მატიანე — წიგნი მეორე
24 იეჰოაში 7 წლის გამეფდა+ და 40 წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი ბეერ-შებელი+ ციბია იყო. 2 სწორად იქცეოდა იეჰოაში იეჰოვას თვალში მღვდელ იეჰოიადას სიცოცხლეში.+ 3 ორი ცოლი მოუყვანა მას იეჰოიადამ, რომლებმაც მას ვაჟები და ასულები გაუჩინეს.
4 ამის შემდეგ იეჰოაშმა მთელი გულით მოისურვა იეჰოვას ტაძრის შეკეთება.+ 5 შეკრიბა მან მღვდლები და ლევიანები და უთხრა: „დაიარეთ იუდას ქალაქები და აკრიფეთ ფული ისრაელებისგან თქვენი ღვთის ტაძრის შესაკეთებლად+ წლიდან წლამდე; ნუ დააყოვნებთ!“ მაგრამ ლევიანები არ აჩქარდნენ.+ 6 მოუხმო მეფემ მღვდელმთავარ იეჰოიადას და უთხრა:+ „რატომ არ სთხოვ ლევიანებს, რომ აკრიფონ იუდასა და იერუსალიმში წმინდა გადასახადი, მოწმობის კარვისთვის+ რომ დაუწესა იეჰოვას მსახურმა მოსემ ისრაელს?+ 7 ღვთის ტაძარი+ ხომ ბოროტი ათალიას+ ვაჟებმა გაძარცვეს და ბაალის კერპებს შესწირეს იეჰოვას ტაძრის ყველა წმინდა ნივთი!“ 8 მეფის ბრძანებით ყუთი+ გააკეთეს და გარეთ, იეჰოვას ტაძრის კართან, დადგეს.+ 9 ამის შემდეგ გამოაცხადეს იუდასა და იერუსალიმში, რომ მოეტანათ იეჰოვასთვის წმინდა გადასახადი,+ რომელიც ღვთის მსახურ მოსეს დაეწესებინა ისრაელისთვის უდაბნოში. 10 გაიხარეს მთავრებმაც და მთელმა ხალხმაც;+ მოჰქონდათ შესაწირავი და მანამ ყრიდნენ ყუთში, სანამ ყუთი არ გაივსო*.
11 როცა ლევიანები დაინახავდნენ, რომ ყუთი გაივსო, მიჰქონდათ ის მეფესთან დასაცლელად. მეფის მწერალი და მღვდელმთავრის მიერ ამ საქმეზე დაყენებული კაცი მიდიოდნენ და ცლიდნენ ყუთს,+ მერე კი თავის ადგილზე აბრუნებდნენ. ასე ხდებოდა ყოველდღე, და ბოლოს დიდ ფულს მოუყარეს თავი. 12 მეფე და იეჰოიადა ამ ფულს იეჰოვას ტაძრის სამუშაოთა ზედამხედველებს აძლევდნენ და ისინიც ქვის მჭრელებსა და ხელოსნებს ქირაობდნენ იეჰოვას ტაძრის შესაკეთებლად;+ აგრეთვე რკინასა და სპილენძზე მომუშავეთაც ქირაობდნენ იეჰოვას ტაძრისთვის. 13 შეუდგნენ საქმეს ზედამხედველები და აღდგენითი სამუშაოც წინ მიიწევდა; პირვანდელი სახე დაუბრუნეს ღვთის ტაძარს და გაამაგრეს. 14 როცა სამუშაო დაასრულეს, დარჩენილი ფული მეფესა და იეჰოიადას მიუტანეს, მათ კი დაამზადეს სხვადასხვა ნივთი იეჰოვას ტაძრისთვის, მსახურებისას და შესაწირავების შეწირვისას გამოსაყენებელი ნივთები, თასები და ოქროსა და ვერცხლის სხვა ნივთები.+ იეჰოიადას სიცოცხლეში ისინი ყოველდღე სწირავდნენ დასაწვავ მსხვერპლს+ იეჰოვას ტაძარში.
15 მოკვდა იეჰოიადა დღეგრძელი და ცხოვრებით კმაყოფილი, 130 წლისა. 16 ის დავითის ქალაქში მეფეების გვერდით დამარხეს,+ რადგან კარგს აკეთებდა ისრაელში+ ღვთისა და მისი ტაძრისთვის.
17 იეჰოიადას სიკვდილის შემდეგ მივიდნენ იუდას მთავრები მეფესთან და პირქვე დაემხვნენ მის წინაშე, მეფემაც მოუსმინა მათ. 18 მიატოვეს მათ თავიანთი მამა-პაპის ღვთის, იეჰოვას, ტაძარი და სათაყვანო ბოძებისა და კერპების მსახურება დაიწყეს; განრისხდა ღმერთი იუდასა და იერუსალიმზე. 19 უგზავნიდა იეჰოვა მათ წინასწარმეტყველებს, რომ დაბრუნებოდნენ მას; აფრთხილებდნენ ისინი ხალხს, მაგრამ ყურს არავინ უგდებდა.+
20 გადმოვიდა ღვთის სული ზაქარიაზე, მღვდელ იეჰოიადას+ ვაჟზე, დადგა ის შემაღლებულ ადგილზე და სიტყვით მიმართა ხალხს: «აი, რას ამბობს ჭეშმარიტი ღმერთი: „რატომ არღვევთ იეჰოვას მცნებებს?! არ მოგემართებათ ხელი! რაკი მიატოვეთ იეჰოვა, ისიც მიგატოვებთ!“»+ 21 შეითქვნენ მის წინააღმდეგ+ და ჩაქოლეს ის მეფის ბრძანებით იეჰოვას ტაძრის ეზოში.+ 22 არ გაიხსენა მეფე იეჰოაშმა ის სიკეთე*, რაც იეჰოიადას, ზაქარიას მამას, გაეკეთებინა მისთვის და მოკლა მისი ვაჟი, რომელმაც სიკვდილის წინ თქვა: „დაინახოს იეჰოვამ და შური იძიოს!“+
23 წლის დასაწყისში სირიის ჯარმა იეჰოაშის წინააღმდეგ გაილაშქრა და იუდასა და იერუსალიმში შეიჭრა.+ დახოცეს ხალხის მთავრები,+ მთელი ნადავლი კი დამასკოს მეფეს გაუგზავნეს. 24 მცირეოდენი ხალხით შეიჭრა სირიელთა ჯარი, იეჰოვამ კი დიდძალი ლაშქარი ჩაუგდო მათ ხელში,+ რადგან მიატოვა ხალხმა იეჰოვა, თავიანთი მამა-პაპის ღმერთი. აღასრულეს მათ იეჰოაშისთვის ღვთის მიერ გამოტანილი განაჩენი. 25 გაეცალნენ ისინი და დარჩა იეჰოაში მძიმედ დაჭრილი; შეითქვნენ მისი მსახურები მღვდელ იეჰოიადას ვაჟების*+ სისხლის ასაღებად. წავიდნენ და თავისივე საწოლში მოკლეს მეფე.+ დამარხეს ის დავითის ქალაქში,+ ოღონდ არა მეფეთა სამარხში.+
26 აი მის წინააღმდეგ შეთქმულები:+ ზაბადი, ამონელი ქალის, შიმათის, ვაჟი, და იეჰოზაბადი, მოაბელი ქალის, შიმრითის, ვაჟი. 27 იეჰოაშისთვის გამოცხადებული მრავალი განაჩენის,+ მისი ვაჟებისა და ღვთის ტაძრის+ შეკეთების ამბავი მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. მის შემდეგ მისი ვაჟი ამაცია გამეფდა.