მატიანე — წიგნი მეორე
15 ღვთის სული გადმოვიდა აზარიაზე, ოდედის ძეზე. 2 მივიდა აზარია ასასთან და უთხრა: „მომისმინეთ, ასა, იუდა და ბენიამინ! თუ იეჰოვასთან დარჩებით, ისიც თქვენთან იქნება.+ თუ მას მოძებნით, გაპოვნინებთ თავს,+ მაგრამ, თუ მიატოვებთ, ისიც მიგატოვებთ.+ 3 დიდხანს იყო ისრაელი ღვთის, მღვდლის დამოძღვრისა და კანონის გარეშე.+ 4 ისრაელები გაჭირვებისას უბრუნდებოდნენ იეჰოვას, თავიანთ ღმერთს, ეძებდნენ მას და ისიც აპოვნინებდა ხოლმე თავს.+ 5 დიდი არეულობა იყო იმ მიწის მკვიდრთა შორის იმ დროს და არავის შეეძლო უსაფრთხოდ გადაადგილება. 6 ერი ერს ანადგურებდა და ქალაქი — ქალაქს, რადგან ღმერთმა მათ მრავალი გასაჭირი დაატეხა თავს და თავგზა აუბნია.+ 7 ახლა კი გამბედაობა მოიკრიბეთ და გული არ გაიტეხოთ,+ რადგან თქვენი საქმისამებრ დაჯილდოვდებით!“
8 როგორც კი ასამ ეს სიტყვები და ოდედის წინასწარმეტყველება მოისმინა, გამბედაობა მოიკრიბა და მოსპო საზიზღარი კერპები იუდასა+ და ბენიამინის მიწაზე და ეფრემის მთიანი მხარის დაპყრობილ ქალაქებში. მან აღადგინა იეჰოვას სამსხვერპლოც, იეჰოვას ტაძრის წინკარის წინ რომ იდგა.+ 9 მან შეკრიბა მთელი იუდა და ბენიამინი, აგრეთვე ხიზნები ეფრემიდან, მენაშედან და სიმონიდან,+ რადგან ისრაელიდან მრავალი გადასულიყო მის მხარეზე, როცა დაინახეს, რომ იეჰოვა, მისი ღმერთი, იყო მასთან. 10 ასას მეფობის მე-15 წლის მე-3 თვეს შეიკრიბნენ ისინი იერუსალიმში. 11 ნადავლიდან იმ დღეს 700 მოზვერი და 7 000 ცხვარი შესწირეს მსხვერპლად იეჰოვას. 12 მათ პირობაც დადეს, რომ მთელი სულითა და გულით ემსახურებოდნენ იეჰოვას, თავიანთი მამა-პაპის ღმერთს;+ 13 მაგრამ, თუ ვინმე არ ემსახურებოდა იეჰოვას, ისრაელის ღმერთს, უნდა მომკვდარიყო, კაცი იქნებოდა თუ ქალი, დიდი თუ მცირე.+ 14 დიდი ხმითა და მხიარული შეძახილით შეჰფიცეს იეჰოვას და თან საყვირებს აყვირებდნენ. 15 მთელმა იუდამ გაიხარა დადებული ფიცის გამო, რადგან წრფელი გულით დაიფიცეს; მთელი გულით ეძებდნენ ღმერთს და მანაც აპოვნინა თავი.+ ყოველი მხრიდან მოასვენა ისინი იეჰოვამ მტრებისგან.+
16 მეფე ასამ ბებიამისს, მააქას,+ დედოფლობა ჩამოართვა, რადგან მას საზიზღარი კერპი ჰქონდა გაკეთებული სათაყვანო ბოძისთვის.+ აჩეხა ასამ ეს კერპი და კედრონის ხევში დაწვა.+ 17 სათაყვანო მაღლობები არ გაუქმებულა+ ისრაელში,+ თუმცა ასა ღვთის ერთგული იყო მთელი სიცოცხლე.+ 18 მან ღვთის ტაძარში მიიტანა ოქრო-ვერცხლი და სხვადასხვა ნივთი, რომლებიც მას და მამამისს განეწმინდათ.+ 19 ასას მეფობის 35-ე წლამდე იმ მიწაზე ომი არ ყოფილა.+