მეფეები — წიგნი პირველი
7 სოლომონი სასახლეს 13 წელი იშენებდა;+ ბოლოს ყველა საქმე დაასრულა.+
2 აიშენა ლიბანის ტყის სახლი,+ სიგრძით 100 წყრთა*, სიგანით 50 წყრთა და სიმაღლით 30 წყრთა, და ოთხ რიგად ჩამწკრივებულ კედრის სვეტებზე დადგა; სვეტებზე კედრისავე კოჭები+ იყო გადებული. 3 შენობა სვეტებზე გადებული საყრდენების ზემოთ კედრის ფიცრებით იყო მოპირკეთებული; მათი რიცხვი 45 იყო, თითო რიგში — 15. 4 სარკმლები სამ-სამ რიგად იყო განლაგებული ერთმანეთის პირდაპირ. 5 შესასვლელების წირთხლები ოთხკუთხა იყო. ასეთივე იყო ერთმანეთის პირისპირ სამ რიგად გაკეთებული სარკმლები.
6 სვეტებიანი დარბაზი სიგრძით 50 წყრთა იყო, სიგანით კი — 30 წყრთა; მის წინ იყო გადახურული სვეტებიანი წინკარი.
7 მან აგრეთვე ააშენა სატახტო დარბაზი+ — სასამართლო დარბაზი+ — სადაც ხალხს სამართალს უჩენდა; ის იატაკიდან ჭერამდე კედრის ხით მოაპირკეთა.
8 სასახლე, რომელშიც მას უნდა ეცხოვრა, სხვა ეზოში იდგა,+ სასამართლო დარბაზის უკან. ისიც მსგავსად იყო აშენებული. სოლომონმა სასახლე თავის ცოლს, ფარაონის ასულსაც, აუშენა და ისიც სასამართლო დარბაზის მსგავსად ააგო.+
9 შიგნიდანაც და გარედანაც ყველაფერი ქვის საჭრელით დაჭრილი, ზომაზე გათლილი ძვირად ღირებული ქვებით+ იყო გაკეთებული საძირკვლიდან ჭერამდე და გარეთ დიდ ეზომდე.+ 10 საძირკვლად ძვირად ღირებული 10-წყრთიანი და 8-წყრთიანი ლოდები ედო 11 და ზემოთაც ძვირად ღირებული, ზომაზე გათლილი ქვებითა და კედრით იყო ნაშენები. 12 დიდ ეზოს ირგვლივ სამი წყება თლილი ქვა ჰქონდა შემოვლებული და ერთი წყება კედრის ძელები. ასე იყო გაკეთებული იეჰოვას ტაძრისა და ტაძრის წინკარის+ შიდა ეზოც.+
13 გაგზავნა მეფე სოლომონმა კაცები და მოაყვანინა ტვიროსიდან ხირამი.+ 14 იგი იყო ერთი ნაფთალელი ქვრივი ქალის ვაჟი; მამამისი ტვიროსელი იყო, სპილენძის მჭედელი.+ ხირამი იყო დახელოვნებული და გამოცდილი ხელოსანი, რომელმაც კარგად იცოდა,+ როგორ გაეკეთებინა სპილენძისგან* ნებისმიერი ნაკეთობა. მივიდა ისიც მეფე სოლომონთან და მუშაობას შეუდგა.
