მეფეები — წიგნი პირველი
1 მოხუცდა მეფე დავითი,+ ხანში შევიდა. თბილად აფარებდნენ, მაგრამ მაინც ვერ თბებოდა. 2 უთხრეს მას მსახურებმა: „ქალწულ გოგოს მოუძებნიან მეფე-ბატონს, ის მოემსახურება მეფეს და მოუვლის; გვერდით დაგიწვება და გათბება მეფე-ბატონი“. 3 მთელ ისრაელში ეძებდნენ ლამაზ გოგოს; იპოვეს შუნამელი+ აბიშაგი+ და მეფეს მიუყვანეს. 4 ძალიან ლამაზი იყო ის გოგო. უვლიდა მეფეს და ემსახურებოდა, მაგრამ არ დაწოლილა მეფე მასთან.
5 გამედიდურდა ადონია,+ ხაგითის ვაჟი, და თქვა, მე უნდა ვიმეფოო. გაიკეთა ეტლი და დაიყენა მხედრები; მან 50 მცველიც დაიყენა, მის წინ რომ ერბინათ.+ 6 არასდროს უთქვამს საყვედური მამამისს, ამას რას აკეთებო. თვალტანადი ყმაწვილი იყო ადონია. ის აბესალომის შემდეგ დაიბადა. 7 მოეთათბირა ადონია ცერუიას ვაჟ იოაბსა და აბიათარ+ მღვდელს, ისინიც დახმარებასა და მხარდაჭერას შეჰპირდნენ.+ 8 თუმცა ცადოკ+ მღვდელს, იეჰოიადას ვაჟ ბენაიას,+ ნათან+ წინასწარმეტყველს, შიმეის,+ რეისა და დავითის მამაც მებრძოლებს+ მხარი არ დაუჭერიათ ადონიასთვის.
9 შესწირა+ ადონიამ ნასუქი ცხვარ-ძროხა ზოხელეთის ქვასთან, ენ-როგელის მახლობლად; მოიწვია თავისი ძმები, უფლისწულები, და ის იუდეველი კაცები, მეფეს რომ ემსახურებოდნენ. 10 არ მიუწვევია ნათან წინასწარმეტყველი, ბენაია და დავითის მამაცი მებრძოლები, არც თავისი ძმა სოლომონი მიუწვევია. 11 ნათანმა+ სოლომონის დედას,+ ბათშებას,+ უთხრა: «გაიგე, რომ ადონია,+ ხაგითის ვაჟი, გამეფდა, მეფე-ბატონმა კი არაფერი იცის? 12 ერთ რამეს გირჩევ, რომ შენს თავსაც უშველო და შენს შვილს, სოლომონსაც:+ 13 წადი მეფე დავითთან და უთხარი: „მეფე-ბატონო, შენ არ შეჰფიცე შენს მხევალს, შენი ვაჟი სოლომონი გამეფდება ჩემ შემდეგ და ის ავაო ჩემს ტახტზე?+ მაშ, ადონია რატომ გამეფდა-თქო?!“ 14 სანამ მეფესთან ლაპარაკს დაამთავრებ, მეც შემოვალ და დაგემოწმები“».
15 შევიდა ბათშება მეფესთან ოთახში. ღრმად მოხუცებულ მეფეს შუნამელი აბიშაგი+ ემსახურებოდა. 16 მუხლი მოიყარა ბათშებამ და პირქვე დაემხო მეფის წინაშე. მეფემ ჰკითხა: „რა სათხოვარი გაქვს?“ 17 მან მიუგო: „ჩემო ბატონო, ხომ დაუფიცე იეჰოვა, შენი ღმერთი, შენს მხევალს, შენი ვაჟი სოლომონი გამეფდება ჩემ შემდეგ და ის ავაო ჩემს ტახტზე?+ 18 ახლა კი ადონია გამეფებულა, მეფე-ბატონმა კი არაფერი იცის.+ 19 შეუწირავს უამრავი ნასუქი ცხვარ-ძროხა; მიუწვევია ყველა უფლისწული, აგრეთვე აბიათარ მღვდელი და მხედართმთავარი იოაბი,+ შენი მსახური სოლომონი კი არ მიუწვევია.+ 20 მეფე-ბატონო, შენ შემოგყურებს მთელი ისრაელი, რომ გაიგონ, ვინ ავა ტახტზე მეფე-ბატონის შემდეგ. 21 როგორც კი მეფე-ბატონი თავისი მამა-პაპის გვერდით განისვენებს, მეც და ჩემს ვაჟ სოლომონსაც მოღალატეებად შეგვრაცხავენ“.
