მატიანე — წიგნი მეორე
33 მენაშე+ 12 წლის გამეფდა და 55 წელი იმეფა იერუსალიმში.+
2 ის ბოროტებას იქმოდა იეჰოვას თვალში და იმ ხალხთა საზიზღარ საქმეებს სჩადიოდა, იეჰოვამ რომ ჩამოაცილა ისრაელებს.+ 3 მან აღადგინა მამამისის, ხიზკიას მიერ განადგურებული სათაყვანო მაღლობები,+ სამსხვერპლოები აუგო ბაალის კერპებს და აღმართა სათაყვანო ბოძები. მენაშე პირქვე ემხობოდა ციური ლაშქრის წინაშე და ემსახურებოდა მას.+ 4 მან სამსხვერპლოები ააგო იეჰოვას ტაძარში,+ რომელზეც იეჰოვას ნათქვამი ჰქონდა, სამარადისოდ დავავანებო ჩემს სახელს იერუსალიმში.+ 5 მან ციურ ლაშქარს აუგო სამსხვერპლოები იეჰოვას ტაძრის ორივე ეზოში.+ 6 ცეცხლში დაწვა თავისი ვაჟები+ ჰინომის ძის ველზე,+ ჯადოქრობდა,+ მარჩიელობდა, გაიჩინა სულების გამომძახებლები და მკითხავები.+ დიდ ბოროტებას სჩადიოდა ის იეჰოვას თვალში და შეურაცხყოფდა მას.
7 მან თავისი გაკეთებული ქანდაკება დადგა ჭეშმარიტი ღვთის ტაძარში,+ რომელზეც ღმერთს ნათქვამი ჰქონდა დავითისა და მისი ვაჟისთვის, სოლომონისთვის: „ამ ტაძარში და იერუსალიმში, რომელიც ისრაელის ტომთა სამკვიდროებს შორის ამოვარჩიე, სამარადისოდ დავავანებ ჩემს სახელს.+ 8 აღარ ავყრი ისრაელს იმ მიწიდან, მათ მამა-პაპას რომ მივეცი სამკვიდროდ, თუკი გულდასმით დაიცავენ ყველაფერს — მოსეს ხელით გადაცემულ კანონს, წესებსა და სამართალს“. 9 შეცდომაში შეჰყავდა მენაშეს იუდასა და იერუსალიმის მკვიდრნი და იმ ერებზე უარესად იქცეოდნენ ისინი, მათ თვალწინ რომ მოსპო იეჰოვამ.+
10 ელაპარაკებოდა იეჰოვა მენაშესა და მის ხალხს, მაგრამ ისინი ყურს არ უგდებდნენ მას.+ 11 იეჰოვამ მათ წინააღმდეგ ასურეთის მეფის ჯარის მეთაურები გამოიყვანა. შეიპყრეს მენაშე კავებით*, სპილენძის ბორკილები დაადეს და ბაბილონში წაიყვანეს. 12 გაჭირვებაში მყოფმა წყალობა სთხოვა იეჰოვას, თავის ღმერთს, და დიდად დაიმდაბლა თავი თავისი მამა-პაპის ღვთის წინაშე. 13 ლოცვით მიმართავდა ღმერთს; გული მოულბო თავისი ხვეწნით, ღმერთმაც შეისმინა მისი ვედრება და დაუბრუნა მეფობა იერუსალიმში.+ მიხვდა მენაშე, რომ იეჰოვაა ჭეშმარიტი ღმერთი.+
14 ამის შემდეგ მენაშემ გარეთა გალავანი აუშენა დავითის ქალაქს+ გიხონის დასავლეთით,+ ხევში; გალავანი გრძელდებოდა თევზის კარიბჭემდე+ და გარს უვლიდა ოფელს.+ ის ძალიან მაღალი იყო. მეფემ ჯარის მეთაურები დანიშნა იუდას გამაგრებულ ქალაქებში. 15 მოაშორა უცხოტომელთა ღმერთების კერპები, აგრეთვე ქანდაკება იეჰოვას ტაძრიდან,+ და სამსხვერპლოები, რომლებიც იეჰოვას ტაძრის მთაზე+ და იერუსალიმში ჰქონდა აგებული, და ქალაქის გარეთ გადაყარა. 16 შეაკეთა იეჰოვას სამსხვერპლო,+ დაიწყო მასზე სამშვიდობო+ და სამადლობელი მსხვერპლის+ შეწირვა და უბრძანა იუდას მკვიდრთ, რომ იეჰოვასთვის, ისრაელის ღვთისთვის, ემსახურათ. 17 თუმცა ხალხი მაინც სათაყვანო მაღლობებზე სწირავდა მსხვერპლს, ოღონდ იეჰოვას, თავიანთ ღმერთს.
18 მენაშეს დანარჩენი საქმეები, თავისი ღვთის მიმართ აღვლენილი მისი ლოცვა და იმ წინასწარმხილველთა სიტყვები, რომლებიც იეჰოვას, ისრაელის ღვთის, სახელით ელაპარაკებოდნენ მას, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. 19 მისი ლოცვისა+ და იმის შესახებ, თუ როგორ იქნა შესმენილი მისი ვედრება, აგრეთვე ამბებს მის ცოდვებსა და ორგულობაზე+ და იმ ადგილთა თაობაზე, სადაც თავის დამდაბლებამდე სათაყვანო მაღლობები მოაწყო და სათაყვანო ბოძები+ და ქანდაკებები დადგა, მის წინასწარმხილველთა ჩანაწერებში ვკითხულობთ. 20 ბოლოს განისვენა მენაშემ თავისი მამა-პაპის გვერდით; დამარხეს ის თავის სასახლესთან. მის შემდეგ მისი ვაჟი ამონი გამეფდა.+
21 ამონი+ 22 წლის გამეფდა და 2 წელი იმეფა იერუსალიმში.+ 22 ბოროტებას სჩადიოდა ის იეჰოვას თვალში მამამისის, მენაშეს მსგავსად;+ მსხვერპლს სწირავდა მამამისის, მენაშეს მიერ გაკეთებულ ქანდაკებებს+ და ემსახურებოდა მათ. 23 მამამის მენაშესგან განსხვავებით ამონს თავი არ დაუმდაბლებია იეჰოვას წინაშე;+ დანაშაულს დანაშაულზე სჩადიოდა. 24 ბოლოს შეითქვნენ მისი მსახურები+ და თავისივე სასახლეში მოკლეს ის. 25 დახოცა ხალხმა მეფე ამონის+ წინააღმდეგ შეთქმულები და მის ნაცვლად მისი ვაჟი იოშია+ გაამეფა.