომს, ლამაზი და ჰყავდა, სახელად თამარი.+ შეუყვარდა ის დავითის ვაჟს, ამნონს.+ 2 ისე იტანჯებოდა ამნონი თავისი დის, თამარის გამო, რომ ავად გახდა, რადგან ქალწული იყო ის და ფიქრობდა ამნონი, რომ ვერაფერს გახდებოდა მასთან. 3 ამნონს ჰყავდა ერთი მეგობარი, იეჰონადაბი,+ დავითის ძმის, შიმეას,+ ვაჟი. მეტად ცბიერი კაცი იყო იეჰონადაბი. 4 ჰკითხა მან ამნონს: „არ მეტყვი, უფლისწულო, რატომ ხარ სულ გულჩათხრობილი?“ ამნონმა მიუგო: „თამარი მიყვარს, ჩემი ძმის, აბესალომის, და“.+ 5 უთხრა მას იეჰონადაბმა: „დაწექი და თავი მოიავადმყოფე. მამაშენი რომ გინახულებს, სთხოვე, რომ მოვიდეს შენი და თამარი და საჭმელი მოგიმზადოს. უთხარი მეფეს, შევჭამ თამარის ხელიდან, თუ საჭმელს ჩემ თვალწინ მოამზადებს-თქო“.
6 დაწვა ამნონი და თავი მოიავადმყოფა; მივიდა მეფე მის სანახავად და სთხოვა მას ამნონმა, მოვიდეს ჩემი და თამარი, ჩემ თვალწინ დააცხოს კვერები და თავისი ხელით მაჭამოსო. 7 დავითმა კაცი გაგზავნა სახლში თამართან და შეუთვალა, წადი შენი ძმის, ამნონის, სახლში და საჭმელი მოუმზადეო. 8 მივიდა თამარი თავისი ძმის, ამნონის, სახლში, სადაც ის იწვა. მოზილა ცომი მის თვალწინ და კვერები დაუცხო. 9 ბოლოს აიღო კეცი და მიართვა კვერები ამნონს, მაგრამ მან უარი თქვა ჭამაზე და მოითხოვა, რომ ყველანი გასულიყვნენ. ყველა გავიდა.
10 უთხრა ამნონმა თამარს: „საძინებელში შეიტანე საჭმელი და შენი ხელიდან შევჭამ“. აიღო თამარმაც თავისი გამომცხვარი კვერები და საძინებელში შეუტანა თავის ძმას, ამნონს. 11 როცა მიაწოდა საჭმელი, მან ხელი სტაცა და უთხრა: „მოდი, დაწექი ჩემთან, ჩემო დაო!“ 12 მან კი მიუგო: „არა, ჩემო ძმაო! ნუ დამამცირებ, რადგან ასე არ იქცევიან ისრაელში!+ ნუ ჩაიდენ ამ სამარცხვინო საქმეს!+ 13 შერცხვენილმა სადღა გამოვყო თავი?! შენც უგუნური კაცის სახელი გაგივარდება ისრაელში. დაელაპარაკე მეფეს და არ დაგიჭერს ჩემს თავს“. 14 მაგრამ მას არაფრის გაგონება არ უნდოდა, ძალა იხმარა მასზე და გააუპატიურა. 15 მეტისმეტად შესძულდა ის ამნონს, იმაზე მეტად, ვიდრე მანამდე უყვარდა. უთხრა მას ამნონმა: „ადექი და წადი აქედან!“ 16 უთხრა მას თამარმა: „არა, ჩემო ძმაო, თუ გამიშვებ, უფრო დიდ ბოროტებას ჩაიდენ!“ მაგრამ ამნონს არ უნდოდა მისი მოსმენა.
17 დაუძახა თავის მსახურს და უთხრა: „მომაშორე ეს ქალი აქედან და კარი მიუკეტე!“ 18 (განსხვავებული მოსასხამი ემოსა თამარს, ისეთი, მეფის ქალწულ ასულებს რომ ემოსათ). მსახურმა ის გარეთ გაიყვანა და კარი მიუკეტა. 19 თამარმა თავზე ნაცარი დაიყარა,+ მოსასხამი შემოიხია, თავზე ხელი წაივლო და მოთქმა-მოთქმით წავიდა.
