მსაჯულები
11 გალაადელი იფთახი+ ძლიერი მებრძოლი იყო. იგი მამამისს, გალაადს, მეძავი ქალისგან შეეძინა. 2 გალაადს ცოლმაც გაუჩინა ვაჟები. როცა ცოლის ვაჟები გაიზარდნენ, გააგდეს იფთახი; უთხრეს, არ გეკუთვნის მემკვიდრეობა მამაჩვენის სახლში, რადგან სხვა ქალის შვილი ხარო. 3 გაექცა იფთახი თავის ძმებს და ტობის მიწაზე დასახლდა. შეუერთდნენ იფთახს უსაქმოდ დარჩენილი კაცები და თან გაჰყვნენ.
4 გამოხდა ხანი და შეებრძოლნენ ამონელები ისრაელს.+ 5 როცა ამონელები ისრაელს შეებრძოლნენ, გალაადის უხუცესები ტობის მიწისკენ გაეშურნენ იფთახის წამოსაყვანად. 6 უთხრეს იფთახს, წამოდი, გახდი ჩვენი მეთაური და ამონელებს შევებრძოლოთო. 7 იფთახმა მიუგო გალაადის უხუცესებს: „თქვენ არ იყავით, რომ შემიძულეთ და მამაჩემის სახლიდან გამომაგდეთ?!+ და ახლა მომადექით, როცა გაგიჭირდათ?!“ 8 მაშინ გალაადის უხუცესებმა იფთახს უთხრეს: „ამიტომაც მოვედით! თუ გამოგვყვები და შეებრძოლები ამონელებს, მთელი გალაადის წინამძღოლი გახდები“.+ 9 მიუგო იფთახმა გალაადის უხუცესებს: „თუ წამიყვანთ ამონელებთან საბრძოლველად და იეჰოვა ხელში ჩამიგდებს მათ, მაშინ გავხდები თქვენი წინამძღოლი“. 10 გალაადის უხუცესებმა უთხრეს იფთახს: „იეჰოვა იყოს მოწმე ჩვენ შორის, თუ შენი სიტყვისამებრ არ მოვიქცეთ!“ 11 გაჰყვა იფთახი გალაადის უხუცესებს და ხალხმა ის წინამძღოლად და მეთაურად გაიხადა. გაიმეორა იფთახმა თავისი სიტყვები მიცფაში+ იეჰოვას წინაშე.
12 გაუგზავნა იფთახმა მაცნეები ამონელთა+ მეფეს და შეუთვალა: „რა ხელი გაქვს ჩემთან, თავს რომ დაესხი ჩემს მიწას?“ 13 ამონელთა მეფემ იფთახის მაცნეებს უთხრა: „იმიტომ, რომ ეგვიპტიდან გამოსული ისრაელი ჩემს მიწას დაეუფლა,+ არნონიდან+ იაბოკამდე და იორდანემდე.+ ახლა უომრად დამიბრუნე!“ 14 კვლავ გაუგზავნა იფთახმა მაცნეები ამონელთა მეფეს 15 და შეუთვალა, აი, რას ამბობსო იფთახი:
„არც მოაბელთა+ მიწას დაუფლებია ისრაელი და არც ამონელთა მიწას.+ 16 ეგვიპტიდან გამოსულმა ისრაელმა უდაბნოში იარა წითელ ზღვამდე+ და კადეშს მიადგა.+ 17 გაუგზავნა ისრაელმა ედომის+ მეფეს მაცნეები და სთხოვა, შენს მიწაზე გამატარეო, მაგრამ ედომის მეფემ ყური არ ათხოვა. იგივე შეუთვალეს მოაბის+ მეფესაც, მაგრამ არც ის დასთანხმდა; ცხოვრობდა ისრაელი კადეშში.+ 18 უდაბნოში ყოფნისას მათ გვერდი აუარეს ედომის მიწასა+ და მოაბის მიწას, წავიდნენ მოაბის მიწის აღმოსავლეთით+ და არნონთან დაბანაკდნენ; მოაბის საზღვარი+ არ გადაუკვეთავთ, რადგან არნონი მოაბის საზღვარი იყო.
