დაბადება
44 იოსებმა თავისი სახლის გამგებელს უბრძანა: „ამ კაცებს ტომრებით იმდენი საკვები გაატანე, რამდენის წაღებასაც შეძლებენ. თითოეულს თავის ტომარაში ჩაუდე თავისი ფული,+ 2 ჩემი ვერცხლის სასმისი კი უმცროსს ჩაუდე ტომარაში მარცვლეულის ფულთან ერთად“. მანაც ისე გააკეთა, როგორც იოსებმა უთხრა.
3 გამთენიისას გაუშვეს ის კაცები თავიანთი ვირებით. 4 ქალაქიდან ახალი გასულები იყვნენ, როცა იოსებმა თავისი სახლის გამგებელს დაავალა: «ადექი! დაედევნე იმ კაცებს, დაეწიე და უთხარი: „რატომ გადაგვიხადეთ სიკეთე ბოროტებით? 5 მაგ სასმისით ხომ ჩემი ბატონი სვამს და მისნობისთვისაც მაგას იყენებს? ცუდად მოიქეცით“».
6 ისიც დაეწია მათ და იოსების დანაბარები გადასცა. 7 მათ მიუგეს: „რატომ ამბობს ჩვენი ბატონი ასეთ რამეს? არ იზამდნენ ამას შენი მსახურები. 8 ჩვენ ხომ ქანაანის მიწიდან უკან წამოვიღეთ ჩვენს ტომრებში ნაპოვნი ფული და დაგიბრუნეთ+ და როგორღა მოვიპარავდით ვერცხლს ან ოქროს შენი ბატონის სახლიდან?! 9 შენი მონებიდან ვისაც ის აღმოაჩნდება, მოკვდეს, დანარჩენები კი ჩვენი ბატონის მონები გავხდებით“. 10 მან თქვა: „თქვენი სიტყვისამებრ იყოს; ვისაც ის აღმოაჩნდება, ჩემი მონა გახდება, დანარჩენები კი უდანაშაულოები იქნებით“. 11 სწრაფად ჩამოიღეს თავ-თავიანთი ტომრები და გახსნეს. 12 დაიწყო მან საგულდაგულოდ ძებნა; უფროსის ტომრით დაიწყო და უმცროსის ტომრით დაამთავრა. ბოლოს სასმისი ბენიამინის ტომარაში იპოვა.+
13 შემოიხიეს ტანსაცმელი, აჰკიდეს ტვირთი თავ-თავიანთ ვირებს და ქალაქში დაბრუნდნენ. 14 როცა იუდა+ და მისი ძმები იოსების სახლში შევიდნენ, ის ჯერ კიდევ იქ იყო; პირქვე დაემხვნენ მის წინაშე.+ 15 იოსებმა მათ უთხრა: „ეს რა ჩაიდინეთ?! არ იცოდით, რომ ჩემნაირი კაცი ზუსტად მისნობს?!“+ 16 იუდამ მიუგო: „რაღა ვუპასუხოთ ჩვენს ბატონს?! რა ვთქვათ, რით ვიმართლოთ თავი?! ჭეშმარიტმა ღმერთმა გამოააშკარავა შენი მონების დანაშაული.+ ჩვენი ბატონის მონები ვართ ჩვენც და ისიც, ვისაც სასმისი აღმოაჩნდა!“ 17 მან უთხრა: „არა, ასე არ გამოვა! ჩემი მონა ის გახდება, ვისაც სასმისი აღმოაჩნდა,+ დანარჩენები კი მშვიდობით წადით მამათქვენთან“.
18 მიუახლოვდა იუდა და სთხოვა: «გევედრები, ჩემო ბატონო, ათქმევინე სიტყვა შენს მონას და მომისმინოს ჩემმა ბატონმა; ფარაონის ტოლი კაცი ხარ, მაგრამ ნუ განურისხდები შენს მონას.+ 19 ჩემმა ბატონმა თავის მონებს ჰკითხა: „მამა ან ძმა თუ გყავთ?“ 20 ჩვენ მივუგეთ: „გვყავს მოხუცი მამა და უმცროსი ძმა, რომელიც მას სიბერეში შეეძინა.+ მაგრამ მისი ძმა მკვდარია+ და ისღა დარჩა მისი დედისგან;+ მამას ძალიან უყვარს იგი“. 21 შემდეგ შენს მონებს უთხარი: „ჩამომიყვანეთ, რომ ვნახო“.+ 22 ჩვენ კი ჩვენს ბატონს მივუგეთ: „ყმაწვილი მამამისს ვერ დატოვებს. თუ დატოვებს, მამამისი ვერ გადაიტანს“.+ 23 შემდეგ შენს მონებს უთხარი: „თქვენი უმცროსი ძმის გარეშე არ ჩამოხვიდეთ“.+
24 ჩავედით მამაჩვენთან, შენს მონასთან, და ჩვენი ბატონის სიტყვები გადავეცით. 25 მამაჩვენმა გვითხრა: „წადით და ცოტა საკვები კიდევ იყიდეთ“.+ 26 მაგრამ ჩვენ მივუგეთ: „ვერ წავალთ, თუ ჩვენი უმცროსი ძმა ჩვენთან ერთად არ წამოვა, რადგან ჩვენი უმცროსი ძმის გარეშე იმ კაცთან ვერ მივალთ“.+ 27 მამაჩვენმა კი, შენმა მონამ, გვითხრა: „კარგად იცით, რომ ჩემმა ცოლმა მხოლოდ ორი ვაჟი გამიჩინა.+ 28 ერთი აღარა მყავს, ვთქვი, ნადირს დაუგლეჯია-მეთქი,+ და დღემდე არ მინახავს. 29 თუ ამასაც წაიყვანთ და რაიმე უბედურება შეემთხვევა, უბედურს+ ჩამიყვანთ მოხუცს სამარეში*“.+
30 თუ შენს მსახურთან, მამაჩემთან, ყმაწვილის გარეშე ჩავალ, რომელიც მას სიცოცხლეს ურჩევნია, 31 და დაინახავს, რომ ყმაწვილის გარეშე ჩავედით, მოკვდება, და შენი მონები შენს მონას, ჩვენს მოხუცებულ მამას, მწუხარეს ჩაიყვანენ სამარეში. 32 შენმა მონამ პირობა მისცა მამამისს: „თუ არ ჩამოგიყვან, სამუდამოდ ვიყო დამნაშავე მამაჩემის წინაშე“.+ 33 ამიტომ, გთხოვ, ჩემო ბატონო, ამ ყმაწვილის ნაცვლად მე გავხდები შენი მონა, რათა ის თავის ძმებთან ერთად დაბრუნდეს. 34 როგორ დავბრუნდე მამაჩემთან ამ ყმაწვილის გარეშე და როგორ ვუყურო მამაჩემის უბედურებას?!»