15 ჩამოასხა სპილენძის ორი სვეტი,+ თითოეულის სიმაღლე 18 წყრთა იყო; თითოეულ სვეტს გარშემო 12 წყრთა სიგრძის ბაწარი შემოსწვდებოდა.+ 16 სპილენძისგანვე ჩამოასხა ორი ბუღაური სვეტებზე დასადგმელად; ერთი ბუღაურის სიმაღლე 5 წყრთა იყო, ამდენივე იყო მეორე ბუღაურის სიმაღლეც. 17 სვეტებზე დადგმულ ბუღაურებს გრეხილი ჯაჭვის ბადე ჰქონდათ შემოვლებული;+ შვიდი — ერთ ბუღაურს და შვიდი — მეორეს. 18 დაამზადა ბროწეულები და ორ მწკრივად შემოავლო ბადეს სვეტებზე დადგმულ ბუღაურებზე; ერთნაირად გაუკეთა ორივე ბუღაურს. 19 წინკართან სვეტების ბუღაურები 4 წყრთაზე შროშნის ფორმისა იყო. 20 სვეტებს ზემოთ ორივე ბუღაურს განიერ ნაწილთან ბადეზე 200-200 ბროწეული ჰქონდა მწკრივებად შემოვლებული.+
21 აღმართა სვეტები ტაძრის წინკართან+ — ერთი მარჯვნივ და იაქინი* დაარქვა, მეორე მარცხნივ და ბოაზი*+ დაარქვა. 22 სვეტებს შროშნის ფორმის თავები ჰქონდა. ასე დასრულდა სვეტებზე მუშაობა.
23 ჩამოასხა დიდი მრგვალი აუზი*,+ რომელიც კიდიდან კიდემდე 10 წყრთა იყო; სიმაღლით 5 წყრთა იყო და გარშემო 30 წყრთა თოკი შემოსწვდებოდა.+ 24 აუზის კიდის გარშემო გოგრები+ იყო გამოსახული, წყრთაზე — 10; ეს გოგრები აუზთან ერთად იყო ჩამოსხმული ორ მწკრივად. 25 აუზი 12 ხარზე იდგა.+ სამი მათგანი ჩრდილოეთისკენ იყურებოდა, სამი — დასავლეთისკენ, სამი — სამხრეთისკენ და სამიც — აღმოსავლეთისკენ. მათ აუზი ზურგზე ედგათ, ხოლო გავა აუზის შუაგულისკენ ჰქონდათ მიქცეული. 26 აუზის კედელი ხელისგულის სიგანისა* იყო; კიდე თასის კიდესავით ჰქონდა, შროშანს წააგავდა. მასში 2 000 ბათი* წყალი ესხა ხოლმე.
27 გააკეთა სპილენძის 10 საზიდარი.+ თითოეულის სიგრძე 4 წყრთა იყო, სიგანე — 4 წყრთა, სიმაღლე კი — 3 წყრთა. 28 საზიდრები ასეთი იყო: გვერდებზე ჩარჩოებში ჩასმული დაფები ჰქონდა. 29 ჩარჩოებსა და მათში ჩასმულ გვერდით დაფებზე ლომები,+ ხარები და ქერუბიმები+ იყო გამოსახული. ლომებისა და ხარების ზემოთ და ქვემოთ გრეხილი ორნამენტები იყო გამოკვეთილი. 30 თითოეულ საზიდარს ოთხი სპილენძის ბორბალი ჰქონდა სპილენძისავე ღერძებზე. ისინი ოთხივე კუთხეში საყრდენებზე იყო დამაგრებული. აუზი ეყრდნობოდა საყრდენებს, რომლებზეც გრეხილი ორნამენტები იყო გამოსახული; ისინი ერთად იყო ჩამოსხმული. 31 აუზის სიღრმე გვირგვინიდან ძირამდე 1 წყრთა იყო. გვირგვინი საყრდენებთან ერთად ქმნიდა სადგამს, რომელიც წყრთა-ნახევარი იყო; გვირგვინი მოჩუქურთმებული იყო და მისი გვერდითი დაფები ოთხკუთხა იყო და არა მრგვალი. 32 საზიდრის გვერდით დაფებს ქვემოთ ოთხი ბორბალი ჰქონდა და ბორბლები საზიდარზე სამაგრებით იყო მიმაგრებული; თითო ბორბლის სიმაღლე წყრთა-ნახევარი იყო. 33 საზიდრის ბორბლები ეტლის ბორბლების მსგავსად იყო გაკეთებული; მათი სამაგრები, სალტეები, მანები და მორგვები ჩამოსხმული იყო. 34 თითოეულ საზიდარს ოთხივე კუთხეში თითო საყრდენი ჰქონდა. საზიდარი და საყრდენები ერთიანად იყო ჩამოსხმული. 35 ზემოთ საზიდარს ნახევარი წყრთა სიმაღლის გვირგვინი ჰქონდა; საზიდარი გვირგვინის ჩარჩოებთან და გვერდით დაფებთან ერთად იყო ჩამოსხმული. 36 ჩარჩოებსა და გვერდით დაფებზე მან ყველგან ქერუბიმები, ლომები და პალმები ამოკვეთა, გარშემო კი გრეხილი ორნამენტები შემოავლო.+ 37 აი, ასე გააკეთა ათივე საზიდარი;+ ყველა ერთნაირად ჩამოასხა,+ ყველა ერთი ზომისა და ფორმისა იყო.