20 ჰკითხა მას აბესალომმა,+ თავისმა ძმამ: „შენმა ძმამ ამნონმა ჩაგაგდო ამ დღეში? ჩემო დაო, არავის უთხრა ეს ამბავი. შენი ძმაა იგი.+ გულში დარდად ნუ ჩაიდებ ამ ამბავს“. ყველასგან განცალკევებით ცხოვრობდა თამარი თავისი ძმის, აბესალომის, სახლში. 21 გაიგო მეფე დავითმა, რაც მოხდა, და განრისხდა,+ მაგრამ არ უნდოდა, გული ეტკენინებინა თავისი ვაჟისთვის, ამნონისთვის, რადგან მისი პირმშო იყო და ძალიან უყვარდა. 22 შეიძულა+ აბესალომმა ამნონი თავისი დის, თამარის, შეურაცხყოფის გამო,+ მაგრამ არაფერი უთქვამს მისთვის.
23 გავიდა ორი წელი. ცხვარს აპარსვინებდა აბესალომი ბაალ-ხაცორში, ეფრემთან+ ახლოს; სანადიმოდ მიიწვია აბესალომმა ყველა უფლისწული.+ 24 მივიდა აბესალომი მეფესთან და უთხრა: „ცხვარს პარსავს შენი მსახური. გთხოვ, მეწვიე, მეფეო, შენს მსახურებთან ერთად“. 25 მიუგო მეფემ აბესალომს: „არა, შვილო! ყველანი თუ წამოვალთ, ტვირთად დაგაწვებით“. არ ეშვებოდა მას აბესალომი, მაგრამ ვერ დაითანხმა, თუმცა მეფემ დალოცა ის. 26 მაშინ აბესალომმა მას სთხოვა: „თუ შენ არ წამოხვალ, ჩემი ძმა ამნონი მაინც გამოუშვი ჩვენთან“.+ მეფემ მიუგო: „რისთვის უნდა წამოვიდეს?“ 27 მაგრამ არ მოეშვა აბესალომი და მანაც გაუშვა ამნონი სხვა უფლისწულებთან ერთად.
28 უბრძანა აბესალომმა თავის მსახურებს: „ყურადღებით იყავით, როგორც კი ამნონი ღვინით შეზარხოშდება და გეტყვით, მოკალით-მეთქი, თქვენც ადექით და მოკალით! არ შეგეშინდეთ, რადგან მე გიბრძანებთ ამას! გამაგრდით და ივაჟკაცეთ!“ 29 აბესალომის ბრძანებისამებრ მოექცნენ ამნონს აბესალომის მსახურები. მაშინ წამოიშალნენ სხვა უფლისწულები, თავიანთ ჯორებზე შესხდნენ და გაიქცნენ. 30 ისინი ჯერ კიდევ გზაში იყვნენ, როცა დავითს შეატყობინეს, აბესალომმა ყველა უფლისწული დახოცა, არცერთი არ გადარჩენილაო. 31 ადგა მეფე, ტანსაცმელი შემოიხია და მიწაზე დაემხო; მისი ყველა მსახური იქვე იდგა ტანსაცმელშემოხეული.
32 იეჰონადაბმა,+ დავითის ძმის, შიმეას,+ ვაჟმა უთხრა: „ნუ იფიქრებს ჩემი ბატონი, რომ ყველა უფლისწული დახოცეს, მხოლოდ ამნონია მკვდარი;+ აბესალომის ბრძანებით მოხდა ეს ყველაფერი; ამის გაკეთება მას შემდეგ განიზრახა,+ რაც ამნონმა მისი და+ თამარი+ შეურაცხყო. 33 არ დაიჯერო მეფე-ბატონო ის ამბავი, რომ მკვდარია ყველა უფლისწული; მხოლოდ ამნონია მკვდარი!“
34 ამასობაში გაიქცა აბესალომი.+ მოგვიანებით ქალაქის გუშაგმა უკან გაიხედა და დაინახა, რომ უამრავი ხალხი ეშვებოდა მთის ფერდობზე. 35 უთხრა იეჰონადაბმა+ მეფეს: „შეხედე, უფლისწულები მოდიან! სწორედ ამას გეუბნებოდა შენი მსახური“. 36 როგორც კი დაასრულა ლაპარაკი, მოვიდნენ უფლისწულები მოთქმა-გოდებით; მწარედ მოთქვამდნენ მეფეცა და მისი მსახურებიც. 37 აბესალომი თალმაისთან,+ გეშურის მეფის, ამიჰუდის, ვაჟთან გაიქცა. დიდხანს გლოვობდა დავითი თავის შვილს. 38 გეშურში+ გაქცეული აბესალომი სამი წელიწადი დარჩა იქ.
39 როცა ამნონის სიკვდილით დადარდიანებულ დავითს მწუხარება გაუქარვდა, გულმა გაუწია აბესალომისკენ.