მარკოზის სახარება
15 როგორც კი გარიჟრაჟდა, უფროსი მღვდლები, უხუცესები, მწიგნობრები და მთელი სინედრიონი შეითქვნენ იესოს წინააღმდეგ; შებოჭეს იგი, წაიყვანეს და პილატეს გადასცეს.+ 2 პილატემ მას ჰკითხა: „შენა ხარ იუდეველთა მეფე?“+ „შენ თვითონ ამბობ ამას“, — მიუგო იესომ.+ 3 უფროსი მღვდლები ბევრ რამეში სდებდნენ ბრალს. 4 პილატემ ისევ ჰკითხა: „არაფერს უპასუხებ?+ ხომ ხედავ, რამდენ რამეში გადანაშაულებენ?“+ 5 იესოს პასუხი აღარ გაუცია, რამაც პილატე გააოცა.+
6 ყოველ დღესასწაულზე იგი იმ პატიმარს ათავისუფლებდა, რომლის გათავისუფლებასაც ხალხი სთხოვდა.+ 7 იმ დროისთვის სატუსაღოში ჰყავდათ ერთი პატიმარი, სახელად ბარაბა, სხვა მეამბოხეებთან ერთად, რომელთაც ამბოხების მოწყობისას მკვლელობა ჩაედინათ. 8 ჩვეულებისამებრ, მივიდა ხალხი პილატესთან და იმ თხოვნით მიმართა, რომელსაც ის მათ უსრულებდა ხოლმე. 9 პილატემ მათ ჰკითხა: „გინდათ, იუდეველთა მეფე გაგითავისუფლოთ?“+ 10 მან იცოდა, რომ უფროს მღვდლებს შურდათ იესოსი და ამიტომ გადასცეს მას.+ 11 უფროსი მღვდლები აქეზებდნენ ხალხს, რომ იესოს ნაცვლად ბარაბას გათავისუფლება ეთხოვათ.+ 12 ამაზე პილატემ ჰკითხა მათ: „იმას რაღა ვუყო, ვისაც იუდეველთა მეფეს ეძახით?“+ 13 ხალხი გაიძახოდა: „ძელზე გააკარი!“+ 14 პილატემ ჰკითხა მათ: „რატომ? რა ჩაიდინა?“ ისინი უფრო ხმამაღლა აყვირდნენ: „ძელზე გააკარი!“+ 15 მაშინ პილატემ ხალხის გულის მოსაგებად ბარაბა გაათავისუფლა, ხოლო იესო გააშოლტვინა+ და ძელზე გასაკრავად გადასცა.+
16 ჯარისკაცებმა იგი გამგებლის სასახლის ეზოში შეიყვანეს და მთელი რაზმი შეკრიბეს.+ 17 იგი იისფერი სამოსით შემოსეს, ეკლებისგან გვირგვინი დაწნეს და თავზე დაადგეს. 18 ეუბნებოდნენ: „მოგესალმებით, იუდეველთა მეფეო!“+ 19 თავში ლერწამს ურტყამდნენ, აფურთხებდნენ, მის წინაშე მუხლს იყრიდნენ და პირქვე ემხობოდნენ. 20 მისი დაცინვით გული რომ იჯერეს, იისფერი სამოსი გახადეს, თავისივე ტანსაცმელი ჩააცვეს და ძელზე გასაკრავად წაიყვანეს.+ 21 გზაზე მინდვრიდან მომავალი კირენელი სიმონი, ალექსანდრესა და რუფუსის მამა, აიძულეს, რომ მისი წამების ძელი* ეტარებინა.+