19 გაუგზავნა ისრაელმა მაცნეები სიხონს, ამორეველთა მეფეს, ხეშბონში რომ მეფობდა; სთხოვა მას ისრაელმა, გაგვატარე შენს მიწაზე, რომ ჩვენს ადგილამდე მივიდეთო.+ 20 არ ენდო სიხონი ისრაელს და არ გაატარა თავის მიწაზე; შეკრიბა სიხონმა მთელი თავისი ხალხი, იაჰაცში დაბანაკდა და შეებრძოლა ისრაელს.+ 21 ხელში ჩაუგდო ისრაელს იეჰოვამ, ისრაელის ღმერთმა, სიხონი და მთელი მისი ხალხი; დაამარცხეს ისრაელებმა ისინი და დაეუფლნენ ამორეველთა, იმ მიწის მკვიდრთა, მთელ მიწას.+ 22 ასე დაეუფლნენ ამორეველთა მთელ მიწას არნონიდან იაბოკამდე და უდაბნოდან იორდანემდე.+
23 იეჰოვამ, ისრაელის ღმერთმა, განუდევნა ამორეველები თავის ხალხს, ისრაელს,+ შენ კი ახლა მისი განდევნა გინდა?! 24 შენც იმას არ ხარ დაუფლებული, რაც შენმა ღმერთმა, ქემოშმა,+ ჩაგიგდო ხელში?! ჩვენც იმას განვდევნით, ვისაც იეჰოვა, ჩვენი ღმერთი, განგვადევნინებს.+ 25 რით სჯობიხარ მოაბის მეფეს, ბალაკ+ ციფორის ძეს?! შედავებია ან შებრძოლებია ის ოდესმე ისრაელს?! 26 უკვე 300 წელია, რაც ისრაელი ხეშბონსა და მის მიმდებარე ქალაქებში ცხოვრობს,+ აროერსა და მის მიმდებარე ქალაქებში, არნონის გაღმა-გამოღმა მდებარე ქალაქებში. აქამდე რატომ არ დაიბრუნე ისინი?!+ 27 მე არ შემიცოდავს შენ წინაშე, შენ კი ბოროტად მექცევი, რომ მებრძვი. იეჰოვამ, დიდებულმა მოსამართლემ,+ განსაჯოს ისრაელები და ამონელები!“
28 ყური არ ათხოვა ამონელთა მეფემ იფთახის შეთვლილს.
29 გადმოვიდა იფთახზე იეჰოვას სული,+ გაიარა გალაადი და მენაშე, გალაადის მიცფეში*+ რომ მისულიყო, გალაადის მიცფედან კი ამონელებთან საომრად გაემართა.
30 აღთქმა დაუდო+ იფთახმა იეჰოვას: „თუ ხელში ჩამიგდებ ამონელებს, 31 როცა მათგან მშვიდობით დავბრუნდები, ვინც ჩემი სახლის კარიდან გამომეგებება, იეჰოვასი გახდება+ და შევწირავ მას, როგორც დასაწვავ მსხვერპლს!“+
32 წავიდა იფთახი ამონელებთან საბრძოლველად და იეჰოვამ ხელში ჩაუგდო მას ისინი. 33 აროერიდან მინითამდე 20 ქალაქი აიღეს და ხოცვა-ჟლეტით მივიდნენ აბელ-კერამიმამდე. ასე დაიმორჩილეს ამონელები ისრაელებმა.
34 დაბრუნდა იფთახი შინ, მიცფაში,+ და რას ხედავს! თავისი ასული გამოეგება მას დაირის დაკვრითა და ცეკვა-ცეკვით. ის მისი ერთადერთი შვილი იყო; მის გარდა იფთახს არც ძე ჰყოლია და არც ასული. 35 მის დანახვაზე ტანსაცმელი შემოიხია და თქვა: „ვაიმე, შვილო! გული მომიკალი! თურმე შენ უნდა შეგელიო, მაგრამ სიტყვა მივეცი იეჰოვას და უკან ვერ წავიღებ!“+
36 მან კი მიუგო: „მამა, თუ სიტყვა მიეცი იეჰოვას, შენი სიტყვისამებრ მომექეცი,+ რადგან შური იძია იეჰოვამ შენს მტრებზე, ამონელებზე“. 37 უთხრა მამას: „ერთ რამეს გთხოვ: გამიშვი ორი თვით, მთაში წავალ და ჩემს დობილებთან ერთად ვიგლოვებ ჩემს გაუთხოვრობას*“.
38 მან მიუგო: „წადი!“ გაუშვა ის ორი თვით. ისიც წავიდა მთაში დობილებთან ერთად თავისი გაუთხოვრობის გამოსაგლოვებლად. 39 ორი თვის შემდეგ მამამისთან დაბრუნდა, და მანაც შეასრულა დადებული აღთქმა.+ არ დაწოლილა იფთახის ასული მამაკაცთან. ისრაელში წესად დაიდო: 40 ყოველწლიურად ებრაელი ასულები გალაადელი იფთახის ასულთან მიდიოდნენ და აქებდნენ მას, წელიწადში ოთხი დღე.