იერემია
18 ეუწყა იეჰოვას სიტყვა იერემიას: 2 „ადექი, ჩადი მეთუნის სახლში+ და იქ დაგელაპარაკები“.
3 მეც მივედი მეთუნის სახლში; იგი ჩარხზე მუშაობდა. 4 გაუფუჭდა მეთუნეს ჭურჭელი, რომელსაც თიხისგან აკეთებდა. იგი ხელმეორედ შეუდგა საქმეს და იმავე თიხისგან სხვა ჭურჭელი დაამზადა, ისეთი, როგორიც თავად სურდა.
5 კვლავ ეუწყა იეჰოვას სიტყვა იერემიას: 6 «განა არ შემიძლია ამ მეთუნესავით მოგექცე, ისრაელო?! — ამბობს იეჰოვა. — როგორც თიხაა მეთუნის ხელში, ისე ხარ ჩემს ხელში, ისრაელო.+ 7 როცა ვიტყვი, ამ ხალხს ან სამეფოს ამოვძირკვავ, დავამხობ და გავანადგურებ-მეთქი,+ 8 ის ხალხი კი, რომელსაც ვაფრთხილებდი, აღარ ჩაიდენს ბოროტებას, მეც გადავიფიქრებ და აღარ დავატეხ უბედურებას, რასაც ვუპირებდი.+ 9 მაგრამ, როცა ვიტყვი ამ ხალხს ან სამეფოს დავრგავ და ავაშენებ-მეთქი, 10 ის კი არ დამემორჩილება და ბოროტებას ჩაიდენს ჩემს თვალში, მეც გადავიფიქრებ და აღარ გავუკეთებ სიკეთეს, რის გაკეთებასაც ვაპირებდი.
11 ახლა უთხარი იუდასა და იერუსალიმის მკვიდრთ, აი, რას ამბობს-თქო იეჰოვა: „უბედურებას გიმზადებთ და სიავეს ვიზრახავ თქვენ წინააღმდეგ. მობრუნდით თქვენ-თქვენი ბოროტი გზიდან, სწორი გზით იარეთ და გამოასწორეთ თქვენი საქმეები!“»+
12 მათ თქვეს: „მაინც არ მოვიშლით ჩვენსას+ და ისე მოვიქცევით, როგორც ჩვენი ბოროტი და ჯიუტი გული გვიკარნახებს“.+
13 ამიტომ აი, რას ამბობს იეჰოვა:
„გაიკითხეთ ხალხებში.
ასეთი რამ ვის გაუგია?!
საშინელება ჩაიდინა ისრაელის ქალწულმა.+
14 განა გაქრება თოვლი ლიბანის კლდოვანი კალთებიდან?!
ან, თუ დაშრება შორიდან მომდინარე ცივი წყლები?!
15 ჩემმა ხალხმა კი დამივიწყა+ —
მსხვერპლს სწირავენ უსარგებლო კერპებს,+
ხალხი სწორი გზიდან, ძველი ბილიკებიდან გადაჰყავთ,+
უსწორმასწორო გზებით რომ ატარონ.
16 მათი მიწის შემხედვარენი შეძრწუნდებიან+
და სტვენას მოჰყვებიან.+
ვინც მას ჩაუვლის, გაოგნებული მიაჩერდება და თავს გააქნევს.+
17 როგორც აღმოსავლეთის ქარი ფანტავს ნამჯას, მეც ისე გავფანტავ მათ მტრის წინაშე;
სახეს მოვარიდებ და ზურგს შევაქცევ უბედურების ჟამს“.+
18 მათ თქვეს: „მოდი შევითქვათ იერემიას წინააღმდეგ,+ რადგან არ მოიცილებს მღვდელი კანონს, ბრძენკაცი — რჩევას და წინასწარმეტყველი — სიტყვას. არ მოვუსმინოთ მას, ბრალი დავდოთ“.
19 ყურადღება მომაქციე, იეჰოვა,
და მოისმინე, რას ამბობენ ჩემი მოწინააღმდეგენი.
20 განა სიკეთეს ბოროტებით უხდიან?!
ორმოს მითხრიან, ჩემი სიკვდილი სწადიათ.+
ნუ დაივიწყებ, რომ შენ წინაშე ვიდექი და მათ სასიკეთოდ გელაპარაკებოდი,
შენი რისხვა რომ ამეცილებინა მათთვის.
დაე შვილმკვდარ დედებად იქცნენ და დაქვრივდნენ მათი ცოლები,+
მათი კაცები ჭირმა გაწყვიტოს,
მათი ჭაბუკები კი მახვილმა დახოცოს ბრძოლაში!+
22 ყვირილი ისმოდეს მათი სახლებიდან,
როცა უცაბედად შეასევ მოთარეშე რაზმს,
რადგან ორმო გამითხარეს, რომ შემიპყრონ,
და ხაფანგი დამიგეს.+
და ნუ წაშლი მათ ცოდვას შენს თვალთაგან;
დაე წაფორხილდნენ შენ წინაშე,+
შენს რისხვას რომ გადმოანთხევ მათზე.+