22 მიიყვანეს იგი იმ ადგილას, რომელსაც „გოლგოთას“ ეძახდნენ, რაც „თავის ქალას“ ნიშნავს.+ 23 მიაწოდეს ზმირინით შეზავებული გამაბრუებელი ღვინო,+ მაგრამ არ შესვა. 24 შემდეგ ძელზე გააკრეს და მისი მოსასხამი წილისყრით გაინაწილეს.+ 25 მესამე საათი* იყო, როცა ის ძელზე გააკრეს. 26 მის თავს ზემოთ ასეთი საბრალდებო წარწერა მიამაგრეს: „იუდეველთა მეფე“.+ 27 მასთან ერთად ორი ყაჩაღიც გააკრეს ძელზე: ერთი — მის მარჯვნივ, მეორე კი — მარცხნივ.+ 28 *—— 29 გამვლელები შეურაცხყოფდნენ მას, თავს აქნევდნენ+ და ამბობდნენ: „ეი, ტაძრის დამანგრეველო და სამ დღეში ამშენებელო,+ 30 მიდი იხსენი თავი და ჩამოდი წამების ძელიდან*!“ 31 უფროსი მღვდლები და მწიგნობრებიც მასხრად იგდებდნენ: „სხვებს იხსნიდა, საკუთარი თავის ხსნა კი არ შეუძლია!+ 32 აბა, ჩამოვიდეს ქრისტე, ისრაელის მეფე, წამების ძელიდან*, რომ დავინახოთ და ვირწმუნოთ“.+ მის გვერდით ძელზე გაკრულებიც შეურაცხყოფდნენ მას.+
33 მეექვსე საათზე მთელ იმ მიწაზე სიბნელე ჩამოწვა და ასე გაგრძელდა მეცხრე საათამდე*.+ 34 მეცხრე საათზე იესომ ხმამაღლა დაიძახა: „ელი, ელი, ლამა საბაქთანი?“, რაც ასე ითარგმნება: „ჩემო ღმერთო, ჩემო ღმერთო, რატომ მიმატოვე?“+ 35 ამის გაგონებაზე ზოგიერთმა იქ მდგომმა თქვა, ნახე, ელიას უხმობსო. 36 ამ დროს ვიღაც გაიქცა, ღრუბელი ძმრით გაჟღინთა, ლერწამზე წამოაგო და დასალევად მიაწოდა.+ თან ამბობდა, აბა ვნახოთ, თუ მოვა ელია მის სახსნელადო. 37 იესომ ხმამაღლა დაიძახა და სული განუტევა.+ 38 მაშინ ტაძრის ფარდა+ ჩაიხა და ორად გაიყო.+ 39 შორიახლოს მდგომმა ასისთავმა რომ დაინახა, რაც იესოს სიკვდილის დროს მოხდა, თქვა, მართლა ღვთის ძე ყოფილაო.+
40 ამ ყველაფერს შორიდან ქალებიც უყურებდნენ. მათ შორის იყვნენ მაგდალელი მარიამი, იაკობ მცირისა და იოსეს დედა მარიამი, და სალომე,+ 41 რომლებიც თან დაჰყვებოდნენ და ემსახურებოდნენ+ იესოს გალილეაში, და სხვა მრავალი ქალი, რომლებიც იერუსალიმში გამოჰყვნენ.
42 საღამო იყო, თანაც სამზადისის დღე*, შაბათის წინა დღე. 43 იოსებ არიმათეელმა, საბჭოს პატივდებულმა წევრმა, რომელიც ღვთის სამეფოს ელოდა, გამბედაობა მოიკრიბა, მივიდა პილატესთან და იესოს ცხედარი გამოითხოვა.+ 44 პილატე დაინტერესდა, უკვე გარდაცვლილი იყო თუ არა იესო. მოუხმო ასისთავს და ჰკითხა, მოკვდა თუ არაო იესო. 45 როცა ასისთავმა დაუდასტურა, რომ გარდაცვლილი იყო, ცხედარი იოსებს გაატანა. 46 იოსებმა საუკეთესო სელის ტილო იყიდა, ცხედარი ჩამოხსნა, შიგ გაახვია, კლდეში გამოკვეთილ სამარხში+ დაასვენა და სამარხის შესასვლელს ლოდი მიაფარა.+ 47 მაგდალელი მარიამი და იოსეს დედა მარიამი თვალს არ აცილებდნენ იმ ადგილს, სადაც ის დაასვენეს.+