38 გააკეთა სპილენძის 10 მომცრო აუზი;+ თითო აუზი 40 ბათს იტევდა და 4 წყრთა იყო, ათივე საზიდარზე თითო აუზი იდგა. 39 ხუთი საზიდარი ტაძრის მარჯვნივ დადგა, ხუთიც — ტაძრის მარცხნივ, დიდი აუზი კი — ტაძრის მარჯვნივ, სამხრეთ-აღმოსავლეთით.+
40 გააკეთა ხირამმა+ სხვა მომცრო აუზებიც, ჯამებიც+ და ნიჩბებიც.+
დაასრულა ხირამმა იეჰოვას ტაძრის სამუშაოები, მეფე სოლომონს რომ ჰქონდა დავალებული მისთვის.+ აი, რა გააკეთა მან: 41 ორი სვეტი+ და ორი თასისებური ბუღაური, ორი ბადე+ სვეტების ორი თასისებური ბუღაურისთვის, 42 400 ბროწეული+ ორი ბადისთვის, ორი მწკრივი თითოეული ბადისთვის, სვეტების თასისებურ ბუღაურებზე შემოსავლებად; 43 10 საზიდარი+ და ზედ 10 აუზი,+ 44 დიდი აუზი+ და მის ქვეშ 12 ხარი, 45 ქვაბები, ნიჩბები, ჯამები და ყველა სხვა ნივთი. მბზინვარე სპილენძისგან გაუკეთა ისინი ხირამმა მეფე სოლომონს იეჰოვას ტაძრისთვის. 46 მეფემ ისინი იორდანის მხარეში სუქოთსა და ცარეთანს შორის ჩამოასხა თიხის ყალიბებში.
47 არ აუწონია სოლომონს არაფერი, რაც გაკეთდა, რადგან მეტისმეტად ბევრი იყო. აუწონელი იყო სპილენძი.+ 48 აი ეს ნივთები დაამზადა სოლომონმა იეჰოვას ტაძრისთვის: ოქროს სამსხვერპლო,+ ოქროს მაგიდა+ წარსადგენი პურის დასაწყობად, 49 ხალასი ოქროს სალამპრეები,+ რომელთაგან ხუთი მარჯვნივ იდგა და ხუთიც — მარცხნივ შიდა ოთახის წინ, აგრეთვე ოქროს+ ყვავილები,+ ლამპრები და მაშები, 50 ხალასი ოქროს ქვაბები, პატრუქის საქრობები,+ ჯამები, თასები,+ საცეცხლურები,+ ოქროს ანჯამები შიდა ოთახის+ ანუ წმინდათაწმინდის კარებისთვის და ტაძრის დარბაზის კარებისთვის.+
51 ასე დაასრულა მეფე სოლომონმა იეჰოვას ტაძრის ყველა სამუშაო. მან ტაძარში მიიტანა მამამისის, დავითის მიერ განწმენდილი ნივთები;+ იეჰოვას ტაძრის საგანძურში დააწყო ოქრო-ვერცხლი და სხვა ნივთები.+