22 ჯერ კიდევ ელაპარაკებოდა იგი მეფეს, როცა ნათან წინასწარმეტყველიც მივიდა.+ 23 მეფეს მაშინვე მოახსენეს, ნათან წინასწარმეტყველი მოვიდაო. შევიდა იგი მეფესთან და პირქვე დაემხო მის წინაშე. 24 ნათანმა ჰკითხა: „მეფე-ბატონო, შენ ბრძანე, ადონია გამეფდეს ჩემ შემდეგ და ის ავიდესო ჩემს ტახტზე?+ 25 წავიდა იგი დღეს და შესწირა+ უამრავი ნასუქი ცხვარ-ძროხა, მიიწვია უფლისწულები, ლაშქრის მეთაურები და აბიათარ მღვდელი.+ ჭამენ და სვამენ მასთან და გაიძახიან, დღეგრძელი იყოსო მეფე ადონია! 26 არ მივუწვევივართ არც მე, შენი მსახური, არც ცადოკ მღვდელი, არც იეჰოიადას ვაჟი ბენაია+ და არც შენი მსახური სოლომონი. 27 იქნებ ისე გასცა ჩემმა მეფე-ბატონმა ეს ბრძანება, რომ ჩემთვის არ უთქვამს, ვინ ავიდოდა მის შემდეგ ტახტზე?“
28 მეფე დავითმა ბრძანა: „ბათშებას მოუხმეთ!“ ისიც მივიდა და წარდგა მეფის წინაშე. 29 დაიფიცა მეფემ: „ვფიცავ ცოცხალ ღმერთ იეჰოვას, რომელმაც ყველა გასაჭირიდან დამიხსნა,+ 30 ისე მოვიქცევი, როგორც დაგიფიცე იეჰოვა, ისრაელის ღმერთი, და გითხარი, შენი ვაჟი სოლომონი გამეფდება ჩემ შემდეგ და ის ავა-მეთქი ტახტზე“. 31 მუხლი მოიყარა ბათშებამ, პირქვე დაემხო მეფის წინაშე და უთხრა: „დღეგრძელი იყოს ჩემი ბატონი, მეფე დავითი!“
32 მეფე დავითმა ბრძანა: „მოუხმეთ ცადოკ მღვდელს, ნათან წინასწარმეტყველსა და ბენაიას,+ იეჰოიადას ვაჟს!“+ ისინიც ეახლნენ მეფეს. 33 უთხრა მათ მეფემ: «წაიყვანეთ თქვენი ბატონის მსახურები, ჩემს ჯორზე+ აამხედრეთ ჩემი ვაჟი სოლომონი და გიხონთან+ ჩაიყვანეთ. 34 ცადოკ მღვდელი და ნათან წინასწარმეტყველი სცხებენ მას+ იქ ისრაელის მეფედ. შემდეგ ჩაჰბერეთ საყვირს და გამოაცხადეთ: „დღეგრძელი იყოს მეფე სოლომონი!“+ 35 გამოჰყევით უკან, მოვიდეს და დაჯდეს ჩემს ტახტზე; ის იმეფებს ჩემ ნაცვლად, მას დავნიშნავ ისრაელისა და იუდას წინამძღოლად». 36 იეჰოიადას ვაჟმა ბენაიამ მეფეს მიუგო: „ამინ! დაე იეჰოვამ, მეფე-ბატონის ღმერთმა, მოიწონოს ეს! 37 როგორც მეფე-ბატონთან იყო იეჰოვა, ისევე იყოს სოლომონთანაც+ და ჩემს მეფე-ბატონზე, დავითზე, მეტად აღაზევოს!“+
