სამუელი — წიგნი პირველი
31 შეებრძოლნენ ფილისტიმელები ისრაელებს.+ უკუიქცნენ ისრაელები და მრავალი დაეცა გილბოას მთაზე.+ 2 დაეწივნენ ფილისტიმელები საულსა და მის ვაჟებს და დახოცეს საულის ვაჟები: იონათანი,+ აბინადაბი და მალქი-შუა.+ 3 სასტიკი ბრძოლა გაუმართეს საულს. დაინახეს იგი მშვილდოსნებმა და მძიმედ დაჭრეს.+ 4 მაშინ საულმა თავის საჭურველთმტვირთველს უთხრა: „იშიშვლე მახვილი და გამიყარე, რომ ეს წინადაუცვეთელები+ არ მოვიდნენ და სანამ მომკლავენ, უმოწყალოდ არ მომექცნენ“. არ უნდოდა მის საჭურველთმტვირთველს ამის გაკეთება, რადგან ძალიან ეშინოდა. ამიტომ საულმა თვითონ აიღო მახვილი და ზედ დაეგო.+ 5 როცა დაინახა საჭურველთმტვირთველმა, რომ მოკვდა საული,+ თვითონაც ზედ დაეგო თავის მახვილს და მასთან ერთად მოკვდა. 6 ერთად დაიხოცნენ იმ დღეს საული, მისი სამი ვაჟი, საჭურველთმტვირთველი და მთელი მისი ხალხი.+ 7 როცა დაინახეს ბარში და იორდანის გაღმა მცხოვრებმა ისრაელებმა, რომ გაიქცნენ ისრაელი მებრძოლები და დაიხოცნენ საული და მისი ვაჟები, თვითონაც დატოვეს ქალაქები და გაიქცნენ.+ მივიდნენ ფილისტიმელები და დაეპატრონნენ იმ ქალაქებს.
8 მეორე დღეს, როცა ფილისტიმელები დახოცილთა გასაძარცვად მივიდნენ, საული და მისი სამი ვაჟი გილბოას მთაზე ნახეს დახოცილები.+ 9 მოჰკვეთეს მას თავი, აჰყარეს საჭურველი და დაგზავნეს მაცნეები ფილისტიმელთა მთელ მიწაზე, რომ ეს ამბავი+ საკერპოებსა+ და ხალხში გაევრცელებინათ. 10 მისი საჭურველი აშთორეთის საკერპოში დადეს, მისი გვამი კი ბეთ-შანის+ კედელზე ჩამოკიდეს. 11 როდესაც გაიგეს იაბეშ-გალაადელებმა,+ რაც ფილისტიმელებმა საულის ცხედარს დამართეს, 12 ადგა ყველა მებრძოლი და იქითკენ გაემართა; მთელი ღამე იარეს, ჩამოხსნეს საულისა და მისი ვაჟების გვამები ბეთ-შანის კედლიდან, წაიღეს იაბეშში და იქ დაწვეს. 13 აკრიფეს მათი ძვლები,+ დამარხეს იაბეშში+ იალღუნის ხის ქვეშ და შვიდი დღე იმარხულეს.