38 ცადოკ მღვდელმა, ნათან წინასწარმეტყველმა, იეჰოიადას ვაჟმა ბენაიამ,+ ქერეთელებმა და ფელეთელებმა+ აამხედრეს სოლომონი დავით მეფის ჯორზე+ და გიხონისკენ+ წაიყვანეს. 39 გამოიტანა ცადოკ მღვდელმა კარვიდან+ რქით ზეთი+ და სცხო სოლომონს;+ ჩაჰბერეს საყვირს და შესძახა ხალხმა: „დღეგრძელი იყოს მეფე სოლომონი!“ 40 შემდეგ მთელი ხალხი უკან გამოჰყვა მას, სალამურს უკრავდნენ და დიდად ხარობდნენ; მიწას აზანზარებდა მათი ყიჟინი.+
41 ადონიასა და მის სტუმრებს ჭამა უკვე დამთავრებული ჰქონდათ, ეს რომ გაიგეს.+ საყვირის ხმის გაგონებაზე იოაბმა იკითხა: „ეს რა ხმაურია ქალაქში?“ 42 ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ მივიდა იონათანი,+ აბიათარ მღვდლის ვაჟი. ადონიამ უთხრა: „შემოდი, კარგი კაცი ხარ და ამბავსაც კარგს მოიტანდი!“ 43 იონათანმა ადონიას მიუგო: „კარგი არაფერი მაქვს სათქმელი. მეფე-ბატონმა, დავითმა, სოლომონი გაამეფა. 44 გაგზავნა მეფემ ცადოკ მღვდელი, ნათან წინასწარმეტყველი, იეჰოიადას ვაჟი ბენაია, ქერეთელები და ფელეთელები, და აამხედრეს მათ იგი მეფის ჯორზე.+ 45 ცადოკ მღვდელმა და ნათან წინასწარმეტყველმა გიხონში სცხეს იგი მეფედ. იქიდან გულმხიარულები დაბრუნდნენ. ხარობს მთელი ქალაქი; სწორედ ეს ხმა შემოგესმათ. 46 სოლომონი სამეფო ტახტზე ავიდა. 47 მეფის მსახურებმა ჩვენს ბატონს, მეფე დავითს, მიულოცეს და უთხრეს, დაე შენმა ღმერთმა შენს სახელზე მეტად განადიდოს სოლომონის სახელი და შენზე მეტად აღაზევოსო. პირქვე დაემხო მეფე საწოლზე 48 და თქვა: დიდება იეჰოვას, ისრაელის ღმერთს, რომელმაც მეფე დასვა დღეს ჩემს ტახტზე და ეს ჩემი თვალით მახილვინაო!“
49 შეეშინდათ ადონიას სტუმრებს, წამოიშალნენ და თავ-თავიანთი გზით წავიდნენ. 50 ადონიასაც შეეშინდა სოლომონისა; ადგა იგი, წავიდა და სამსხვერპლოს რქებს ჩაეჭიდა.+ 51 შეატყობინეს მეფე სოლომონს, შეეშინდაო ადონიას მეფე სოლომონისა, სამსხვერპლოს რქებს ჩაეჭიდა და ამბობს, შემომფიცოს მეფე სოლომონმა, რომ არ მოკლავსო თავის მსახურს მახვილით. 52 სოლომონმა თქვა: „თუ ღირსეულად მოიქცევა, თმის ერთი ღერიც არ ჩამოუვარდება თავიდან, მაგრამ, თუ ბოროტს განიზრახავს,+ მოკვდება!“ 53 გაგზავნა სოლომონმა კაცები და მოაყვანინა სამსხვერპლოსთან მყოფი ადონია. შევიდა ის მეფესთან და პირქვე დაემხო მეფე სოლომონის წინაშე. სოლომონმა უთხრა: „წადი სახლში!“